08:01
სექსის პოლიტიკა საქართველოში

საქართველოში სექსზე რომ ჩამოვარდება ლაპარაკი, ადამიანებს სპეფიციკური ღიმილი ეფინებათ სახეზე. ეს უხერხულობის ნიშანია: ჯერ ბოლომდე ვერ გაგვირკვევია, როგორ და რა ტონალობაში ვილაპარაკოთ ასეთ თემებზე. ამიტომ ვღადაობთ.

ამას სხვა მიზეზიც აქვს: ვინც სექსზე ლაპარაკობს, ჩვეულებრივ, დასცინის საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც, მისი აზრით, ამ საკითხზე მოძველებული, ტრადიციული წარმოდგენები აქვს. მაგალითად, ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში კიდევ „ქალწულობის ინსტიტუტზე” კამათობენ, ჩამორჩენილობის უტყუარ ნიშნად მიიჩნევა. კაი რა, რაღა დროს ეგაა!

იმათ კი, ვინც ამ დროს დაცინვის სავარაუდო ობიექტია, თვით თემის საჯარო განხილვის ფაქტი აშფოთებს. თუ სექსზე ხმამაღლა ლაპარაკია ტაბუ, პოლემიკაში როგორ ჩაერთვები? შედეგად სასაცილო რაღაცები გამოდის. თავის დროზე ზურაბ ოდილავაძის ბლოგმა საქართველოში „სექსუალური რევოლუციის აჩრდილის” შესახებ ერთი ქალბატონი ძალიან განარისხა, მაგრამ უკეთესი არგუმენტი ვერ მოიფიქრა: მარხვის დროს ამის გამოქვეყნება როგორ შეიძლებოდაო. ჭეშმარიტად!

რაკი მარხვა დამთავრდა, შევეცდები, ამ თემაზე სერიოზულად ვილაპარაკო, თუმცა ხანდახან თუ შემომეპარა ეს ოხერი ირონია, უნდა მაპატიოთ.

სექსი პოლიტიკაა

ჯერ ვთქვათ მთავარი: სექსი პოლიტიკური პრობლემაა. „სულ გადაირიეთ, ხალხნო, რა შუაშია სექსი და პოლიტიკა?” იმ შუაშია, რომ ამ თემაზე სხვადასხვა ნორმატული წარმოდგენა არსებობს და ისინი პირდაპირ ეხება ძალიან ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესს. იმ გადაწყვეტილებაზე, დასაცავია თუ გადასაგდები ხსენებული „ქალწულობის ინსტიტუტი”, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ბედია დამოკიდებული. ეს არანაკლებ მწვავე პრობლემაა, ვიდრე ინფლაცია ან უმუშევრობა. ერთსქესიანი კავშირების დასაშვებობაზე აღარაფერს ვამბობ: დაინტერესებულთა რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ საკითხის სიმწვავე – გაცილებით დიდი. ხოლო როცა ერთმანეთს ეჯახება აზრები იმის თაობაზე, რაც ძალიან ბევრს ადამიანს ეხება, ეს პოლიტიკაა.

თეზისი მეორე. სექსუალური ქცევის ნორმების ცვლა მოდერნიზაციის და მასთან დაკავშირებული ვესტერნიზაციის პროცესის ნაწილია. დიახ, NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოება კავშირშია სექსუალურ ქცევასთან. „დასავლეთის” ხსენებაზე ბევრ ადამიანს მეტი სექსუალური თავისუფლება (ან „აღვირახსნილობა” – გააჩნია რა პოზიციაზე დგახარ) მოსდის თავში. ლიბერალური ღირებულებები ამ სფეროს არანაკლებ ეხება, ვიდრე კანონის უზენაესობას ან თავისუფალ ეკონომიკას.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება რუმინელი ფილოსოფოსის, რაღაც პერიოდში კი მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი პლეშუს მოგონება. 1990-იანების დასაწყისში, როცა რუმინეთი ევროსაბჭოში შედიოდა, მას ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოსთხოვეს (ჩაუშესკუს დროს მკაცრად ისჯებოდა ეგ საქმე). ჰოდა, როცა მინისტრი პლეშუ ევროსაბჭოში შესვლას „აპიარებდა”, ერთ-ერთ სოფელში უთხრეს: ევროსაბჭოში შესვლა კი ძალიან გვინდა, მაგრამ პიდარასტობა სავალდებულო რომ ხდება, ეს ცოტა გვაშფოთებსო. ევროპის ხათრით რას არ იზამ კაცი, მაგრამ მაინც „ტეხავს”.

უფრო მშობლიურს გავიხსენებ – 2001 წელს, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში რომ გადავიდა და ამ ამპლუაში თავისი პირველი არჩევნები მოიგო (ვაკის მაჟორიტარი გახდა), საარჩევნო კომისიასთან შეკრებილ მიტინგზე ოპონენტებმა (ჯონდი ბაღათურიას ხელმძღვანელობით) მის მომხრეებს სულ „ონანისტებო, ონანისტებო” უძახეს. მერე, უკვე ვარდების რევოლუციის დღეებში, ასლან აბაშიძის ბიჭებმა „კმარას” აქტივისტებს მოუწყვეს დახვეწილი პროვოკაცია – ჰომოსექსუალებად გამოიყვანეს. ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა შალვა რამიშვილის რადიო, „პიდარასტები მოდიანო”. ჰოდა, გამართლდა: მოვიდა ონანისტების და პიდარასტების მთავრობა, რომელიც ქალწულობის ინსტიტუტს ებრძვის და ახალგაზრდებს ბუჩქებში სექსისკენაც კი მოუწოდებს.

რა ხდება?

რა ეტაპზეა სექსი და მისი პოლიტიკა დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში? ლიბერალურ პრესაში, ბლოგებზე და ა.შ. (პრო- და ანტისამთავრობო ლიბერალებს შორის ამ მხრივ დიდი განსხვავება არაა) ისმის გოდება, რომ სექსი ჩვენთან კვლავ ტაბუა, რომ ქაჯური შეზღუდვებისაგან ვერ გავთავისუფლებულვართ და ა.შ. ოღონდ ეს ცოტა სასაცილო ხდება: რა ტაბუზეა ლაპარაკი, თუ ყველა სექსზე ლაპარაკობს? ხსენებულ ბლოგში ზურა ოდილავაძე „სექსუალური რევოლუციის აჩრდილს” ინტერნეტული სექსის გააქტიურებაში ხედავდა, რაზეც ახალგაზრდა ოპონენტები მიუგებდნენ (როგორც ჩანს, საქმის ცოდნით), რა აჩრდილი, რის სკაიპი, რომელი ქალწულობა, ახალი თაობა დიდი ხანია საქმეზე ვართ გადასული ყოვლად ლაივშიო.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება სექსისა და მისი პოლიტიკის ნაწილში ისევეა გარდამავალ ეტაპზე, როგორც მრავალ სხვა სფეროში. ე.წ. სექსუალური რევოლუცია დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს, როგორც დისკურსის, ისე ქცევის დონეზე, და ამ ტენდენციის გამჩერებელი არავინ ჩანს. რა თქმა უნდა, ტრადიციული წარმოდგენები დღევანდელ საქართველოში გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე „იქ”, სადაც ეს ყველაფერი 1960-იან წლებში შეიცვალა. მაგრამ ტენდენცია არსებითად იგივეა.

„სექსუალური რეფორმა” შედარებით კონტექსტში შეგვიძლია ჩავსვათ: პოლიციის რეფორმა ჯერჯერობით უფრო წარმატებულია, ვიდრე სასამართლოს, მაგრამ სასამართლოშიც ხდება რაღაც კარგი, ეკონომიკური ლიბერალიზაცია უფრო კარგად გამოგვდის, ვიდრე დემოკრატიზაცია, მაგრამ მთლად დიქტატურაც არა ვართ და ა.შ. ასევე, სექსის რეფორმა მთლად ისე კარგად ვერ მიდის, როგორც საჯარო რეესტრის, მაგრამ თუ, ვთქვათ, სარეზერვო სამსახურის მდგომარეობას შევადარებთ, აქ უფრო ახლოსა ვართ NATO-ს სტანდარტებთან.

თავის ნოსტალგიურ-ავტობიოგრაფიულ რომანში „ფეხმძიმე ქალი” ბრიტანელი მწერალი მარტინ ემისი 1960-იანი წლების სექსუალურ რევოლუციას იხსენებს და ზუსტ თარიღსაც კი ასახელებს: დასავლეთ ევროპაში სექსი 1966 წელს აღმოუჩენიათ. მაგრამ, აგრძელებს ის, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: ნამდვილ ცვლილებას ათწლეულები დასჭირდა. ასე რომ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ეს თემა საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება გავაკეთოთ: ეკლესიის ძალა და ავტორიტეტი ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად მითია. მაღალი რეიტინგი ერთია, მორალური ავტორიტეტი კი – სულ სხვა. მათ შორის განსხვავებას ჰქვია ფარისევლობა, რაც კარგადაა დაჭერილი ფილმში „ჭამა და სექსი”. მარხვის დროს სექსისგან თავშეკავება იმაზეა დამოკიდებული, კატლეტი რომელ ცხიმში შეწვი: თუ შემთხვევით კარაქი შეგერია, მერე სექსზე რატომღა უნდა თქვა უარი?

სხვა პრობლემები

„ქალწულობის ინსტიტუტი”, როგორც ქცევის სავალდებულო სტანდარტი, საქართველოშიც, როგორც ჩანს, განწირულია, თუმცა არიერგარდულ ბრძოლებს განაგრძობს. გიხაროდენ: სექსს სახელმწიფო თუ საეკლესიო ლიცენზია აღარ სჭირდება. სექსის ლიბერალური რეფორმის არსიც ესაა.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება. აღარაფერია ამ სფეროში საკამათო? საკითხი სხვა დონეზე გადადის, რომელზეც ზოგადი „პროდასავლურობა” რელევანტური აღარაა და აქტუალური ხდება განსხვავება მემარცხენე და მემარჯვენე ლიბერალებს შორის.

1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციის იდეალი იყო პრომისკუიტეტი, ანუ „ყველაფერი მოსულა” (anything goes). 1920-იანი წლების რუსი ბოლშევიკების ენაზე ამას ერქვა „ჭიქა წყლის თეორია”: სექსი ჭიქა წყალივითაა, მოგწყურდა – დალიე. ლაპარაკი რაღაც მორალურ შეზღუდვებზე: მაგალითად, იმაზე, რომ არსებობს ერთგულების იმპერატივი, პასუხისმგებლობა შენ მიერ ჩასახული, მაგრამ ჯერ დაუბადებელი არსების წინაშე, რომ ოჯახი საჭირო და გასაფრთხილებელი ინსტიტუტია – რეაქციულ ბურჟუაზიულ გადმონაშთად ჩაითვალა.

კამათის ამ დონეზე მე შეიძლება რეაქციონერების ბანაკშიც აღმოვჩნდე. არავითარი პრობლემა არ მექნება, თუ საქართველოს შემდეგი პრემიერი ან პრეზიდენტი ჰომოსექსუალი აღმოჩნდა – მაგრამ სულაც არ ვთვლი სავალდებულოდ, რომ ჰომოსექსუალური ქორწინება საკანონმდებლო დონეზე ჰეტეროსექსუალურს გაუთანაბრდეს. არაფერი მესაქმება, ვის ვისთან აქვს სექსი, მაგრამ ვისაც აქვს, შედეგებზეც უნდა აგებდეს პასუხს. ის კონცეფცია, რომ აბორტი „ქალის არჩევანის უფლებაა” და მეტი არაფერი, ჩემთვის მიუღებელია. ის, რომ საქალწულე აპკის ულიცენზიოდ გარღვევას საზოგადოების დიდი ნაწილი ცოდვად მიიჩნევს, ხოლო ჩანასახის დედის საშოში ჩაკვლას მორალური თვალსაზრისით კბილის ამოღებისგან არ ასხვავებს, ჩვენი საზოგადოების ფარისევლობის განსაკუთრებით მწვავე მაგალითია.

ამაზე ლაპარაკს ჯერ მხოლოდ ვიწყებთ.


წყარო:http://www.tabula.ge/ge/blog/59346-seqsis-politika-saqartveloshi

| ტეგები: პოლიტიკა, სექსი, საზოგადოება

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 512 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar