15:38 ადამიანის განვითარების 8 ეტაპი ერიკსონის მიხედვით |
ადამიანის განვითარების 8 ეტაპი ერიკსონის მიხედვით Erik Erikson გახლდათ ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც ადამიანის განვითარების ეტაპების შესახებ ძალიან საინტერესო თეორია შემოგვთავაზა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ხშირია კრიზისული სიტუაციები, რომლებიც როგორც წესი ნეგატიურად აღიქმებიან. ერიკსენის აზრით კი კრიზისები აუცილებელ პროცესებს წარმოადგენენ, რომლებიც ადამიანის ევოლუციას და განვითარებას განაპირობებენ. კრიზისული სიტუაციები საშუალებას გვაძლევენ შევიცვალოთ, გავიზარდოთ და გავიგოთ უფრო მეტი საკუთარი თავის შესახებ. მაშ ასე წარმოგიდგენთ შემდეგ ეტაპებს: 1. ნდობისა და უნდობლობის ეტაპი (0-1 წ.) პირველი რაც ახალშობილს უყალიბდება, არის დამოკიდებულება დედის მიმართ. ამ უკანასკნელის წყალობით ჩვილი იკმაყოფილებს თავის ბაზისურ მოთხოვნილებებს, უვითარდება ნდობა. გრძნობების განვითარებასთან ერთად იწყებენ პატარები სამყაროს აღქმას. ამ მხრივ პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენი გახლავთ შიშების დაძლევა და უშიშრად ყოფნა, როდესაც დედა ახლოს არ არის. ამ ეტაპზე პატარებმა უნდა დაძლიონ ეს შიში, ფიქრი იმაზე რომ დედა მიატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობა მათ დარჩენილი ცხოვრება სკეპტიციზმითა და უნდობლობით იყოს სავსე. 2 დამოუკიდებლობა და სირცხვილი (1-3 წ.) ბავშვს ნელ-ნელა უვითარდება უნარები, რომლის მეშვეობითაც მას ერთი ადგილიდან მეორესაკენ შეუძლია ,,დამოუკიდებლად" გადაადგილება. ისინი ჩამორჩებიან მშობელს სიარულში, ანდაც ტირიან გაუთავებლად, ეს ხდება მაშინ როდესაც მათ რაიმეს მიღება სურთ. ავითარებენ ერთგვარ სტრატეგიებს. უყალიბდებათ გარკვეულწილად დამოუკიდებლობის შეგრძნება. ამ ეტაპზე სირცხვილი გამოიხატება იმით, რომ ბავშვები ცდილობენ დამალვას, ჭირვეულობენ და იქცევიან თეატრალურად. ეს ემოციების გამოხატვის ერთგვარი საშუალებებია, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ ბავშვში ,,აუტონომიური პროცესების" განვითარებას. 3. ინიციატივა და დანაშაულის შეგრძნება (3-6 წ.) თუკი რამის გამოყოფა შეიძლება ამ ეტაპზე, ეს არის ინიციატივა, რომელსაც ბავშვი იჩენს. ეს მომენტი განსაკუთრებით თვალშისაცემია თამაშის დროს. ბავშვები ითვისებენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის როლებს და ცდილობენ გაიგონ თუ როგორია ეს, შეიგრძნონ ის ,,შიგნიდან". ეს ჭირდება ბავშვს რათა მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, მოირგოს ესა თუ ის როლი (ალბათ ყველას გითამაშიათ სახლობანა ან ომობანა). ამ ეტაპზე შესაძლოა თავი კონკურენციის უნარმა და ერთგვარმა შურმაც იჩინონ. ეს ის მომენტებია, როდესაც ბავშვს უნდა რომ ისე ეპყრობოდნენ, როგორც განსაკუთრებულს ან გამორჩეულს. ის უარყოფს ყველა იმ წუთს და მომენტს, როდესაც ეს ასე არ ხდება და მაგალითად დედა ან მამა ,,სხვას აქცევენ ყურადღებას". მსგავსმა სიტუაციებმა შესაძლოა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ბავშვში დაისადგუროს მოჭარბებულმა შიშმა და დანაშაულის შეგრძნებამაც კი. 4. აღიარება და უსუსურობის შეგრძნება (6 წ. - მომწიფების ასაკი) ბავშვი იწყებს სწავლას! არ აქვს მნიშვნელობა მოსწონს მას თუ არ მოსწონს სკოლა, ფაქტი ერთია, რომ მან უნდა იაროს ყოველდღე დაწესებულებაში სადაც სისტემატიურად შეაფასებენ დადებითად ან უარყოფითად იმის გამო რასაც იქ გააკეთებს. ბავშვი აღმოჩნდება იმ პოზიციაში, როდესაც შეუძლია გაიღრმავოს ცოდნა მისთვის აქამდე უცნობი მიმართულებებით და გახდეს პროდუქტიული. ამ შემთხვევაში არის ალბათობა, რომ ბავშვი რაღაც დოზით დინებას ჩამორჩეს, ვერ გაიაროს დროული ადაფტაცია და არ მიიღოს საკმარისი დოზით ,,აღიარება". ეს ყოველივე დიდი ალბათობით იწვევს უსუსურობის შეგრძნებას და კიდევ უფრო უკან ხევს ბავშვს. ეს იმისთვის, რათა გავიაზროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში. 5. იდენტობა (ე.წ. ჭაბუკობა) ამ ფაზას ახასიათებს ყველასა და ყველაფერში ეჭვის შეტანა, რაშიც გარკვეული როლი ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს / ცვლილებებსაც მიუძღვით. ახალგაზრდები ანიჭებენ მეტ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას, ფიქრობენ უფრო და უფრო მეტს იმაზე თუ რა გააკეთეს აქამდე და რის გაკეთებას აპირებენ ახლო მომავალში. ადვილად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ, ცდილობენ გაერკვნენ საკუთარ იდენტობაში. ამ ფაზაში პრობლემების არსებობის შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალში ადამიანების შეექმნათ პრობლემა საკუთარი იდენტობის განსაზღვრაში. მარტივად რომ ავხსნათ, ამ ადამიანებს მომავალში გაუჭირდებათ საკუთარი თავის პოვნა და მუდმივად ეცდებიან მოირგონ ესა თუ ის როლი. 6. ინტიმურობა და იზოლაცია ეს ფაზა წარმოადგენს ერთგვარად ბოლო ეტაპს მცდელობისა გავხდეთ ზრდასრულები. ამ ეტაპზე ვიწყებთ პასუხისმგებლობების აღებას იქნება ეს კარიერული თუ ემოციური კუთხით, ვიღებთ მსხვერპლს საჭიროების შემთხვევაში. ამ დროს ხდება ისეთი კონცეფციების გამყარება, როგორიც ოჯახი, კარიერა და მეგობრობაა. თუ ამ დროს ჩვენში შიშმა და გაუბედავობამ იჭარბა, მაშინ დიდია ალბათობა მომავალში სხვადასხვა ფორმით იზოლაციის. 7. მსოფლმედველობა და ზოგადსაკაცობრიო მოვალეობა ან სტაგნაცია ეს ეტაპი რათქმაუნდა ინდივიდუალურია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, თუმცა პრინციპი ერთია, ინდივიდი იწყებს ფიქრს მომავალ თაობებზე, ოჯახისა და შთამომავლობის შექმნაზე. ეს კიდევ ერთი ლოგიკური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა მაშინ დიდია ალბათობა დადგეს სტაგნაცია გამძაფრებული სხვადასხვა ნეგატიური ემოციებით, ეგზისტენციალური კრიზისები, შეგრძნება თითქოსდა არანაირი ზეგავლენა არ გაქვს მომავალზე. 8. ინტეგრაცია და ეჭვის გაჩენა ცხოვრების ბოლო ეტაპი შესაძლოა აბსოლიტურად მშვიდი და წყნარი ან პირიქით შიშებითა და ეჭვებით სავსე აღმოჩნდეს. ეს ყოველივე იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ გაიარეთ წინა ეტაპები. ცხოვრების ბოლო ეტაპზე ანუ ხანდაზმულ ასაკში ადამიანს უკვე უნდა შესწევდეს უნარი შეაჯამოს ინდივიდუალურად საკუთარი ცხოვრება, რომელშიც სამყარო როგორც სუბიექტურად ასევე ობიექტურად მიღებული და აღქმული იქნება. წინა ეტაპების წარმატებულად გავლის შემთხვევაში ადამიანს ეუფლება სიმშვიდის შეგრძნება, ის საბოლოოდ თავისუფლდება შიშებისა და ეჭვებისაგან. რათქმაუნდა ასეთი გამოსავალი არც თუ ისე ხშირია, რადგან ადამიანის ცხოვრებაში ხშირია უპატიებელი შეცდომებები როგორც აღზრდის პროცესში ასევე დამოუკიდებელი და რაციონალურ ცხოვრების ეტაპებზე. შიშები, გადაუმუშავებელი ,,ტრამვები", არადიფერენცირებული ემოციები, მიჩქმალული შინაგანი კონფლიქტები - ეს და სხვა მრავალი ასპექტი, რომელიც გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ აბსოლუტურად შეუქცევად პროცესებში იზრდება. ალბერტ შვაიცერის ციტატას მოვიშველიებ: ,, 20 წლის ასაკში გვაქვს ის სახე, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, 40 წლის ასაკში _ რომელიც ცხოვრებამ მოგვცა, 60 წლის ასაკში კი რომელიც დავიმსახურეთ". ილიას ტერსენიდისი ექიმი / ფსიქიატრი ფსიქოსომატიკის სპეციალისტი |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |