12:46
კრიტიკა და შექება, როგორც იარაღი!
კრიტიკა და შექება, როგორც იარაღი!

კრიტიკა ეს გახლავთ გარკვეული სტანდარტების საფუძველზე ობიექტის შეფასება, რომელიც როგორც წესი საზოგადოებაში უარყოფითი შეფასების ანალოგად მოიხსენიება.

კრიტიკა, ეს გახლავთ ერთგვარი იარაღი, რომელსაც იყენებენ ნებისმიერი კატეგორიის ადამიანები. ჩვენ ვიყენებთ ამ იარაღს კონკრეტული ობიექტის ან ობიექტების მიმართ მაშინ, როდესაც მათი ქმედება ან მათ მიერ შესრულებული სამუშაო გარკვეულ სტანდარტებს არ შეესაბამება. 

კრიტიკა საზოგადოებაში ერთგვარად ,,შენიშვნის“ სინონიმადაც იხმარება, ეს უკანასკნელი კი თავადაც მოგეხსენებათ გულზე არავის ეხატება. კრიტიკა შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი, ასევე ორმხრივი. თქვენ შეიძლება ცალმხრივად გააკრიტიკოთ ხელოსანი, რომელმაც სათანადოდ ვერ შეგიკეთათ ონკანი. როგორც უკვე ვახსენეთ, ადამიანებს შენიშვნის მიღება არ გვიყვარს, ამიტომაც მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელოსანს ან უბრალოდ უსიტყვოდ მოუწევს თავისი შესრულებული სამუშაოს ხელმეორედ შესრულება, ანდაც თავის მხრივ შეეცდება სიტუაციის გამართლებას და ასევე გამოიყენებს კრიტიკას როგორც იარაღს. მაგალითად, გააკრიტიკებს ონკანის გამომშვებ ფირმას და დასწამებს სამართლიანად თუ უსამართლოდ უხარისხო პროდუქტის გამოშვებას. ყოველ შემთხვევაში კრიტიკის ეს ფორმა ცალმხრივი იქნება.

კრიტიკის ორმხრივი მაგალითისათვის შესაძლოა მოვიშველიოთ სამსახურებრივი სიტუაცია, როდესაც ზედამხედველი მიდის თანამშრომელთან და მას შენიშვნას აძლევს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო. მსგავს შემთხვევებში რიგით თანამშრომელსაც შესაძლოა ქონდეს შენიშვნა ხელმძღვანელობის მიმართ, მაგალითად: პერსონალის დეფიციტი, არასათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ზედმეტი სამუშაო საათები და ა.შ. მსგავს შემთხვევებში როგორც წესი მესამე პირის ჩართვა ხდება საჭირო სიტუაციის განსანეიტრალებლად.

კრიტიკა შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, როგორც ჯანსაღი და არგუმენტირებული ასევე აბსურდული და დემაგოგიური. ფაქტი ერთია, ეს გახლავთ საზოგადოებაში უარყოფითად აღქმული ფენომენი, რომლის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნამაც შესაძლოა ადამიანის სრული დათრგუნვა და მისი შრომისუნარიანობის დაქვეითება გამოიწვიოს.

ჩვენ ვიცნობთ ან გვსმენია ,,ტირანი ბოსების“ შესახებ, ესენი შესაძლოა იყვნენ როგორც უბრალოდ ოფისის მართველები, ასევე დიდი კომპანიების მენეჯერები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით სისხლს უშრობენ თავიანთ თანამშრომლებს. ამყოფებენ მათ მუდმივი კრიტიკის ქარ-ცეცხლში და საბოლოო ჯამში უკეთეს შემთხვევაში უხელფასო შვებულებაში უშვებენ მათ. 

გვაქვს მეორე იარაღიც ,,შექება“, რომელიც თავის მხრივ აღიარებასთან, სასიამოვნოსთან და პოზიტიურთან ასოცირდება. ხშირად ერთი სიტყვა ,,ყოჩაღ“ საკმარისია მთელი დღის ენერგიით დასამუხტად. რათქმაუნდა გააჩნია ამ სიტყვას ვინ გეუბნებათ, რა ინტონაციით და რა მნიშვნელობით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიისათვის შექება ერთგვარ ნარკოტიკს წარმოადგენს, მათ უბრალოდ ჭირდებათ გარკვეული დოზით მაინც აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავს დეპრიმირებულებად და არასრულყოფილად აღიქვამენ. არაფრად ღირს ერთი გამამხნევებელი შეძახილი ან ბეჭებზე ხელის დარტყმა, სანაცვლოდ ეს ადამიანები კბილებით გადაღრღნიან მეტალს, საკუთარი ზურგით გაწევენ უმძიმესს ტვირთს და შესაძლოა მარტომაც კი შეასრულონ მთელი სამუშაო.

თუმცა, არის მეორე კატეგორიაც, რომლებიც საქებარი სიტყვების მიღების შემთხვევაში უმალ შედიან კომფორტის ზონაში, დუნდებიან, იკლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ,,შექებამ აწყინაო“, როგორც იტყვიან.

მაშ რომელი მათგანი სჯობს?

პასუხი ცალსახაა _ ორივე საჭიროა. ორივე მათგანი, შექებაც და კრიტიკაც უძლიერეს იარაღს წარმოადგენს, თითოეული მათგანი სწორად უნდა იქნეს შერჩეული და სწორი დოზით გამოყენებული. სიტუაციის ამოცნობა და ხერხის არჩევა უკვე უშუალოდ თითოეული ჩვენგანის პრეროგატივაა. რაც მეტი ადამიანი გვაბარია, რაც უფრო მაღალია პასუხისმგებლობა მით მეტი დაკვირვება გვმართებს. არ აქვს მნიშვნელობა ფლობთ მცირე საწარმოს, ხართ კომპანიის მმართველი თუ უბრალოდ დიასახლისი, რომელსაც 3 შვილი აბარია. თქვენ ვალდებულები ხართ შეისწავლოთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე მასის დონეზე თქვენი თანამშრომლების, ოჯახის შემთხვევაში კი მისი წევრების ფსიქოლოგია. კრიტიკა ადამიანებმა უნდა მიიღონ სისტემატიურად, სწორი დოზით შერჩეული. თუმცა კრიტიკას აუცილებლად უნდა მოყვებოდეს საფუძვლიანი ახსნა და განმარტება. თუ თქვენ როგორც ხელმძღვანელი სისტემატიურად აკრიტიკებთ ცალმხრივად თანამშრომლებს, უბრალოდ ეუბნებით, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო ,,ცუდია“, მაშინ დიდი ალბათობით მიიღებთ იმას, რომ უკეთეს შემთხვევაში თქვენი თანამშრომელი გადაიწვება, წნეხს ვეღარ გაუძლებს და შრომის უუნაროდ გამოცხადდება. 

იგივე პრინციპია ოჯახის შემთხვევაში, თუკი მშობელი გამუდმებით უბრაზდება შვილს მიღებული დაბალი ნიშნების გამო და სჯის მას, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის კიდევ უფრო დათრგუნვა და მისი მხრიდან საერთოდ გულის აცრუება სწავლაზე. 

გამოსავალი?

საუბარი! უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანზე გვაკისრია პასუხისმგებლობა, მით უფრო იმატებს საუბრების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. სწორად მიწოდებული კრიტიკა, მეტი არაფერია თუ არა შანსი გავხდეთ უკეთესები, ეს უკანასკნელი ხომ ჩვენი სუსტი მხარეების გამომჟღავნებისკენაა მიმართული. ეს არის შანსი გავხდეთ უკეთესები და გამოვასწოროთ ხარვეზები. არანაკლები მნიშვნელობისაა რაღათქმანდა შექება, კიდევ უფრო ფაქიზად შესარჩევი იარაღი, რომლის გამოყენებითაც ადვილად შეიძლება გარშემომყოფების კეთლგანწყობის მოპოვება. 

უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულმა სწორად შერჩეულმა სიტყვამ შესაძლებელია მთელი დღის განწყობა შეგვიქმნას, ანდაც გაგვიფუჭოს.

პოზიტიური გარემოში კი ადამიანი თავადაც პოზიტივით იმუხტება, იმატებს თანამშროლების შრომისუნარიანობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ყოველ დილით გაღვიძებულებს, ქალაქის სუფთა ქუჩები გვხვდება. ბევრმა არც კი იცის, რომ ამ ყველაფრის გამო კონკრეტული ადამიანები ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე იწყებენ მუშაობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, რომლებიც წლების განმავლობაში გათენებიდან დაღამებამდე გვემსახურებიან, მივყავართ დანიშნულების ადგილამდე და შემდგომ უკან. კაფე-ბარებისა და კვების ობიექტების პერსონალი, რომლებიც დაუზარებლად გვემსახურებიან დღის განმავლობაში, ასევე მასწავლებლები და ლექტორები, რომლებიც ჩვენს განათლებაზე ზრუნავენ, ექიმები, რომლებიც ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და კიდევ ბევრი სხვა მაგალითი. 

თუ დილით ადრე სახლიდან გასულს ქალაქის მეეზოვ შემოგხვდათ, გამონახეთ 2 წუთი დრო და გადაუხადეთ მადლობა და შეაქეთ მისი გაწეული სამსახურისათვის. ამით თქვენ ერთდროულად ორ მნიშვნელოვან დავალებას შეასრულებთ, პირველ რიგში გაამხნევებთ და სტიმულს მიცემთ ქალაქის ერთგულ თანამშრომელს, მეორე რიგში კი ყოველთვის მინიმუმ 1 წმ-ით მეტს მაინც ვიფიქრებთ, მანამ სანამ ცარიელ ბოთლს ქუჩაში გადავაგდებთ. ანალოგიური ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში უწევთ ასობით და ათასობით სხვადასხვა ხასიათისა და ტიპის ადამიანთან ურთიერთობა. გადაუხადეთ მადლობა, მიუხედავად იმისა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მგზავრობა, სთხოვეთ თავაზიანად ტაქსის მძღოლს ჩააქროს სიგარეტი მგზავრობის დროს, ჩართოს კონდიციონერი და ა.შ. ერთი შეხედვით მრავალგზის გადაღეჭილი თემები, რომელთა გაუმჯობესება მხოლოდ კოლექტიური მიდგომით თუ შეიძლება. 
მადლობა მათ, ვისაც ეყო მოთინება და ბოლომდე წაიკითხა. სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

ილიას ტერსენიდისი
ექიმი / ფსიქიატრი

კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 457 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar