17:45
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 25 ( ანალიზი )

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 25

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

 

მუხლის შინაარსობრივი ანალიზი

გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური და ფუნქციური ელემენტია. ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის ქმნის აუცილებელ საფუძველს. როგორც გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებას უწყობს ხელს. შეკრების უფლება კონსტიტუციურ რანგში თავდაპირველად ჯერ კიდევ საქართველოს პირველ კონსტიტუციაში გვხვდება. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით აღიარებული იყო საჯაროდ და უიარაღოდ „როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ” შეკრების უფლება.
საბჭოურ საქართველოში კი პირველად, 1937 წლის 13 თებერვლის კონსტიტუციით დაფიქსირდა კრებების, მიტინგების, მსვლელობებისა და დემონსტრაციების თავისუფლება (138-ე მუხლი).2 თუმცა, საბჭოთა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს უფლება საბჭოთა საქართველოში მხოლოდ დეკლარაციული, ილუზორული ხასიათის იყო და პრაქტიკაში იგი თითქმის არ იყო გამოყენებული. 1995 წლის კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირვანდელმა რედაქციამ 2005 წლის 23 დეკემბრის კონსტიტუციური კანონით სახეცვლილება განიცადა. შედეგად კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულ იქნა სიტყვები „უშიშროების სამსახურის” და იგი შეიცვალა სიტყვებით „შინაგან საქმეთა სამინისტროს”. ეს იყო მუხლის მხოლოდ ფორმალური სახეცვლილება, რაც გამოიწვია თვით სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურულმა ტრანსფორმაციამ სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტს შეიცავს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლება „ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით”, ის შეიცავს გამოხატვის თავისუფლების, აზრის გავრცელების შესაძლებლობის გარანტიებს. ამ მუხლით დაცულია ადამიანის შეხედულებები, მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის შერჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები. შეკრების (მანიფესტაციის) უფლება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ის აზრის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ადამიანთა თავყრილობას (მსვლელობას), რომელიც მოკლებულია იდეას, არ ემსახურება აზრის, ინფორმაციის გაზიარებას ან გავრცელებას, არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან. შეკრებას (მანიფესტაციას) კონსტიტუციურ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს. ეს განაპირობებს ბუნებრივ და არსებით კავშირს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს შორის. ამ მხრივ, კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც ადამიანთა ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს, კონსტიტუციის 24-ე მუხლის გაგრძელებაა.
კონსტიტუციის 25-ე მუხლის მსგავსად, 26-ე მუხლიც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ელემენტია. თუმცა, 26-ე მუხლში 25-ესაგან განსხვავებით, გარანტირებულია არა დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში შეკრება, არამედ, პირიქით. კონსტიტუციის 26-ე მუხლი უზრუნველყოფს ერთიანი აზრის, სიტყვის და მსოფლმხედველობის გამოხატვის გამო ადამიანთა მდგრად და ხანგრძლივ ერთობლიობას.

დაცული სფერო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას ორი, თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი გააჩნია: პირველია ამ უფლების ფორმალური მხარე, რომელიც შეკრებასა და მანიფესტაციაში გამოიხატება და მეორე – კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება.
შესაბამისად, ადამიანთა ისეთი თავშეყრა ან მსვლელობა, რომელიც მოკლებულია კონკრეტულ იდეას, და არ ემსახურება აზრის, ინფორმაციის გაზიარებას ან გავრცელებას, ვერ იქნება კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. შეკრებასა და მანიფესტაციას კონსტიტუციით დაცულ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს. 


შეკრებისა და მანიფესტაციის განმარტება

„შეკრება” არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით; ხოლო „მანიფესტაცია” არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.
 



კატეგორია: იურისპრუდენცია | ნანახია: 587 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar