19:13
სხვა ადამიანები არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან

გჭირდება სხვა ადამიანები იმისათვის, რომ საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება იგრძნო??

რა უცნაური და საინტერესოა არა? რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები? რომ მათი გავლით მოვიდეს ჩვენში ყველა ის გრძნობა, რომელიც რეალურად ჩვენში გამომუშავდება?
იქნებ საკუთარ თავს არაფერს ვუკეთებთ, რომ ეს ყველაფერი თავად ვიგრძნოთ..მე გთავაზობთ სცადოთ და საკუთარ თავს დაუსვათ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და ძალიან ძლიერი შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს: – რა უნდა გავაკეთო მე, რომ ჩემმა მოქმედებებმა მაგრძნობინოს საკუთარ თავში ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები და სიამოვნება? და გულწრფელად უპასუხოთ.

ამაზე პასუხი ყველა ადამიანისთვის რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. ზოგისთვის შეიძლება ეს მოქმედებები იყოს საყვარელი საქმის კეთება, ჰობით დაკავება ან უბრალოდ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვა და ამ ყველაფრით თუნდაც იმის განცდა, რომ სასარგებლოები ვართ სხვა ადამიანებისთვის და სამყაროსთვის. რა დროსაც შესაძლოა ვგრძნობთ, რომ ჩვენს მისიას ვასრულებთ და სწორ გზაზე ვართ.

მაგრამ რა ხდება როცა ჩვენი ცხოვრების სტილი არ გვაძლევს საკუთარი თავის გამოხატვის, თვითრეალიზების საშუალებას, საყვარელი საქმით და ჰობით დაკავებას და ჩვენ თავად ვერ ვანიჭებთ ამ დროს საკუთარ თავს სიამოვნებას?

რა ხდება როცა დრო არ გვაქვს მივყვეთ ჩვენი გულის ხმას, ჩვენს გულწრფელ სურვილებს?  თუნდაც ეს იყოს დილით ადრე ბუნებაში გასეირნება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება, ცეკვა, საკუთარი თავის მოვლა, ზრუნვა საკუთარ თავთან სიახლოვე და საკუთარ სურვილებზე პრიორიტეტის მინიჭება. საკუთარი შეხედულებების, აზრის და იდეების პატივისცემა, საკუთარი თავის პატიება და ა.შ. და თუ ამ ყველაფერს ემატება არასწორი რწმუნებულება, რომ რთულია ჩვენი ოცნების ცხოვრებით ცხოვრება, მაშინ რაღა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს აღარ ვაკეთებთ და სხვა რა დაგვრჩენია, ვეძებთ გარე გამაბედნიერებლებს და ვიჯერებთ, რომ სხვებს შეუძლიათ ჩვენი გაბედნიერება.  ბევრი ადამიანი ხარჯავს უამრავ ფულს არასაჭირო ნივთების, ტანსაცმელების, საკვების და ძვირაფასი აქსესუარების შეძენის გამო და იმ მიზნით, რომ როგორმე შეივსოს შინაგანი სიცარიელე, თუმცა ეს არაჯანსაღი მიდგომაა და ამას მხოლოდ მოკლე პერიოდით აქვს შედეგი. რეალურად ამ დროს ჩვენ დამოკიდებული ვხდებით სხვა ადამიანებზე, ნივთებზე, გარემოებებზე. არასწორ ადგილზე ვეძებთ ბედნიერების შეგრძნებას და ვერ ვაცნობიერებთ, რომ რეალურად ეს მხოლოდ ბედნიერების სტიმულატორებია, გარედან მიღებული და არა ბუნებრივი, შიგნიდან გამოსული ბედნიერება. ამ ყველაფერთან ერთად, როცა გარე წყაროა ჩვენი ბედნიერების მიზეზი, ყოველთვის ჩნდება ამ ყველაფრის დაკარგვის შიში და გამოდის, რომ ვცხოვრობთ სხვებზე დამოკიდებული, მიჯაჭვული და ველოდებით როდის გაგვაბედნიერებს სხვა და რაც ყველაზე მტკივნეულია ხოლმე – გვმართავს ამ ყველაფრის დაკარგვის შიში.

საბედნიეროდ, რეალურად ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ნამდვილი ბედნიერების განცდა ჩვენ თავად შეგვიძლია გამოვიმუშაოთ. ეს ჩვენი ბუნებრივი უნარია. ეს ჩვენი პრეროგატივაა.

შეკითხვაზე:  რა უნდა გავაკეთო ახალა, რომ ვიგრძნო ბედნიერება, სიხარული, დადებითი ემოციები, სიამოვნება, სიმსუბუქე, სიყვარული…? საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ ნებისმიერი პასუხი ყველაზე მეტად მართალი და ჭეშმარიტი იქნება, რადგან ჩვენში ყოველთვის არის სწორი პასუხები, მთავარია სწორი შეკითხვების დასმა. ასეთი მიდგომით კი თავიდან ავირიდებთ ადამიანებზე მიჯაჭვულობას, შიშით ცხოვრებას სხვა ადამიანების გამოყენებას ჩვენი ბედნიერებისთვის, სხვა ადამიანებზე მანიპულირებას – მიზნით რომ მერე მათ რამე გააკეთონ ჩვენ გასაბედნიერებლად და ამ გადაწყვეტილებით გავაცნობიერებთ, რომ სხვა ადამიანები ნამდვილად არაფერ შუაშია ჩვენს ნამდვილ ბედნიერებასთან და ჩვენი ბედნიერება მხოლოდ ჩვენს ხელშია.

რა საინტერესოა, ვინ ვიქნებოდით და რას ვიგრძნობდით ფიქრის გარეშე, რომ გვინდა სხვამ გაგვაბედნიეროს? ფიქრის გარეშე, რომ სხვა შეუძლია ჩვენი გაბედნიერება? ამ ფიქრების გარეშე რას დავინახავდით ჩვენში და რას შევამჩნევდით? ალბათ იმ რეალობას, რომელიც ჩვენი ფიქრების მიღმაა და რომელიც იმაზე მეტად კეთილი და მარტივია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

წყარო:http://b2p.ge/sxva-adamianebi-arafer-shuashia/

 

| ტეგები: ფსიქოლოგია, ზოგადი ფსიქოლოგია

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 499 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar