18:04 ინტელექტი |
ადამიანი სხვა ცხოველებისაგან ინტელექტით განსხვავდება, ისევე როგორც ადამიანური ინტელექტი განსხვავდება მექანიკური ინტელექტისაგან, ან ზრდასრული ადამიანის - ჩვილისაგან. ინტელექტუალურ მონაცემებს შორის განსხვავებები ერთისა და იმავე ასაკის ადამიანებს შორისაც გვხვდება. დღესდღეობით უკვე სადავო არ არის ის ფაქტი, რომ თუ ინდივიდი წარმატებით ხსნის ერთი ტიპის ინტელექტუალურ ამოცანას, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ ის ასეთივე წარმატებით ამოხსნის სხვა ტიპის ინტელექტუალურ დავალებებსაც. შესაბამისად, ინდივიდები, რომლებიც კარგად იმახსოვრებენ, მაგალითად, ციფრების სიას, ასევე კარგად ხსნიან ვერბალური ანალოგიების ამოცანებსაც და ა.შ. ინტელექტუალური დავალებებისა და ამოცანების განსხვავებული ტიპები დადებით კავშირში არიან ერთმანეთთან. ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ადამიანის ინტელექტი რაოდენობრივად გაზომვადი ფენომენია, რომლის დაყვანაც გარკვეულ ქულაზეა შესაძლებელი. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ინტელექტი მრავალი კომპონენტისგან შედგება, რომელიც ცალ-ცალკე უნდა გაიზომოს. მესამე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სინამდვილეში ინტელექტის რამდენიმე განსხვავებული სახე არსებობს, რაც გამოცდილების სხვადასხვა სფეროს შეესაბამება. ინტელექტის გასაზომად სტანდარტიზებული ტესტები გამოიყენება, რომლის ფუძემდებლადაც ალფერდ ბინე ითვლება. 1905 წელს, ალფრედ ბინემ იმისთვის, რომ ეფექტური სასწავლო პროგრამის შექმნაში დახმარებოდა სახელმწიფოს, ბავშვების ინტელექტუალური უნარების გაზომვა დაიწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბინემ ინტელექტის გაზომვა საფრანგეთში დაიწყო, ძალიან მალე ამ სფეროში წამყვანი პოზიციები აშშ.- ის მეცნიერებმა დაიკავეს. სწორედ მათ ეკუთვნით IQ ანუ ინტელექტის კოეფიციენტის ცნება. IQ ეს არის ინდექსი, რომელიც მიღებულია ინტელექტის სტანდარტიზებული ტესტებიდან. საწყის ეტაპზე, IQ-ს გონებრივი ასაკის ქრონოლოგიურ ასაკზე გაყოფით და შემდეგ 100-ზე გამრავლებით ითვლიდნენ, ხოლო ამჟამად პირდაპირ გამოითვლება. IQ-ს ავტორად შტერნი ითვლება, თუმცა დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება IQ ტესტების ორი ჯგუფი: სტენფორდ-ბინესა და ვექსლერის სკალები. სტენფორდ-ბინეს სკალა მოიცავს მთელ რიგ სუბტესტებს, რომლებიც კონკრეტულ გონებრივ ასაკზეა მორგებული და რომლებსაც პერიოდულად რევიზია უტარდებათ. ვექსლერის ტესტში 6 სუბტესტია მოცემული: ინფორმირებულობა, ლექსიკური მარაგი, გაგება, არითმეტიკული უნარები, მსგავსებები (განსაზღვრა, თუ რატომ არის ორი საგანი მსგავსი) და რიცხვების რიგი. ორივე ტესტისათვის არსებობს ქულათა დიაპაზონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ინდივიდის ინტელექტუალური შესაძლებლობა. მაგალითად, სტენფორდ-ბინეს ტესტში საშუალო IQ 90-110 ქულების ფარგლებში მერყეობს. 90-ს ქვემოთ მიღებული ქულა შესაძლოა გარკვეული ხარისხის გონებრივ ჩამორჩენილობაზე მიგვითითებდეს, ხოლო 110-ს ზემოთ მიღებული ქულების გრადაცია, გონიერიდან, უმაღლეს ინტელექტამდე მერყეობს. ემოციური ინტელექტი (EQ) ცნობილი ფაქტია, რომ მაღალი IQ-ს მქონდე ადამიანები უფრო ნიჭიერები არაინ და შესაბამისად, წარმატების მიღწევის მაღალი შანსი აქვთ. თუმცა, კვლევების თანახმად, მაღალი ინტელექტის (IQ) მქონე ადამიანები სჯობიან საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანებს მხოლოდ დროის 20%-ის განმავლობაში, მაშინ როდესაც საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები სჯობიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს დროის 70%-ის განმავლობაში. აღნიშნულ ანომალიას ყურადღება პირველად 1995 წელს მიექცა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტერმინი ემოციური ინტელექტი (EQ). EQ-ს მეშვეობით აიხსენება ის, თუ რატომ აღწევენ წარმატებას ადამიანები, რომელთაც არც დიდი გამოცდილება აქვთ და არც განათლების მაღალი საფეხურებისთვის მიუღწევიათ. და მაინც რა არის EQ? ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა. ესენია: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობების მართვა. თვითცნობიერება - უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, იზრდება. თვითცნობიერება მნიშვნელოვანია, რამდენადაც 83% ადამიანებისა, რომელთან მაღალი თვითცნობიერების უნარი აქვთ საქმის საუკეთესოდ შემსრულებლები არიან. საკუთარი თავის მართვა - უნარი გამოიყენო შენი ცნობიერება საკუთარი ემოციების სამართავად, იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. სოციალური ცნობიერება - უნარი გააცნიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად მოსმენა და დაკვირვება, გვეხმარება დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რაშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან. ურთიერთობების მართვა - უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის. ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვენს მიღწევებზე. EQ სრულიად განსახვავდება IQ-სგან და მათ საერთო არაფერი აქვთ. ადამიანის IQ მისი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, მაშინ როდესაც EQ-ს განვითარება და გაუმჯობესება შესაძლებელია. დავუბრუნდეთ ისევ წარმატებას, რამდენად ახდენს ემოციური ინტელექტი გავლენას წარმატების მიღწევაზე? ძალიან! კვლევების თანახმად, თითქმის ყველა საქმიანობაში მიღწეული დონის 58% ემოციიური ინტელექტით აიხსნება. მენეჯერების 90% მაღალ EQ-ს მატარებელია, მაშინ როდესაც დაბალი რანგის თანამშრომელთა შორის, მხოლოდ 20% ფლობს მაღალ EQ-ს. სწორედ ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს კრიტიკულ აზროვნებას, ის გავლენას ახდენს ადამიანის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე და მის თითოეულ ქცევაზე. ქართველებს არაერთხელ დაგვიქადნია ნიჭიერი ერი ვართო, მაღალი ინტელექტის მატარებელიო... 2006 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად (Lynn and Vanhanen), მსოფლიო რეიტინგით საშუალო IQ-ს მიხედვით, საქართველო მე-13 ადგილზეა გამოკვლეული 183 ქვეყნიდან, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია, თუმცა საკმარისია კი IQ-ს დონე ქვეყნის წარმატებისთვის? ინდივიდის მსგავსად, ქვეყნის წარმატებისთვისაც მნიშვნელოვანია თუ როგორი ემოციური ინტელექტის მატარებელია მისი მოსახლეობის უმრავლესობა. სამწუხაროდ ქვეყნების გლობალური რეიტინგი მათი EQ-ს მიხედვით გამოკვლეული არაა, თუმცა სადაო არაა რომ ქართველები ემოციურობითა და იმპულსურობით გამოვირჩევით. არც მოუთმენლობაა ჩვენთვის უცხო. გამოკითხულ 76 ქვეყანას შორის საქართველო რიგით მესამე ყველაზე მოუთმენელი ქვეყანა აღმოჩნდა (Dohmen). ემოციებზე და მოუთმენლობაზე დაყრდნობით ხშირად გადაწყვეტილებების მიღება კი დაბალი ემოციური ინტელექტის მანიშნებელია. როგორც ზემოთ აღვნიშნე EQ-ს ცვლილება და გაუჯობესება IQ-სგან განსხვავებით სავსებით შესაძლებელია და იქნებ სწორედ მოსახლეობის EQ-ს დონის ამაღლება აღმოჩნდეს ქვეყნის წარმატების საწინდარი? გოლმანის თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ ამერიკელი ფსიქოლოგი გოლმანი (Goleman, 1946-) აყალიბებს თეორიას ემოციური ინტელექტის შესახებ, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები. თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში. თვითრეგულაცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარს, რაც მოიცავს სტრესული სიტუაციების დაძლევას, იმედგაცრუების და მარცხის გადატანას. მოტივაცია გულისხმობს მიზნის მისაღწევად ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარს. ემპათია ანუ თანაგანცდა ნიშნავს სხვა ადამიანების გრძნობების გაგების უნარს. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად „ადამიანური ურთიერთობის“ უნარსაც უწოდებენ. ეს არის სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და ემოციების გაგებაზე დამყარებული ურთიერთობის უნარი, რომელიც მჟღავნდება სხვების მიმართ კეთილგანწყობასა და სოციალური სიტუაციების სწორ შეფასებაში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. სხვა ემოციური უნარების მსგავსად, ემპათია არის შინაგანი თვისება, რომელიც ყალიბდება გამოცდილებით. ჩვილი ბავშვები 3 წლის ასაკში განიცდიან ემპათიას, როცა ისინი გამოხატავენ წუხილს სხვა ბავშვის ტირილზე. უფრო პატარა ასაკშიც კი ბავშვები იმიტაციის საშუალებით სწავლობენ რეაქციის გამოხატვას სხვა ადამიანის მწუხარებაზე. თუმცა ამ უნარის განვითარებისთვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ მათი ემოციების განმტკიცებას. სოციალური უნარ-ჩვევები, თავის მხრივ, მოიცავს: (1) ურთიერთობის წარმართვისა და სოციალური სიტუაციების ზუსტი აღქმის უნარს; (2) ურთიერთობის დროს ზომიერების დაცვას; (3) სხვების ადვილად დაყოლიების, ლიდერობის, მოლაპარაკებებისა და დისკუსიების წარმართვის უნარს და (4) ურთიერთთანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე პრობლემების გადაჭრის უნარს. განსაკუთებით მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში. სკოლას შეუძლია მოახდინოს „ემოციური განათლების” პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს სიბრაზით, იმედგაცრუებით და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვას. განათლების სპეციალისტები მიუთითებენ ამგვარი უნარ-ჩვევების განვითარების დიდ მნიშვნელობაზე, რადგან მოსწავლეები, რომლებიც დეპრესიაში ან გაბრაზებულნი არიან და კონფლიქტები აქვთ თანატოლებთან, ვერ შესძლებენ სწავლაში წარმატების მიღწევას. Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118] რესურსები ინტერნეტში http://forbes.ge/blog/191/emociuri-inteleqti http://dictionary.css.ge/content/intelligence http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16524 | |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |