14:58
ყველაფერი ელექტროკარდიოგრამის შესახებ

ყველაფერი ელექტროკარდიოგრამის შესახებ

ისტორია / ჩვენება / წაკითხვა

იმ მრავალრიცხოვან ინსტრუმენტულ კვლევის მეთოდებს შორის, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს პრაქტიკოსი ექიმი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილის ელექტროკარდიოგრაფიას, გულის ბიოლექტრული აქტივობის შესწავლას უკავია. ეს მეთოდი შეუცვლელია გულის ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკაში როგორიცაა: რითმისა და გამტარებლობის დარღვევა, პარკუჭებისა და წინაგულების ჰიპერტროფია, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვა.

დავიწყოთ ისტორიით. ჯერ კიდევ 1787 წელს გალვანმა შეამჩნია, რომ ბაყაყის კუნთზე ელექტრული იმპულსების ზემოქმედება ამ უკანასკნელის კონტრაქციას (შეკუმშვას) იწვევდა. 1843 წელს კარლო მატეუჩი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა ზემოთ ნახსენებ თემატიკას და აღმოაჩინა, რომ თურმე ელექტრულ იმპულსებს გულის კუნთის მუშაობაზეც შეეძლოთ გარკვეული ზეგავლენის მოხდენა. მან განაგრძო ექსპერიმენტალური სამუშაოები ფრინველებზე, კერძოდ კი მტრედებზე, რამაც ერთგვარი საფუძველი ჩაუყარა მომავალში ელექტროკარდიოგრაფიის პრინციპებს.

1876 წელს პირველად მოხერხდა აღნიშნული ელექტრული იმპულსების გრაფიკული სახით აღბეჭდვა. ამისათვის ე.ჯ. მარეიმ გამოიყენა ლიპმანის კაპილარული ელექტრომეტრი, რომლის საშუალებითაც აუგუსტუსმა 1987 წელს პირველად მოახერხა ადამიანის ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა. თუმცა ეს ხელსაწყო და თავად მეთოდიც ჯერ კიდევ შორს იყვნენ სრულყოფილებისაგან.

1903 წელს გამოჩნდა ცნობილი ჰოლანდიელი ფიზიოლოგი ვილემ ეინთჰოვენი, რომელმაც მისი წინამორბედების ოცნებები რეალობად აქცია და შექმნა ხელსაწყო, რომელმაც მას 1924 წელს ნობელის პრემიაც კი მოუტანა. იგი მიჩნეულია ელექტროკარდიოგრაფიის გამომგონებლად. ეკგ-ზე აღბეჭდილი კბილების შესატყვისი ასოებით აღნიშვნა (p, q, r, s, t), რომელსაც დღემდე ვიყენებთ სწორედ მისი იდეაა . თუმცა მაშინდელი დანადგარი საკმაოდ დიდი ზომის იყო, რაც მის ყოველდღიურ გამოყენებას კლინიკაში შეუძლებელს ხდიდა.

რათქმაუნდა დროთა განმავლობაში იგი დაიხვეწა და დღეს-დღეისობით მისი ტრანსპორტირება და ყოველდღიურად გამოყენება აღარანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. კარდიოგრამის პირველ 3 განხრას დღემდე ეინთჰოვენის სახელწოდებით მოიხსენიებენ. ე.წ. სტანდარტული განხრები, რომლებიც რეგისტრირდება ელექტროდების შემდეგი სახით წყვილად ჩართვის შედეგად:

I განხრა - მარცხენა ხელი (+) და მარჯვენა ხელი (-)

II განხრა - მარცხენა ფეხი (+) და მარჯვენა ხელი(-)

III განხრა - მარცხენა ფეხი (+) და მარცხენა ხელი (-)

(+) და (-) ნიშნებით აღნიშნულია გალვანომეტრის თუ რომელ პოლუსთან არის შეერთებული ელექტროდი, ე.ი. მითითებულია ყოველი განხრის დადებითი და უარყოფითი პოლუსი.

მედიცინა, ისევე როგორც მეცნიერება არასდროს ჩერდებოდა მიღწეულზე, სწორედ ამიტომ 1942 წელს გოლდბერგერმა კიდევ უფრო დახვეწა ელექტროკარდიოგრაფია და ეინთჰოვენის სტანდარტულ განხრებს დაუმატა გაძლიერებული განხრები კიდურებიდან, რომელთა აღნიშვნებიც წარმოდგება შესაბამისი ინგლისური სიტყვების პირველი ასოებიდან, ესენია:

aVR - გაძლიერებული განხრა მარჯვენა ხელიდან

aVL - გაძლიერებული განხრა მარცხენა ხელიდან

aVF - გაძლიერებული განხრა მარცხენა ფეხიდან

თანამემამულის მსგავსად თავისი წვლილი ელეკტროკარდიოგრამის დახვეწაში ამერიკელმა კარდიოლოგმა ფრანკ ვილსონმაც შეიტანა, რომელმაც შემოგვთავაზა ე.წ. გულმკერდის განხრები. თითოეული განხრა აღინიშნება V ასოთი და ნუმერირებულია 1 დან 6 ის ჩათვლით.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა რა საჭიროა ამდენი განხრა და ჩამოთვლილი განხრებიდან რომელია პრიორიტეტული?

პასუხი მარტივია - თითეული მათგანი ფასდაუდებელია ყოველდღიურ პრაქტიკაში, რადგან შესაბამისი ელექტროდები სხეულის სხვადასხვა უბანზე თავსდებიან და შესაბამისად სხვადასხვა ლოკაციებიდან ახდენენ იმპულსის ჩაწერას. ეინთჰოვენის, გოლდბერგერის და ვილსონის განხრები ჯამში გვაძლევენ ე.წ. 12 განხრიან ელექტროკარდიოგრამას, რომელიც აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში. სწორედ ამ ელექტროდების მეშვეობით ხდება გულის აგზნების დროს სხეული ზედაპიზე წარმოქნილი პოტენციალთა სხვაობის ჩაწერა და ელექტროკარდიოგრაფზე აღბეჭდვა.

აქვე მიმოვიხილოთ კარდიოგრამის ჩანაწერი, რაღათქმაუნდა ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება პათოლოგიებს, მათზე თანდათანობით ვისაუბრებთ მომავალში.

მაშ ასე, ელექტროკარდიოგრამა შედგება რამდენიმე კბილის, სეგმენტისა და ინტერვალისგან, რომლებიც ასახავენ გულში აგზნების ტალღის გავრცელების რთულ პროცესს. ეკგ-ს წასაკითხად და გასაშიფრად პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, სად ხდება გულში იმპულსის წარმოქმნა და როგორ ვრცელდება ის.

გულს გააჩნია ავტომატიზმი, ანუ უნარი გამოიმუშავოს ელექტრული იმპულსები გარეგანი გაღიზიანების გარეშე. ავტომატიზმის ფუნქცია აქვს ე.წ. სინოატრიალურ კვანძსა და გულის გამტარი სისტემის უჯრედებს. ნორმის ფარგლებში რითმის წამყვანად ანუ პეისმეიკერად (pacemaker ინგლ. სიტყვა,რაც ტემპის მიმცემს ნიშნავს) სინოატრიალური კვანძი გვევლინება. იგი განთავსებულია მარჯვენა წინაგულში. მისგან წამოსული იმპულსი ააგზნებს პირველ რიგში მარჯვენა წინაგულს, საიდანაც აგზნება მარცხენა წინაგულში გრძელდება, შემდგომ ატრიოვენტრიკულური კვანძის გავლით იმპულსი გადაინაცვლებს პარკუჭებში და ახდენს მათ აგზნებას. ამის შემდეგ ხდება რეპოლარიზაცია და მთავრდება ასე რომ ვთქვათ ერთი ციკლი, რომელსაც ანალოგიური მოყვება. სწორედ ამ პროცესის ჩაწერა და აღბეჭდვა ხდება ელექტროკარდიოგრამაზე. აგზნების თითოელი ფაზა შესაბამისი მრუდით (კბილით) აღიბეჭდება კარდიოგრამაზე და თავისი შესატყვისი ასოც გააჩნია, რომელიც ჯერ კიდევ ეინთჰოვენმა შემოგვთავაზა. ეს კბილებია:

P კბილი ასახავს მარცხენა და მარჯვენა წინაგულის დეპოლარიზაციას (აგზნებას).რომელიც შესაბამისი განხრებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. მისი განსაღვრა აუცილებელია გულის რითმის ტიპის დასადგენად, ასევე მნიშვნელოვანია მისი ამპლიტუდა, ფორმა, ხანგრძლივობა და სხვ.

QRST პარკუჭოვანი კომპლექსი ასახავს პარკუჭების მიოკრადიუმში გავრცელებისა (QRS კომპლექსი) და დამთავრების (RS-T სეგმენტი და T კბილი) რთულ პროცესს. აღნიშნულ კომპლექსზე დაკვირვებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ პარკუჭებში იმპულსების გამტარობის დარღვევაზე, შევაფასოთ იშემიით მიმდინარე პათლოგია, ამოვიცნოთ წარსულში გადატანილი ინფარქტი და ა.შ.

U კბილი შედარებით იშვიათად გვხვდება ელექტროკარდიოგრამაზე, რომელიც როგორც წესი T კბილს მოყვება აღნიშინება პარკუჭების გვიანი რეპოლარიზაციის დროს.

ელექტროკარდიოგრამის წაკითხვა ადამიანთა უმეტესობისათვის (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) იეროგლიფების გაშიფვრასთან ასოცირდება. თუმცა სწორი მიდგომით და გარკვეული სქემის შემუშავებით, შესაძლებელია უნარების დახვეწა და გარკვეულ იეროგლიფებში ნაცნობის სიმბოლოების ამოკითხვა. კარდიოგრამის კითხვის დროს მიზანშეწონილია ვიქონიოთ სქემა / ალგორითმი, რომელიც საგრძნობლად გაგვიადვილებს ერთ შეხედვით ქაოტურ ტალღებში ორიენტირებას.

1. დავრწმუნდეთ იმაში, რომ კარდიოგრამა ტექნიკურად სწორად არის ჩაწერილი

2. შევაფასოთ რითმი (სინუსურია თუ არა, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმია), ამისათვის საკმარისია დავთვალოთ პულის და გავზომოთ მანძილი R-R კბილებს შორის

3. შევაფასოთ გულის ელექტრული ღერძის მდგომარეობა (ნორმალური, გადახრილი მარცხნივ ან მაჯვნივ, საგიტალური და სხვ.). გულის ელექტრ. ღერძის განსაზღვრა ხდება ეინთჰოვენის განხრებში R კბილებზე დაკვირვებით ან ე.წ. კაბრერას წრის გამოყენებით. გულის ელექტრულ ღერძზე დაკვირვებით შეგვიძლია დავადგინოთ გულის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ეჭვი მივიტანოთ ჰიპერტროფიაზე, მანკზე და ა.შ.

4. შევაფასოთ კარდიოგრამაზე აღბეჭდილი კბილებისა და კომპლექსების პოლარობა (დადებითია თუ უარყოფითი), ფორმა და შესაბამის ფაზაში იმპულსის გავრცელების დრო, რომელიც მილიწამებში იზომება. მაგალითად თუ კი PQ-ინტერვარლი 220 მილიწამს / 0,22 წმ-ს აღემატება, ეს მიუთითებს Iხარისხის ატრიოვენტრიკულურ ბლოკადაზე. QRS კომპლექსის გახანგრძლივება მიუთითებს ჰისის კონის სრულ ან ნაწილობრივ ბლოკადაზე და ა.შ.

5. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ST სეგმენტზე დაკვირვება, ამ უკანასკნელის კონფიგურაციის შეცვლა გულის კუნთში მიმდინარე იშემიურ პროცესებზე მიგვანიშნებს და უმნიშვნელოვანესია მიოკრადიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკის დროს.

დღეისთვის ამაზე შევჩერდეთ. უფრო დეტალურად ელექტროკარდიოგრამის ჩვენებებისა და გულის კუნთში მიმდინარე პათლოგიური პროცესები შესახებ შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ.

ილიას ტერსენიდის
ექიმი / ფსიქიატრი
ფსიქოსომატიკის სპეციალისტი

წყარო:

სტრუტინსკის ელექტროკარდიოგრაფია
ჰეროლდის შინაგანი მედიცინა
სამედიცინო ინტერნეტ პორტალი Amboss



კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 745 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar