18:48 მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნის თეორიები |
საკითხზე იმუშავა- მარიამ ნუცუბიძემ. გამოყენებული ლიტერატურა- ავტორთა კოლექტივი “სისხლის სამართალი,ზოგადი ნაწილი,მეორე გამოცემა”,2016 წელი და ქ.მჭედლიშვილი-ჰედრიხი “სისხლის სამართალი,ზოგადი ნაწილი. დანაშაულის გამოვლინების ცალკეული ფორმები”,2011 წელი. დანაშაულებრივი მოქმედების უმოქმედობისაგან გამიჯვნა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული საკითხია სისხლისამართლებრივი თვალსაზრისით.როგორც წესი,უმეტეს შემთხვევებში მას დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ქმედების კვალიფიკაციის მხრივ.სწორედ ამიტომ სისხლის სამართლის დოგმატიკაში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნის რამდენიმე თეორია,თუმცა მათ შორის სამ ყველაზე მნიშვნელოვანს(”ენერგიის დაძაბვის”,ნორმატიული და გამაერთიანებელი თეორიები) განვიხილავ. ენერგიის დაძაბვის თეორიის თანახმად,ქმედების განხორციელების დროს ენერგიის დაძაბვისას მოქმედებასთან გვაქვს საქმე,ენერგიის გამოუყენებლობის დროს კი- უმოქმედობასთან.განვიხილოთ შესაბამისი მაგალითები: პეტრეს ცოლი პეტრეს საჭმელში საწამლავს ჩაუყრის და მოკლავს; მეორე შემთხვევაში,პეტრეს ცოლი დაინახავს,რომ პეტრემ შემთხვევით საწამლავი დალია.ქალი მას არ დაეხმარება,თუმცა მას ეს შეეძლო.პეტრე დაიღუპება.ქალს რომ დროული დახმარება გაეწია მეუღლისათვის,პეტრე გადარჩებოდა. პირველ მაგალითში,ენერგიის დაძაბვის თეორიის თანახმად,ქალმა ენერგია გამოიყენა,ფიზიკურად იმოქმედა,რათა მართლსაწინააღმდეგო შედეგი დამდგარიყო.შესაბამისად,სახეზე გვაქვს განზრახი მკვლელობა მოქმედებით.(სსკ-ის 108-ე მუხლი).მეორე მაგალითში კი,პირიქით,ქალმა ენერგია არ გამოიყენა სავალდებულო ქცევის განსახორციელებლად,მაშასადამე,მისი ქმედება შეფასდება,როგორც მკვლელობა უმოქმედობით(სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი და სსკ-ის 108-ე მუხლი). აღნიშნული კაზუსებისას მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნას პრაქტიკული თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,რადგან ორივე შემთხვევაში კვალიფიკაცია 108-ე მუხლს უკავშირდება,ამ დიფერენციაციას დოგმატიკური გადმოსახედიდან შეიძლება ჰქონდეს დატვირთვა,თუმცა არის შემთხვევები,როცა საქმეში არ ფიგურირებს სამართლებრივი გარანტი და კვალიფიკაციის მხრივაც რადიკალურად იცვლება მდგომარეობა.შესაბამის მაგალითებს ქვემოთ განვიხილავ. “ენერგიის დაძაბვის თეორიიდან” გამომდინარე პრობლემატურია მოქმედებისა და უმოქმედობის ერთმანეთისგან გამიჯვნა დაზარალებულისათვის გადარჩენის შანსის მოსპობის შემთხვევაში.განვიხილოთ შესაბამისი მაგალითები: პეტრე ჭიშკარს ჩაუკეტავს უცხო კაცს,რომელსაც ხარი მოსდევს მოსაკლავად.პეტრეს სურს,რომ ეს კაცი ჭიშკარში ვერ შევარდეს და ის ხარს ემსხვერპლოს.ხარი მართლაც მოკლავს უცნობს. მეორე შემთხვევაში,უკვე ჭიშკართან მისულ და ეზოში შესვლის მსურველ ხარგამოდევნებულ პირს პეტრე ჭიშკრის სახელურს ხელიდან გამოგლეჯს და კარს ჩაუკეტავს.პეტრეს სურს,რომ ეს კაცი ჭიშკარში ვერ შევარდეს და ხარს ემსხვერპლოს.შედეგი მართლაც მსგავსად დადგება. ენერგიის დაძაბვის თეორიით თუ შევაფასებთ,განხილულ ორივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს მოქმედებით ჩადენილი დანაშაული.მაშასადამე,ორივე კაზუსი უნდა დაკვალიფიცირდეს,როგორც პეტრეს მხრიდან პირის განზრახი მკვლელობა მოქმედებით.პეტრემ ენერგია დაძაბა,რათა ჭიშკარი დაეკეტა,ორივე მაგალითში.ის დაისჯება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტით,უმწეო მდგომარეობაში მყოფის მკვლელობისთვის,რაც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა.( თავად უმწეო მდგომარეობაში ყოფნა პირისა კი მაშინ გვაქვს სახეზე,როდესაც პირს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს,მიიღოს ზომები თავის დასაცავად). ზემოაღნიშნული კაზუსები უნდა განიხილოთ მოქმედებისა და უმოქმედობის გამიჯვნის სხვა თეორიებთან მიმართებითაც,რათა უკეთ წარმოჩინდეს,თუ რომელი თეორია აფასებს ყველაზე ობიექტურად უმოქმედობასა და მოქმედებას. უმოქმედობისა და მოქმედების გამიჯვნის ნორმატიული თეორიისათვის ,მნიშვნელოვანია,შეფასდეს არა პირის ქცევა ნატურალისტურად,ანუ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ემპირიულად,არამედ ნორმატიული თვალსაზრისით,კერძოდ,პირისათვის დაკისრებული ვალდებულების მხრივ.ნორმატიული თეორიის მიხედვით,ფასდება ის,გაამართლა თუ არა პირმა საზოგადოების გონივრული მოლოდინი.თუ საზოგადოების დასაბუთებული მოლოდინი იქნებოდა,რომ პირს უნდა ემოქმედა აქტიურად სამართლებრივი სიკეთის გადასარჩენად და პირმა ამ მიზნით არ იმოქმედა,მაშასადამე,მან არ გაამართლა საზოგადოების გონივრული მოლოდინი და მისი ქმედება უნდა შეფასდეს,როგორც უმოქმედობა. კვალიფიკაციის თვალსაზრისით,ნორმატიულ თეორიას “ენერგიის დაძაბვის თეორიისაგან” განსხვავებით რადიკალურად შეცვლილ შედეგამდე მივყავართ. ზემოაღწერილი ორივე კაზუსი,ნორმატიული თეორიის თანახმად,დაკვალიფიცირდება,როგორც უმოქმედობა,რადგანაც არც ერთ შემთხვევაში პეტრემ არ გაამართლა საზოგადოების გონივრული მოლოდინი და არ იმოქმედა მართლზომიერად,აქტიურად სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.რადგანაც პეტრე უცნობი პირის სამართლებრივი გარანტი არ იყო,მისი ქმედება დაკვალიფიცირდება,როგორც დაუხმარებლობა ( სსკ-ის 129-ე მუხლი).ბუნებრივია,სასჯელი მის მიმართ ერთობ მსუბუქი იქნება,ვიდრე “ენერგიის დაძაბვის თეორიის” მიხედვით დაკვალიფიცირების შემთხვევაში.( დაუხმარებლობისთვის პირი მაქსიმუმ 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს,მაშინ,როცა პეტრეს ქმედების მოქმედებად მიჩნევისას 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად,ის თავისუფლების მინიმუმ 13 წლიანი აღკვეთით დაისჯებოდა.თვალშისაცემია,თუნდაც ერთი ნორმის მაქსიმალურსა და მეორე ნორმის მინიმალურ სანქციებს შორის რამხელა სხვაობაა.ეს ხაზს უსვამს სწორი კვალიფიკაციის მნიშვნელობას). რაც შეეხება მესამე და ქართულ სისხლის სამართალში აღიარებულ თეორიას,ეს გახლავთ ერთგვარად შუალედური,ე.წ “გამაერთიანებელი თეორია” ,რომლის დროსაც ყურადღება ექცევა ზემოაღნიშნულ ორივე ფაქტორს,როგორც ქცევის გარეგან ფორმას,ისე ვალდებულების ხასიათს.მოქმედება მაშინ გვაქვს,როდესაც პირი შედეგს აქტიურად,ე.ი სხეულებრივი ენერგიის გამოყენებით იწვევს,უმოქმედობა კი მაშინ,როდესაც პირი მოვლენათა მსვლელობაში არ ერევა და დანაშაულებრივ შედეგს არ იცილებს თავიდან,თუმცა იგი ვალდებული იყო,ეს შედეგი თავიდან აეცილებინა და შეეძლო კიდეც.(მოქმედების ვალდებულება შეიძლება მომდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის სპეციალური ნორმებიდან,რაც სოლიდარულ მოვალეობას წარმოშობს,(მაგ,სსკ-ის 129 მუხლი,დაუხმარებლობა,რომელიც წმინდა უმოქმედობის დელიქტია) ან სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილიდან,რომელიც შერეული უმოქმედობის აუცილებელ წინაპირობებს ჩამოთვლის.ერთ-ერთი წინაპირობა სამართლებრივ გარანტად ყოფნაა.თუ პირი სამართლებრივი გარანტია და მისი დაცვის ქვეშ მყოფის საფრთხეში ჩავარდნის დროს არ უწევს დახმარებას,ამასთანავე მას შეუძლია დახმარების გაწევა და შედეგად დაცვის ქვეშ მყოფი იღუპება,თუ დადგინდება,რომ დახმარების გაწევის შემთხვევაში დაცვის ქვეშ მყოფი გადარჩებოდა,პირი პასუხს აგებს უმოქმედობით მკვლელობისათვის,მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი და 108-ე მუხლით,შესაძლოა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტითაც). შესაბამისად,გამაერთიანებელი თეორიით ზემოაღნიშნული ორი კაზუსის შეფასებისას განსხვავებულ კვალიფიკაციას ვიღებთ. ერთ შემთხვევაში,როდესაც უცნობ პირს ჯერ კიდევ არ მიუღწევია ჭიშკრამდე და პეტრე მას ჭიშკარს ჩაუკეტავს იმ მიზნით,რომ უცნობი ხარმა მოკლას,ქმედების ნორმატიული შინაარსი ჭიშკრის ჩაკეტვისას უტოლდება ჭიშკრის გაუხსნელობას,ანუ უმოქმედობას.პეტრე არ ამართლებს საზოგადოების გონივრულ მოლოდინს და აქტიური მოქმედებით არ ცდილობს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას,ამიტომ ის პასუხს აგებს უმოქმედობისთვის.რადგანაც პეტრე სამართლებრივი გარანტი არაა,წმინდა უმოქმედობის დელიქტია სახეზე( დაუხმარებლობა,129-ე მუხლი). ხოლო მეორე მაგალითში , როდესაც ხარგამოდევნებული უცნობი პირი უკვე ჭიშკარს მიაღწევს და რეალური შანსი წარმოიშობა მისი გადარჩენისა,კარის ჩაკეტვა პეტრეს მხრიდან,უკვე მოქმედებაა და უცნობის პირის გადარჩენის რეალური შანსის მოსპობა ფიზიკური ძალის გამოყენებით.მიუხედავად იმისა,რომ მისი მოქმდება უმოქმედობის,სამართლებრივი სიკეთის დაცვის შესაძლებლობის გამოუყენლობის,ნიშნებსაც მოიცავს,პეტრემ მაინც მოქმედებით ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი.(სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტი). | მიმაგრება: სურათი 1 |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |