12:55
აღდგომის კუნძული

აღდგომის კუნძული, იგივე რაპანუი (ესპ. Isla de Pascua, ადგილ. Rapa Nui) — ვულკანური წარმოშობის კუნძული წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. 1888 წლიდან ეკუთვნის ჩილეს. ფართობი 165,5 კმ². უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 539 მეტრი. ბევრია ჩამქრალი ვულკანი. ჰავა ნოტიო-ტროპიკული, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 1300 მმ-ია. ბუნებრივი მცენარეულობა — ბუჩქნარი და ბალახი.

აღდგომის კუნძული ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებითა და იეროგლიფური დამწერლობით. ამ კულტურის ნაშთებს სწავლობდნენ ინგლისური (1914-1915), ფრანგული, ბელგიური (1934-1935) ექსპედიციები. 1955-1956 წლებში გათხრებს აწარმოებდა ნორვეგიულ-ამერიკული ექსპედიცია თურ ჰეიერდალის ხელმძღვანელობით. აღდგომის კუნძულის დასახლების ისტორია სავსებით ნათელი არაა.

აღდგომის კუნძული მსოფლიოში ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად მიიჩნევა.

კუნძულზე შექმნილი რაპა-ნუის ეროვნული პარკი 1983 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

საიდან მომდინარეობს სახელი აღდგომის კუნძული

სახელი „აღდგომის კუნძული“ კუნძულს ოფიციალურად პირველმა ევროპელმა მნახველმა, ჰოლანდიელმამკვლევარმა იაკობ როგევენმა უწოდა, რომელიც მას შემთხვევით წააწყდა 1722 წლის აღდგომა დღეს, როდესაც ის დეივისის კუნძულებს ეძებდა. როგევენმა მას პააშ-ეილანდი უწოდა (XVIII საუკუნის ჰოლანდიურ ენაზე „აღდგომის კუნძული“). იგივეს ნიშნავს კუნძულის ოფიციალური ესპანური სახელწოდება ისლა-დე-პასკუა (Isla de Pascua).

ამჟამინდელი პოლინეზიური სახელი რაპანუი კუნძულს 1860-იან წლებში ეწოდა და მომდინარეობს მისი ტოპოგრაფიული მსგავსებიდან ტუბუაის კუნძულთა ჯგუფის ბასის კუნძულებში მდებარე კუნძულ რაპა-იტისთან.მიუხედავად ამისა, თურ ჰეიერდალი ამტკიცებდა, რომ რაპა კუნძულის თავდაპირველი სახელია, ხოლო რაპა-იტის ეს სახელი სწორედ ამ კუნძულიდან გაქცეულებმა უწოდეს.

მრავლადაა ვერსიები კუნძულის „თავდაპირველი“ პოლინეზიური სახელის შესახებ. მათ შორისაა სახელი ტე-პიტი-ო-ტე-ჰენუა, რაც „ხმელეთის ჭიპს“ ან „ხმელეთის დასასრულს“ ნიშნავს. პიტო ნიშნავს როგორც ჭიპს, ისე ჭიპლარს, რაც მიიჩნეოდა არსებული სამყაროსა და სულების სამყარო პოს დამაკავშირებლად, რომელიც გადაჭიმული იყოოკეანის სიღრმეში, შორეულ აღმოსავლეთით. ვინაიდან აღდგომის კუნძული პოლინეზიის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია, შესაძლოა ეს სახელი ამასაც უკავშირდებოდეს, რადგან ის მდებარეობს დანარჩენი მსოფლიოს „დასასრულს“. როდესაც კუნძულის სახელი ალფონს პინარმა თავის 1877 წელს გამოქვეყნებულ წიგნში მოგზაურობა აღდგომის კუნძულზე (ფრანგ. Voyage à l'Île de Pâques) თარგმნა როგორც „ხმელეთის ჭიპი“, მისი მეორე მნიშვნელობა მთლად დაიკარგა. ზოგიერთი ზეპირი გადმოცემის თანახმად, კუნძულს პირველად ტე-პიტო-ო-ტე-კაინგა-ა-ჰაუ-მაკა ანუ „ჰაუ მაკას მიწის პატარა ნაგლეჯი“ ერქვა. სხვა სახელი მატა-კი-ტე-რანგი კი „ცისკენ მომზირალ თვალებს“ ნიშნავს.

მდებარეობა და ფიზიკური გეოგრაფია

აღდგომის კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული დასახლებული კუნძულია. მისი უახლოესი დასახლებული მეზობელია პიტკერნის კუნძულები, რომლებიც მისგან 2 075 კმ დასავლეთით მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი მხოლოდ 100 ადამიანია. აღდგომის კუნძული ჩილეს ქალაქ კალდერას განედზე მდებარეობს და კონტინენტური ჩილეს უახლოეს წერტილიდან დაშორებულია 3 510 კმ-ით. მისგან ყველაზე ახლოს, 415 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს კუნძული სალა-ი-გომესი, რომელიც დაუსახლებელია.

კუნძულის მაქსიმალური სიგრძე 24,6 კმ-ია, სიგანე 12,3 კმ. გააჩნია სამკუთხედის ფორმა. საერთო ფართობი 163,6 კმ²-ია, უმაღლესი წერტილი კი ზღვის დონიდან 507 მეტრზე მდებარეობს. კუნძულზე არსებობს სამი რანო (კრატერის მტკნარი ტბები) — რანო-კაუ, რანო-რარაკუ და რანო-აროი, მაგრამ არაა არც ერთი მუდმივი ნაკადული ან მდინარე.

კლიმატი და ამინდი
აღდგომის კუნძულის კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება ივლისსა და აგვისტოში (18 °C - 64 °F) და ყველაზე მაღალი თებერვალში (მაქსიმალური 28 °C - 82 °F), სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხულში. ზამთარი შედარებით რბილია. ნალექების წლიური ჩამონადენის თვალსაზრისით, ყველაზე წვიმიანი თვეა აპრილი. კუნძულის იზოლირებული მდებარეობა განაპირობებს ქარებს, რომლებიც თავის მხრივ, დაბალ ტემპერატურას განაპირობებენ. ხანდახან, კუნძულს უტევენ კოკისპირული წვიმები და წვიმის შტორმები. ეს ძირითადად ზამთრის თვეებში ხდება (ივნისი-აგვისტო). იმის გამო, რომ იგი მდებარეობს სამხრეთ წყნარი ოკეანის სუბტროპიკული ანტიციკლონის კიდეზე და ეკვატორული კონვერგენციული ზონის მიღმა, კუნძულის გარშემო არ შეიმჩნევა ციკლონები და ტროპიკული ციკლონები.

გეოლოგია
 

აღდგომის კუნძული ვულკანური წარმოშობის მაღალი კუნძულია. ძირითადად შედგება სამი ჩამქრალი შეერთებული ვულკანისგან, მათ შორის ძირითადიატერევაკა (სიმაღლე 507 მ). დანარჩენი ორი ვულკანია პოიკე და რანო-კაუ აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში, რომლებიც კუნძულს სამკუთხედის ფორმას აძლევენ. შედარებით პატარა კონუსები და ვულკანური წარმონაქმნები მოიცავს რანო-რარაკუს კრატერს, წიდის კონუს პუნა-პუნას და სხვა მრავალ ვულკანურმღვიმეს, რომლებიც მოიცავენ ლავის მილებს. წარსულში პოიკე არსებობდა როგორც ცალკე კუნძული, სანამ ტერევაკას ვულკანური მასა მას უფრო დიდ კუნძულთან გააერთიანებდა. კუნძულზე დომინირებს ჰავაიიტეს და ბაზალტური ნაკადები, რომლებიც მდიდარია რკინით და ამჟღავნებენ მსგავსებასგალაპაგოსის კუნძულებზე არსებულ მაგმურ კლდეებთან.

აღდგომის კუნძული გარშემორტყმულია ისეთი პატარა კუნძულებით, როგორებიცაა მოტუ-ნუი და მოტუ-იტი, რომლებიც ოკეანის ფსკერიდან 2 000 მ სიმაღლეზე არიან აზიდულები და დიდ ვულკანურ მთის მწვერვალებს წარმოადგენენ. მთა სალა-ი-გომესის მთაგრეხილის (ძირითადად წყალქვეშა) ნაწილია, მთის მასივის, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს წყალქვეშა მთებს. მასივი გადაჭიმულია 2 700 კმ-ზე აღმოსავლეთის მიმართულებით, ნასკას მთაგრეხილამდე და მას მიეკუთვნება კუნძულის დასავლეთით მდებარე წყალქვეშა მწვერვალები პუკაო და მოაი. მთაგრეხილი ჩამოყალიბდა ნასკას ფილისაღმოსავლეთ ცხელ წერტილთან მოწყვეტის შედეგად. ნასკას გადაადგილებამ და ფარალონის ფილის ჩამოყალიბებამ გრძელი წყალქვეშა მთაგრეხილი შექმნა. პუკაო, მოაი და აღდგომის კუნძული 750 000 წლის წინ შეიქმნენ და მთაგრეხილის ყველაზე ახალგაზრდა კუნძულებს წარმოადგენენ. ბოლო ამოფრქვევა დაფიქსირებულია 100 000 წლის წინ.

XX საუკუნის პირველ ნახევარში, რანო-კაუს კრატერის კედლებიდან შეიმჩნეოდა ორთქლის გამოდინება, რაც კუნძულის მმართველმა ფოტოკამერაზე დააფიქსირა. გეოლოგების თანახმად, ბოლო ვულკანური აქტივობა აღდგომის კუნძულზე 10 000 წლის წინ შეიმჩნეოდა.

კუნძულის ისტორია 
აღდგომის კუნძულის ისტორია ძალზე მდიდარი, მაგრამ საკამათოა. მისმა მოსახლეობამ გაუძლო შიმშილობებს, ეპიდემიებს, სამოქალაქო ომს, მონათვაჭრობას, კოლონიალიზმს და დეფორესტაციას. მიუხედავად ამისა, ერთ დღესაც, იგი დაკნინდა. კუნძულელებს მათმა კულტურულმა მემკვიდრეობამ სახელი ქვეყნად გაუთქვა, მიუხედავად ამ მემკვიდრეოპის რაოდენობისა და ხარისხის არაპროპორციულობისა ამ ხალხის რაოდენობასთან.


აჰუ-ტონგარიკი რანო-რარაკუს სიახლოვეს. 1990-იან წლებში აღმოჩენილი და აღდგენილი მოაის 15 ქანდაკება
კუნძულის თავდაპირველი დასახლებები სავარაუდოდ ახ. წ. 300-1200 წლებით თარიღდება, რაც დაახლოებით ემთხვევა პირველი მოსახლეების გამოჩენას ჰავაიზე. რადიუმ-ნახშირბადის მეთოდით დათარიღებამ შეცვალა პოლინეზიის ადრეული დასახლებების თარიღების მანამდე არსებული თითქმის ყველა პოსტულატი. ამჟამად მიჩნეულია, რომ აღდგომის კუნძული დასახლდა ახ. წ. დაახლოებით 700-1100 წლებში. მიუხედავად ამისა, არქეოლოგების — ტერი ჰანტისა და კარლ ლიპოს მიმდინარე გამოკვლევები გვთავაზობენ ოდნავ გვიან თარიღს: „ანაკენას ადრეული სტრატიგრაფიული შრეების რადიუმ-ნახშირბადის მეთოდით დათარიღებისას მიღებული მონაცემები და უფრო ადრეული რადიუმ-ნახშირბადის თარიღები მიუთითებს, რომ კუნძულის კოლონზაცია მოხდა მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. 1200 წელს. მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ბიძგები და მთავარი კულტურული ღონისძიებები რაც მონუმენტურ არქიტექტურასა და სტატუეტებში აისახა, დაიწყო პირველი დასახლებიდან სულ მოკლე ხანში.“

ზეპირი გადმოცემის თანახმად, პირველი დასახლება იყო ანაკენა. როგორც ჯარედ დაიმონდი შენიშნავს, კალეტა-ანაკენას ტერიტორია წარმოადგენდა საუკეთესო თავშესაფარს გაბატონებული მაღლობებისგან, ისევე როგორც მისი ქვიშიანი სანაპიროები კანოეების გადასხმისა და ზღვაში გაშვებისთვის, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ადგილზე მოხდა პირველი დასახლების დაარსება. მიუხედავად ამისა, ეს ჰიპოთეზა წინააღმდერგობაში მოდის რადიოკარბონულ დათარიღებასთან, რომლის მიხედვითაც, ბევრი წლებით ადრე დასახლებები არსებობდა სხვა ადგილებში, განსაკუთრებით ტაჰაიში, რომლის რადიოკარბონული თარიღებიც ანაკენას რამდენიმე საუკუნით უსწრებს.

ყველაზე უფრო შესაძლო ვერსიით, კუნძული პოლინეზიელებით იქნა დასახლებული, რომლებიც კანოეებით ან კატამარნებით მოვიდნენ 3 200 კმ-ით დაშორებული მარკიზის კუნძულებიდან ან 2 600 კმ-ით დაშორებული გამბიეს კუნძულებიდან (კუნძული მანგარევა). როდესაც კუნძულს ჯეიმზ კუკი ესტუმრა, მისი ეკიპაჟის ერთ-ერთმა პოლინეზიელმა წევრმა კუნძულ ბორა-ბორადან, ადგილობრივებთან კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რადგან მათი ენა მისთვის გასაგები აღმოჩნდა. რაპანუის ენა საოცრად ახლოს იყო მანგარევანულ ენასთან, მისი ლექსიკის 80% ამ ენის მსგავსია. 1999 წელს, პოლინეზიელთა ნავების რეკონსტრუქციებით განახორციელეს მოგზაურობა, რის შედეგადაც აღდგომის კუნძულამდე 19 დღეში მიაღწიეს.

ზეპირი გადმოცემების თანახმად, რომლებიც 1860-იან წლებში მისიონერებმა ჩაიწერეს, კუნძულს თავდაპირველად ძლიერი კლასობრივი სისტემა ჰქონდა. უმაღლესი მმართველი არიკი ფლობდა უზარმაზარ ძალაუფლებას დანარჩენ ცხრა კლანსა და მათ მმართველებზე. უმაღლესი მმართველი კუნძულის ლეგენდარული დამფუძნებლის — ჰოტუ მატუას პირდაპირი შთამომავალი იყო. კულტურის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი იყო სტატუეტების მასივების — მოაის წარმოება, რომლებიც გაღმერთებულ წინაპრებს წარმოადგენდნენ. სჯეროდათ, რომ ცოცხლებს ჰქონდათ სიმბიოზური ურთიერთობა მკვდრებთან, სადაც მკვდრები უზრუნველყოფდნენ ყველაფერს, რაც კი ცოცხლებს სჭირდებოდათ (ჯანმრთელობა, მიწისა და ცხოველთა ნაყოფიერება, იღბალი და ა. შ.). ამიტომ, ცოცხლები ქვაში უკვდავყოფდნენ გარდაცვლილებს, რაც სულთა სამყაროში მათ უკეთეს ადგილას დამკვიდრებას უზრუნველყოფდა. ვინაიდან დასახლებები სანაპიროზე იყო განლაგებული, მოაის ქანდაკებები სანაპირო ხაზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული ისე, რომ დასახლებასა და თავიანთ შთამომავლობას გაჰყურებდნენ, ზურგი კი ზღვისკენ, სულთა სამყაროსკენ ჰქონდათ მიქცეული.

ჯარედ დაიმონდის მოსაზრებით, მოაის მშენებლობების შემდეგ აღდგომის კუნძულზე ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს, რაც გამოწვეული იყო ბუნებრივი გარემოს დეგრადაციითა და უკიდურესი დეფორესტაციით, რამაც არსებული ეკოსისტემის სრული დესტაბილიზაცია მოახდინა. ბარბარა ვესტი წერს: „აღდგომის კუნძულზე ევროპელთა მოსვლამდე გარკვეული ხნით ადრე, რაპანუიმ განიცადა სოციალური სისტემის საშინელი ძვრა, რაც გამოწვეული იყო კუნძულის ეკოლოგიის შეცვლით... 1722 წელს ევროპელთა მოსვლისას, კუნძულის მოსახლეობა შემცირებული იყო 2 000-3 000-მდე, მაშინ როცა წინა საუკუნეში მოსახლეობის რიცხვი 15 000-ს აღწევდა.“

როგორც კი კუნძული ჭარბად დასახლებული აღმოჩნდა და რესურსები შემცირდა, მეომრებმა, რომლებიც მატატოას სახელით არაინ ცნობილნი, ხელში ჩაიგდეს კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება და ამ დროს დასრულდა წინაპართა კულტი, რომელიც ადამიანი-ფრინველის კულტმა ჩაანაცვლა. ბევრელი ჰუანი წერს: „მანას (ძალაუფლების) ცნება, რომელიც დამყარებული იყო მემკვიდრეობით ლიდერებზე, გადავიდა ადამიანი-ფრინველის პერსონის ხელში, რაც დაახლოებით 1540 წელს მოხდა და გრძელდებოდა მოაის პერიოდის ფინალურ ეტაპამდე.“ როგორც ეს კულტი აწესებდა, მიცვალებულ წინაპრებთან კავშირის დასამყარებლად საჭირო არ იყო გრძელი სტატუეტები. ამის შემდეგ, ადამიანებმა შეჯიბრი დაიწყეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღმერთმა მაკემაკემ, რომელსაც ადამიანთა შექმნა მიეწერებოდა. კეტრინ რუტლედჯი, რომელიც 1919 წლის თავისი ექსპედიციის განმავლობაში სისტემატიურად აგროვებდა კუნძულის ტრადიციებს, აღნიშნავს, რომ ადამიანი-ფრინველისადმი (რაპანუის ენაზე tangata manu) მიძღვნილი შეჯიბრებები დაიწყო დაახლოებით 1760 წლისთვის, ევროპელთა გამოჩენის შემდეგ და შეწყდა 1878 წელს, როდესაც კათოლიკე მისიონერებმა, რომლებიც კუნძულზე 1864 წელს გამოჩნდნენ, პირველი ეკლესია ააშენეს. პეტროგლიფები, რომლებიც აღდგომის კუნძულზე ადამიან-ფრინველს განასახიერებენ, აბსოლუტურად მსგავსია ჰავაიზე არსებული ზოგიერთი პეტროგლიფისა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი ცნება კუნძულის თავდაპირველმა მოსახლეებმა მოიტანეს.

ჰანტისა და ლიპოს დოკუმენტაცია, რომელიც გამოცემა Science-ში დაიბეჭდა, გვთავაზობს, რომ დაიმონდის თეზისს არ ადასტურებს არქეოლოგიური მტკიცებულებები. ჰანტმა და ლიპომ კუნძულზე ვერ აღმოაჩინეს 1 200 წლამდელი დეფორესტაციის ან ადამიანთა ცხოვრების ვერანაირი კვალი. სანაცვლოდ, ისინი გვთავაზობენ მოსაზრებას, რომ კუნძულის საზოგადოების კოლაფსის მთავარი მიზეზი გახდა პოლინეზიური ვირთხა, რომელიც ადრეულ მოსახლეებს ნავებს მოჰყვა. მათი ჰიპოთეზით, ვირთხები იმდენად გამრავლდნენ, რომ 20 მილიონ ერთეულს მიაღწიეს, შემდეგ მათ სწრაფად, მთლიანად გაანადგურეს ადგილობრივი პალმის თესლი, რამაც კუნძულის საკვებით მომარაგების კოლაფსი გამოიწვია.

თავიანთ 1722 - 1770 წლების ანგარიშებში, ევროპელები ახსენებენ ფეხზე მდგომ ქანდაკებებს, მაგრამ კუკის 1774 წლის ექსპედიცია შენიშნავს, რომ მოაის გარკვეული ნაწილი დაწვენილი იყო სახით დაბლა, რისი მიზეზიც ომი იყო.

კუნძულის ისტორიის შესახებ დაიმონდისა და ჰეიერდალის ვერსიების თანახმად, ჰური მოაი — ანუ ქანდაკებების წაქცევა მიმდინარეობდა 1830-იან წლებში, რაც მძვინვარე შიდა ომით იყო გამოწვეული. 1838 წლისთვის შემორჩენილი იყო ერთადერთი ფეხზე მდგარი მოაი, რომელიც რანო-რარაკუს ფერდობებზე მდებარეობდა. არსებობს კუნძულის ევროპელებამდელი საზოგადოებრივი კოლაფსის მცირე არქოლოგიური მტკიცებულება. ამ პერიოდის კუნძულელების ძვლების პათოლოგიისა და ოსტეომეტრული მონაცემები ნათლად აჩვენებენ, რომ ეს უბედურებები შესაძლებელია პირდაპირ დაკავშირებული ყოფილიყო ძალადობასთან.

კუნძულის მოსახლეობის პირველი დაფიქსირებული კონტაქტი ევროპელებთან 1722 წლის 5 აპრილს (აღდგომა დღეს) შედგა, როდესაც კუნძულს ჰოლანდიელი მოგზაური იაკობ როგევენი ესტუმრა. ამ დროისათვის მოსახლეობა დაახლოებით 2 000 - 3 000 ადამიანს შეადგენდა. ეს რიცხვი შესაძლოა მეტიც იყო, რადგან სრულიად შესაძლებელია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი როგევენის ჯგუფის გამოჩენისას ამტყდარი გაუგებრობით შეშინებული დამალულიყო. შემდეგი უცხოელი მნახველები 1770 წლის 15 ნოემბერს კუნძულს ორი ესპანური გემით — სან-ლორენცოთი და სანტა-როსალიათი მიადგნენ. ესპანელებმა კუნძული აღწერეს როგორც მასიურად დაუმუშავებელი, რომლის სანაპირო ზოლშიც ქვის ქანდაკებები იყო ჩამწკრივებული.


პატარა კუნძული მოტუ-ნუი, ადამიანი-ფრინველის კულტის ცერემონიის ნაწილი
ოთხი წლის შემდეგ, 1774 წელს, კუნძულს ამჯერად ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმზ კუკი ეწვია, რომელიც იუწყებოდა, რომ ზოგიერთი ქანდაკება განადგურებული იყო. 1825 წელს კუნძულს მოადგა ბრიტანული ხომალდი HMS Blossom, რომლის წევრების აღწერითაც, მათ კუნძულზე ფეხზე მდგომი ქანდაკებები ვერ ნახეს. აღდგომის კუნძული XIX საუკუნის განმავლობაში კვლავ მრავალჯერ იქნა მონახულებული, მაგრამ ამ დროისათვის კუნძულელები ფრიად არამეგობრულობას იჩენდნენ მოსულთა მომართ, რის გამოც 1860-იან წლებამდე კუნძულის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ცნობილი.

1860-იან წლებში მიმდინარე გამანადგურებელი მოვლენების სერიამ კუნძულის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაანადგურა ან კუნძული დაატოვებინა. 1862 წელს მოხდა პერუელი მონათვაჭრების თავდასხმა. ძალადობრივი დაჭერები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის დროსაც დაჭერილ იქნა მოსახლეობის ნახევარი — 1500 ქალი თუ კაცი. დატყვევებულთა შორის იყო კუნძულის უმაღლესი მმართველი, მისი მეუღლე და ის ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ რონგორონგოს დამწერლობაზე წერა და კითხვა. როდესაც მონათვაჭრებმა მათ მიერ გატაცებული ხალხის უკან დაბრუნება განიზრახეს, კუნძულზე მათ ყვავილის ეპიდემია ჩაიტანეს, რაც დარჩენილ მცირე მოსახლეობასაც მოედო. გამანადგურებელი ეპიდემია აღდგომის კუნძულიდან მარკიზის კუნძულებზეც გავრცელდა. აღდგომის კუნძულის მოსახლეობა იმ დონემდე შემცირდა, რომ ხშირად გარდაცვლილთა დამმარხავიც აღარავინ იყო. XIX საუკუნის შუა წლებში ვეშაპისმჭერმა გემებმა კუნძულზე ტუბერკულიოზი შეიტანეს, რამაც ასევე მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის იყო კუნძულის პირველი ქრისტიანი მისიონერი ეჟენ ეირო, რომელიც დაავადებით 1867 წელს გარდაიცვალა. მას მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი მიჰყვა. მომდევნო წლებში, მეცხვარეობის ფერმების მმართველებმა და მისიონერებმა გარდაცვლილების მიწის ნაკვეთების შესყიდვა დაიწყეს, რამაც ახალმოსახლეებსა და ადგილობრივებს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია.

ჟან-ბაპტისტ დიუტრუ-ბორნიემ მისიონერთაგან შეიძინა ჰანგა-როას გარშემო არსებული მათი კუთვნილი ტერიტორიები და შემდეგ ასი წყვილი ადგილობრივი კუნძულ ტაიტიზე, თავის მფარველებთან წაიყვანა სამუშაოდ. 1871 წელს დიუტრუ-ბორნიეს მისიონერებმაც მიბაძეს და 171 ადგილობრივი გამბიეს კუნძულებზე წაიყვანეს. დარჩენილებს შორის მხოლოდ ძირითადად მოხუცი კაცებიღა იყვნენ. ექვსი წლის შემდეგ, აღდგომის კუნძულზე მხოლოდ 111 ადამიანიღა ცხოვრობდა, რომელთაგან 36-ს შეეძლო შთამომავლობის გაგრძელება. მომდევნო დეკადაზე ნაკლებ პერიოდში, მოსახლეობის 97% დაიღუპა ან წავიდა, შესაბამისად, კუნძულის კულტურული ცოდნის უდიდესი ნაწილიც მათთან ერთად დაიკარგა.

ალექსანდრე სალმონი, ინგლისელი ებრაელი ვაჭრისა და ტაიტის პომარეს დინასტიის პრინცესას ვაჟი, გამუდმებით ცდილობდა მემკვიდრეობით მიღებული კოპრის პლანტაციებიდან საბოლოოდ დაებრუნებინა მუშები სამშობლოში. მან გამოისყიდა კუნძულის მიწების უდიდესი ნაწილი და ერთადერთი სამუშაოდ დამქირავებელი გახდა. ის ბევრს მუშაობდა აღდგომის კუნძულზე ტურიზმის განვითარებისთვის, ამავე დროს ის მთავარი ინფორმატორი იყო კუნძულზე მომუშავე ბრიტანული და გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის. 1888 წლის 2 იანვარს, სალმონმა კუნძულის მიწების კუთვნილი ნაწილი ჩილეს მთავრობას მიჰყიდა და დოკუმენტს თვითონ ხელი მოაწერა როგორც მოწმემ, კუნძულზე უფლებების გადაცემისას. იმავე წლის დეკემბერში, იგი ტაიტიზე დაბრუნდა. აღდგომის კუნძულს რეალურად ის 1878 წლიდან 1888 წლამდე მართავდა, სანამ მასზე უფლებებს ჩილეს გადასცემდა.


პოლიკარპო ტორო
კუნძულის სრული ანექსია ჩილემ 1888 წლის 9 სექტემბერს მოახდინა, საზღვაო ოფიცერ ოფიცერ პოლიკარპო ტოროს ხელმძღვანელობითა და „კუნძულის შემოერთების ხელშეკრულებით (ესპ. Tratado de Anexión de la isla). წარმოადგენდა რა ჩილეს მთავრობას ატამუ ტეკენასთან ხელის მოწერისას, უმაღლესი მმართველისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ტორო ჩილეს მთავრობის მიერ „მეფედ“ იწოდა. ამ ხელშეკრულების კანონიერებას ზოგიერთი ადგილობრივი დღემდე ეჭვქვეშ აყენებს. ოფიციალურად, ჩილემ იყიდა მხოლოდ მეზონ-ბრანდერის ცხვრების რანჩო მიმდებარე ტერიტორიებით, რომლებიც თავის მხრივ შეძენილი იყო კუნძულის ეპიდემიით გარდაცვლილი მოსახლეების შთამომავლებისგან, ხოლო შემდეგ სუვერენიტეტი მთელს კუნძულზე გაავრცელა.

1960-იან წლებამდე, რაპანუის გადარჩენილი წარმომადგენლები მხოლოდ ჰანგა-როაში ცხოვრობდნენ. კუნძულის დარჩენილი ნაწილი 1953 წლამდე იჯარით იყო გადაცემული უილიამსონ-ბალფურის კომპანიაზე, როგორც ცხვრების ფერმა. 1966 წლამდე კუნძულს მართავდა ჩილეს საზღვაო-სამხედრო ძალები, ამ წლიდან კი იგი მთლიანად ღია გახდა და საკუთრებაში ჩილეს მოქალაქეებს გადაეცათ.
XXI საუკუნე
2007 წლის 30 ივლისს, კონსტიტუციური რეფორმის შედეგად აღდგომის კუნძულსა და ხუან-ფერნანდესის კუნძულებს (ასევე ცნობილი როგორც რობინზონ კრუზოს კუნძული) ჩილეს „სპეციალური ტერიტორიების“ სტატუსი მიენიჭათ. სპეციალური კანონის მიღების მოლოდინში, კუნძული კვლავ იმართება როგორც ვალპარაისოს რეგიონის ერთ-ერთი პროვინცია.

2010 წლის 11 ივლისს, ადგილობრივი დროით 18:15:15-ზე კუნძულზე 1 300 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა მზის სრული დაბნელება.

BBC-ს თანახმად, 2010 წლის 3 დეკემბერს 25 ადამიანი დაშავდა ჩილეს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენებისას, როდესაც ისინი ადგილობრივთა გარკვეული ჯგუფის იმ შენობებიდან გასახლებას ცდილობდნენ, რომლებიც მათ სამი თვის განმავლობაში ეკავათ და აცხადებდნენ, რომ ისინი იმ მიწაზე იყო აშენებული, რომელიც მათ წინაპრებს არაკანონიერად წაგლიჯეს.

კულტურა
მითოლოგია
ყველაზე მნიშვნელოვანი მითოლოგიური პერსონაჟები არიან:

ტანგატა-მანუ — ადამიანი-ფრინველი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ 1860-იან წლებამდე.
მაკემაკე — მნიშვნელოვანი ღმერთი
აკუ-აკუ — გამოქვაბულების მცველი
მოია-კავა-კავა — ჰანაუ-ეპეს (გრძელყურიანების) აჩრდილი.
ჰეკაი იტე უმუ პარე ჰაონჰა ტაკაპუ ჰანაუ ეპე კაი ნორუეგო — წმინდა შელოცვა, რომელსაც გამოქვაბულში შესვლამდე აკუ-აკუს დასამშვიდებლად წარმოთქვამდნენ.
ქვაზე მუშაობა
რაპანუის ხალხი ფაქტობრივად ქვის ხანის ცივილიზაცია იყო და ისინი ფართოდ იყენებდნენ ადგილობრივ სხვადასხვა სახის ქვას:

ბაზალტი — მტკიცე ქვა, გამოყენებულია მოაის მხოლოდ ერთ ქანდაკებაში, რომელიც დღეს ლონდონის მუზეუმში ინახება.
ობსიდიანი — ვულკანური შუშა, რომლის ბასრ პირსაც საჭრელ იარაღად იყენებდნენ. ასევე, მისგან დამზადებულ თვალებს უსვამდნენ ქანდაკებებს.
წითელი სკორია ჰანგა-როას კრატერის, პუნა-პაუს სამტეხლოდან — კაშკაშა წითელი ქვა, რომელსაც პუკაოდ (ქანდაკებების ქუდი) იყენებდნენ. ასევე მისგანაა დამზადებული რამდენიმე ქანდაკება.
ტუფი — რანო-რარაკუს კრატერიდან ბევრად უფრო ადვილად დასამუშავებელი ქვა, ვიდრე ბაზალტი. მისგანაა დამზადებული ქანდაკებების უმეტესი ნაწილი.
მოაი (ქანდაკებები)

ტუკუტური — იშვიათი, მუხლებზე დაჩოქილი წვეროსანი მოაი
ქვის დიდი ქანდაკებები, იგივე მოაი, რომლებითაც აღდგომის კუნძული მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ახ. წ. 1100-1680 წლებში ააგეს. სულ არსებული 887 მონოლითური ქვის ქანდაკება ამჟამად განლაგებულია როგორც კუნძულზე, ისე მისგან საკმაოდ დაშორებულ მუზეუმებში. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკებებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „აღდგომის კუნძულის თავები“, ისინი მთლიან სხეულებს წარმოადგენენ, უმრავლესი მათგანი გამოქანდაკებულია თეძოებიდან თავის ჩათვლით. ზოგიერთი ქანდაკება მუხლებითა მინდორზეა დაჩოქილი, ხელები კი მუცელზე უწყვია. მცოცავი ნიადაგების გამო, ზოგიერთი ქანდაკება კისრამდე მიწაშია ჩარჭმული.

თითქმის ყველა მოაი (95%) გამოკვეთილია ერთმანეთისგან განსხვავებულად, დაპრესილი, ადვილად დამუშავებადი გამკვრივებული ვულკანური ფერფლის ან ტუფისგან, რომლებსაც ერთადერთ ადგილას, ჩამქრალ ვულკან რანო-რარაკუში მოიპოვებდნენ. ადგილობრივები, რომლებიც მათ აქანდაკებდნენ, იყენებდნენ მხოლოდ ქვის იარაღებს, ძირითადად ბაზალტისას, რომელიც კუნძულზე მრავლადაა. როდესაც ქვის იარაღები დაბლაგვდებოდა, მათ ახალ პირს ულესავდნენ. გამოკვეთის დაწყების წინ, ვულკანურ ქვას წყალში ალბობდნენ, რასაც სამუშაოს პროცესში პერიოდულად კვლავ იმეორებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე დროს განსხვავებულ ქანდაკებებზე ბევრი ჯგუფი მუშაობდა, 5-6 კაციან ჯგუფს ერთი მოაის დასამზადებლად დაახლოებით ერთი წელი სჭირდებოდა. თითოეული ქანდაკება საგვარეულოს მიცვალებულ მმართველს წარმოადგენდა.


ქალაქ ჰანგა-როასთან მდებარე ორი აჰუ მოაის ქანდაკებებითურთ
აღსანიშნავია, რომ ქანდაკებების მხოლოდ მეოთხედი იქნა აღმართული, მაშინ როდესაც დაახლოებით ნახევარი დარჩა რანო-რარაკუს სამტეხლოსა და სხვადასხვა ადგილებში, სავარაუდოდ მათი საბოლოო ადგილისკენ მიმავალ გზაზე. უდიდესი ქანდაკება დადგმულია პლატფორმაზე, რომელსაც „პაროს“ უწოდებდნენ. იგი 82 ტონას იწონის და სიგრძეში 9,8 მეტრია. იგივე წონის სხვა რამდენიმე ქანდაკება დადგმულია ჩრდილოეთ და სამხრეთ სანაპიროზე. დღემდე უცნობია თუ რა მეთოდით გადაჰქონდათ ქანდაკებები. შესაძლებელ ვარიანტებს შორის ერთ-ერთად მიიჩნევენ ე. წ. მირო მანგა ერუას, Y-ს ფორმის მარხილს გადაჯვარედინებული ნაწილებით, რომელზეც ქანდაკებებს ჰაუ-ჰაუს ხის დრეკადი და მტკიცე ქერქის თოკების კისერზე შემოხვევით აბამდნენ. მოაის ზომებიდან გამომდინარე, მის გაწევაში მონაწილეობა უნდა მიეღო 180-250 ადამიანს. დაახლოებით 50 ქანდაკება ჩვენს დროში ხელახლა იქნა აღმართული თავიანთ თავდაპირველ ადგილებზე. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო აჰუ ატურე ჰუკე ანაკენას პლაჟზე 1958 წელს. მისი აღმართვა ჰეიერდალის ექსპედიციის დროს მოხდა და გამოყენებულ იქნა ტრადიციული მეთოდები.

აჰუ

აჰუ აკივი — ერთ-ერთი კუნძულის შიდა ნაწილში მდებარე სულ რამდენიმე აჰუდან. იგი ერთადერთია, რომლის ქანდაკებებიც ოკეანისკენ იმზირებიან
აღდგომის კუნძულზე აჰუს უწოდებენ ქვის პლატფორმებს. ქანდაკებების მშენებლობის პერიოდსა და მას შემდეგაც, ბევრი სხვადასხვაგვარი აჰუ ააგეს. ბევრ მათგანს ასევე იყენებდნენ ადამიანის ჩონჩხების შესანახად. ერთი მათგანი შემდეგში დინამიტით ააფეთქეს; აჰუ ტონგარიკი კი ცუნამიმ კუნძულის შიდა ნაწილში გადააადგილა. 313 ცნობილი აჰუდან 125-ზე აღმართული იყო მოაი — ძირითადად მხოლოდ ერთი, რისი მიზეზიც სავარადუოდ მოაის მშენებლობების ხანის სიმოკლე და მათ გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეებია. რანო-რარაკუდან ერთ კილომეტრში მდებარე აჰუ ტონგარიკზე აღმართული იყო ყველაზე მეტი და ყველაზე მაღალი ქანდაკებები, სულ 15 ცალი. მოაის სხვა გამორჩეული აჰუებია აჰუ აკივი, რომელიც 1960 წელს უილიამ მულოიმ აღადგინა, ნაუ-ნაუ ანაკენას სანაპიროზე და ტაჰაი. ზოგიერთი ქანდაკება, რომელიც შესაძლოა ხისგან ყოფილიყო დამზადებული, დაკარგულია.


აჰუ ტონგარიკის მოაი (ნაჩვენებია 6 მოაი სულ არსებული 15-დან)
აჰუს მონახაზის კლასიკური ელემენტებია:

რამდენიმე ფუტის სიმაღლის საყრდენი კედელი, როლემიც როგორც წესი, ზღვას გაჰყურებს
ფორმის ბაზალტის ფილებით აგებული ფასადური სამკუთხა კედელი, რომელსაც პაენგას ეძახდნენ
წითელი სკორიასგან დამზადებული აბრა, რომელიც ფასადზე იყო მიმაგრებული
დახრილობა კუნძულის შიდა მხარეს, რომელიც გაშლილ ფრთებს მოგვაგონებდა
ზომების მიხედვით დალაგებული წყლისგან გაცვეთილი მრგვალი ქვებისგან შექმნილი ქვაფენილი
ქვების მწკრივი დახრილობამდე
მოკირწყლული მოედანი აჰუს წინ. მას მარაეს უწოდებდნენ
აჰუს შიგა ნაწილი სავსე იყო ლოდებით
ბევრი აჰუს წვერში განლაგებული იყო:

