16:56
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე

ბავშვთა საერთაშორისო დღე ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია.  იგი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის  მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.

ეს დღე 1950 წლიდან   მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის  შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით  გადადგმული ნაბიჯებისა, ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა უკიდურესი სიღატაკე, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული რთული მდგომარეობა, მაღალმთიანი რეგიონებში განსაკუთრებით შემაშფოთებელი ვითარება, ადრეულ ასაკში ქორწინების მზარდი ტენდენციები; ბავშვთა შრომა და მიტოვებული ბავშვები – ეს მხოლოდ ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების არასრული ჩამონათვალია.

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამოწმებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას,  მონიტორინგს ატარებს ბავშვთა ღია და დახურულ დაწესებულებებში, სწავლობს ბავშვის უფლებების დარღვევების ცალკეულ შემთხვევებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი მომავალში კიდევ მეტ ძალისხმევას მიმართავს ბავშვთა უფლებების დასაცავად და შეეცდება მაქსიმალურად გამოავლინოს უფლებადარღვევათა ფარული შემთხვევები, შეიმუშაოს და განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელს და უფლებადაცვით საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ მთავრობის მიერ ახლახანს შემუშავებულ ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში ასახული  ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები დროულ რეალიზაციას ჰპოვებს და საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.  

| ტეგები: პირველი ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1 ივნისი

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საზოგადოება | ნანახია: 1667 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar