ქართულ ლიტერატურაში საყოველთაოდაა ცნობილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სიახლოვე ფოლკლორთან, მაგრამ სპეციალურ ლიტარატურაში ისიცაა აღნიშნული, რომ ეს სიახლოვე და გარეგნული მსგავსება იმდენად დიდია, ხშირად შეუძლებელი ხდება იმის გარჩევა, თუ სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. როგორც ჩანს, ეს სიახლოვე გახდა მიზეზი შეცდომებისა, რაც საკმაოდ ბევრი იყო ამ საკითხებზე მომუშავე მკვლევართა შრომებში. სამწუხაროდ, მსგავსი შეცდომები დღესაც ხშირად მეორდება.

რა თქმა უნდა, ისეთი რთული საკითხის კვლევის დროს, როგორიცაა ვაჟას შემოქმედებისა და ხალხური წყაროების ურთიერთმიმართების საკითხი, შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ საკითხის ზერელე განხილვა, მხოლოდ გარეგნულ ნიშნებზე დაყრდნობა, გულუბრყვილობა, ტენდენციური და არამეცნიერული მსჯელობა არავის ეპატიება.

შეცდომები, რომლებზედაც ქვემოთ შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას რომელიმე რიგითი მწერლის შემოქმედებას რომ ეხებოდეს და არა ვაჟას, იქნებ ასეთი ყურადღების ღირსიც არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან საქმე ვაჟას შემოქმედებას შეეხება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს და შემდეგშიც მოახდენს თაობებზე, დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს, რადგან ეს შეცდომები მომავალ თაობებსაც მცდარ ინფორმაციას მიაწვდიან. თანაც ამ შეცდომების გასწორება დღეს უფრო ადვილია, ხვალ კი იქნებ შეუძლებელიც შეიქნეს.

Attachments: სურათი 1
Category: ლიტერატურა | Views: 32562 | Added by: Dvalishvili | Date: 2016-06-29 | Comments (0)