ოთხკუთხა პიედსტალზე შემდგარი, კუნძულის შიდა ნაწილისკენ მომზირალი მოაი
პუკაო (ქუდები) მოაის თავზე (1300 წლის შემდეგ აგებულ პლატფორმებზე)
ცერემონიის მსვლელობისას, ქანდაკებებს თვალებს უსვამდნენ. თვალის თეთრი ნაწილი დამზადებული იყო მარჯნისგან, ირისი - ობსიდიანის ან წითელი სკორიასგან
აჰუმ განვითარება ჰპოვა პოლინეზიური ტრადიციული მარაედან. ამ კონტექსტში, აჰუ აღნიშნავდა პატარა სტრუქტურას, ზოგჯერ ჩალით გადახურულს, სადაც წმინდა საგნები, მათ შორის სტატუეტები იყო განლაგებული. როგორც წესი, აჰუ, მარაეს ან მთავარი მოედნის გვერდით მდებარეობდა, სადაც ცერემონიები იმართებოდა. მიუხედავად ამისა, აღდგომის კუნძულზე აჰუმ და მოაიმ ბევრად ფართო ზომები შეიძინეს. აქ მარაე აჰუს წინ მდებარე მოუპირკეთებელ მოედანს წარმოადგენს. უდიდესი აჰუს სიგრძე 220 მეტრია და 15 ქანდაკებას იტევს, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 9 მეტრია. აჰუს მშენებლობისას გამოყენებული ქვები როგორც წესი ბევრად პატარაა ვიდრე მოაი, ამიტომ მასალების მოზიდვა ნაკლებ შრომას მოითხოვდა, მაგრამ ძალზე შრომატევადი იყო მის წინ მდებარე ხელოვნური მოედნის მშენებლობა.

აჰუები ძირითადად სანაპიროზეა განლაგებული, სადაც ისინი რიგში არიან ჩამწკრივებული, გარდა რამდენიმე აჰუსი ტერევაკას მთის დასავლეთ კალთებსა და რანო-კაუს და პოიკეს მაღლობების აჰუებისა. ერთი აჰუ ქანდაკებებთნ ერთად 1880-იან წლებში აღწერილი იყო რანო-კაუსთან მდებარე კლდეებზე, მაგრამ კატერინ რუტლეჯის ექსპედიციამდე იგი სანაპიროზე ჩამოიქცა.

მსოფლიოს ჭიპი

„მსოფლიოს ჭიპი“
ანაკენას პლაჟის სიახლოვეს, აჰუ ტე პიტო კურას გვერდით მდებარეობს უჩვეულო ქვის ძეგლი, რომელიც წარმოადგენს წყლისგან გაცვეთილ პლაჟის ქვას, მისი მსგავის ასევე აღმოჩენილია ახალ ზელანდიაში. როგორც დღეს ადგილობრივები ამბობენ, ცენტრალური მრგავლი ქვა ჰოტუ მატუამ მოიტანა თავის სამშობლოდან. გეოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ქვა ადგილობრივი წარმოშობისაა, რაც ასევე ემთხვევა ადრეულ ზეპირ გადმოცემებს. ამ გადმოცემების თანახმად, ეს კლდე დააფუძნა კლანმა, რომელიც მას საზღვრის აღმნივშნელად იყენებდა. შემდგომში ის მათ ჩრდილოეთის კლანების გაერთიანება მირუმ წაართვა, რომლებმაც იგი ტე პიტო კურაში წაიღეს როგორც ომის ნადავლი. ის ფაქტი, რომ ქვა დიდია და ბუნებრივად მრგვალი, მიუთითებს რომ ის „მანას“ ფუნქციებით იყო დატვირთული და გამოიყენებოდა როგორც თილისმა. „ჭიპი“ ქვა შეიცავს რკინას და გააჩნია მაგნიტური მიზიდულობა.

ქვის კედლები
აღდგომის კუნძულის ქვით მშენებლობის ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის მაგალითია ვინაპუს აჰუს კედელი. იგი აგებულია კირხსნარის გარეშე, დამუშავებული ბაზალტის ნატეხებისგან, რომლებიც ზომით ზუსტად ერთმანეთის ტოლია და დაახლოებით 7 ტონას იწონიან. მას გარკვეული გარეგნული მსგავსება გააჩნია სამხრეთ ამერიკაში არსებულ ინკების მიერ აგებულ ზოგიერთ ქვის კედელთან.

ქვის სახლები

ჰარე მოა — საქათმე. 3D ლაზერული სკანერით მიღებული ფოტო
აღდგომის კუნძულზე წარსულში სახლების ორი ტიპი იყო გავრცელებული: ჰარე პაენგა — სახლი ოვალური საძირკვლით, აშენებული ბაზალტის ფილებით და გადახურული ჩალით, რის შედეგადაც სახურავი ამოტრიალებულ ნავს ემსგავსებოდა და ჰარე ოკა — ქვის მრგვალი სტრუქტურა. კიდევ ერთი სახეობის ქვის სტრუქტურებს ტუპას უწოდებდნენ, რაც ძალიან წააგავდა ჰარე ოკას, გარდა იმისა რომ ტუპაში ასტრონომი-ქურუმები ცხოვრობდნენ და ისინი სანაპიროსთან იყო განლაგებული, სადაც ვარსკვლავების მოძრაობაზე დაკვირვება ადვილი იყო. დასახლებები ასევე მოიცავდა ჰარე მოას, ქვის წაგრძელებულ სტრუქტურებს, რომლებსაც საქათმეებად იყენებდნენ. უნიკალურია საცერემონიო სოფელ ორონგოს სახლები, რადგან ისინი მიემსგავსებია ჰარე პაენგას, მაგრამ ნაგებია ბაზალტის ბრტყელი ფილებით, რომელსაც რანო-კაუს კრატერში მოიპოვებდნენ. ყველა ტიპის სახლის შესასვლელი ძალიან დაბალია და შიგ შესვლა მხოლოდ გახოხებითაა შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, რაპანუის ადრეული ხანის მოსახლეობა გარდაცვლილებს პატარა სამგლოვიარო კანოეთი ზღვაში უშვებდა, ისევე როგორც პოლინეზიის სხვა კუნძულებზე მცხოვრები მათი თანამოძმეები. მოგვიანებით მათ მიცვალებულთა საიდუმლო გამოქვაბულებში დაწვა დაიწყეს, ისე რომ ძვლები მტრის მიერ შებღალვისგან დაეცვათ. XVIII საუკუნის გვიანი პერიოდის არეულობის დროს, კუნძულელებმა მიცვალებულთა დაწვა წაქცეულ მოაისა და სტრუქტურის წინა კედელს შორის სივრცეში დაიწყეს. ეპიდემიის მძვინვარების დროს კი აშენებდნენ მასიურ საფლავს, რომელიც ნახევრად პირამიდის ფორმის ქვის სტრუქტურას წამროადგენდა.

პეტროგლიფები
პეტროგლიფები ქვაზე ამოკვეთილ სურათებს ეწოდება. აღდგომის კუნძულს მათი ერთ-ერთი უმდიდრეის კოლექცია გააჩნია მთელი პოლინეზიის მასშტაბით. კატალოგში შეტანილია დაახლოებით 1 000 ადგილის 4 000-ზე მეტი პეტროგლიფი. ნახაზებსა და სურათებს ქვაზე მრავალი მიზეზით კვეთდნენ, მათ შორისაა: შეექმნათ ტოტემები, მოენიშნათ ტერიტორია ან უკვდავეყოთ პიროვნება ან რაიმე მოვლენა. კუნძულზე პეტროგლიფების განსაკუთრებული თემების სიხშირის განსხვავებული ვარიაციებია, რომლებიც ძირითადად ადამიანი-ფრინველის თემატიკაზეა შესრულებული და თავმოყრილია ორონგოში. სხვა თემატიკებს შორისაა ზღვის კუები, კომარი (ქალის გარეგანი სასქესო ორგანოები) და მაკემაკე — ადამიანი-ფრინველის კულტის უზენაესი ღმერთი.

პეტროგლიფები ასევე დამახასიათებელია მარკიზის კუნძულებისათვის.




წითელ სკორიაზე ამოკვეთილი მაკემაკე ორ ადამიან-ფრინველთან ერთად
 

აჰუ ტონგარიკის სიახლოვეს აღმოჩენილი თევზის პეტროგლიფი
გამოქვაბულები
აღდგომის კუნძულსა და მის მეზობელ პატარა კუნძულ მოტუ-ნუიზე განსაკუთრებით მრავლადაა გამოქვაბულები. ბევრ მათგანში შეიმჩნევა წარსულში ადამიანთა მიერ მათი გამოყენების კვალი, როგორც მცენარეთა მოსაყვანად, ისე საფორტიფიკაციოდ. ისინი მოიცავენ ვიწრო შესასვლელებსა და შესაფარებელ ადგილებს. ბევრი გამოქვაბული მოხსენიებულია რაპანუის მითებსა და ლეგენდებში.


რონგორონგოს ნიმუში
რონგორონგო
უცნობია აღდგომის კუნძულის დღემდე გაუშიფრავი დამწერლობის — რონგორონგოს შექმნის ისტორია — შეიქმნა ის გარე გავლენით თუ ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ. დასავლური დამწერლობის გაცნობამ 1770 წლის ესპანელთა ვიზიტის დროს, შესაძლოა კუნძულის მმართველ კლასს შთააგონა რონგორონგოს, როგორც რელიგიური იარაღის შექმნა. რონგორონგოს გარკვეული მსგავსება გააჩნია პეტროგლიფების მოყვანილობასთან, მაგრამ ათასობით პეტროგლიფისგან განსხვავებით, მისი არც ერთი ნიმუში არაა ქვაზე ამოკვეთილი.

რონგორონგოს შესახებ პირველად 1864 წელს ფრანგი მისიონერი ეჟენ ეირო იუწყება. ამ დროისათვის, რამდენიმე კუნძულელი აცხადებდა, რომ მათ შეეძლოთ ნაწერის გაგება, მაგრამ მისი გაშიფვრის ყოველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ტრადიციის თანახმად, წერა-კითხვა მხოლოდ მმართველმა ოჯახებმა და მღვდლებმა იცოდნენ. სწორედ ეს გახდა რონგორონგოზე კითხვის მთელი ცოდნის დაკარგვის მიზეზი, რადგან 1860-იან წლებში კუნძულის ელიტა მოსპეს.

რონგორონგოს ასობით აღმოჩენილი ნიმუშიდან (ძირითადად ხის დაფები, კვერთხები და სკულპტურები) მხოლოდ 28 გადარჩა, რადგან მათი უდიდესი ნაწილი მისიონერებმა გაანადგურეს. ისინი დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმებშია მიმოფანტული, მხოლოდ რამდენიმე მათგანი რჩება აღდგომის კუნძულზე. ენა დღემდე გაუშიფრავი რჩება. ერთადერთი, რაზეც სწავლულები თანხმდებიან ისაა, რომ რონგორონგო პიქტოგრაფიული დამწერლობაა და ბუსტროფედონის სტილში იკითხება, ანუ წერის მიმართულება ცვალებადია ხაზების მიხედვით.

ხეზე კვეთა

არატიპური კასრისებური სტატუეტი

გამხდარი სტატუეტი
XVIII-XIX საუკუნეებში აღდგომის კუნძულზე ხე-მასალა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა, მაგრამ ხეზე შესრულებულმა განსხვავებულმა და მაღალი დონის ორნამენტებმა კუნძულიდან მაინც მიაშურეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს. მათ შორის განსაკუთრებულებია:

რემირო — ნამგალა მთვარის ფორმის ყელსაბამის ორნამენტი, რომელსიც ასევე გამოსახულია რაპანუის დროშაზე. ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმში ორი რემირო ინახება, რომლებსაც თან რონგორონგოს დამწერლობაზე შესრულებული აღწერა ახლავს.
მოკო მირო — ხვლიკისთავიანი კაცი
მოაი კავაკავა — ტორომიროს ფიჭვისგან გამოკვეთილი ადამიანის მაღალდეტალური გროტესკული ფიგურები, რომლებიც წინაპრებს განასახიერებენ. უფრო ადრეული ფიგურები როგორც წესი იშვიათია და ისინი ძირითადად ქალებს წარმოსახავს, გამხდარი ტანითა და ესპანიოლათი. ფიგურების ნეკნები და მალები გაშიშვლებულია. მათი სხეული უფრო გაბრტყელებულია და ხშირად ტანის გადაკვეთაზე გამოსახულია ქალის ხელი. ამ ფიგურებს, მიუხედავად ზოგიერთი მათგანის დიდი ზომისა, კისერზე ჩამოკიდულს ატარებდნენ ტომის წევრები, როგორც ორნამენტულ სამკაულს. უფრო მეტი ფიგურის მატარებელი, უფრო მნიშვნელოვან ადამიანს წარმოადგენდა.
აო — საცეკვაო ფარფლებიანი თათები
XXI საუკუნის კულტურა
რაპანუის ხალხი ყოველწლიურად მართავს ფესტივალ ტაპატის, რომელიც 1975 წლიდან იმართება თებერვალში და წარმოადგენს რაპანუის კულტურის დღესასწაულს. კუნძულელებს ასევე შექმნილი აქვთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. ქალაქ ჰანგა-როაში მოქმედებს სამი დისკო-კლუბი. სხვა კულტურული საქმიანობები მოიცავს მუსიკალურ ტრადიციებს, რომელიც სამხრეთამერიკულ და პოლინეზიურ გავლენას განიცდის.



 

 

 

 

| ტეგები: აღდგომა, კუნძულები, ჩილე, აღდგომის კუნძული

კატეგორია: გეოგრაფია | ნანახია: 2618 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar