19:54
აკაკი შანიძე: ვეფხისტყაოსნის ლექსიკონი

იმისათვის, რომ მარტივად მოძებნოთ თქვენთვის სასურველი სიტყვის განმარტება კლავიატურაზე დააჭირეთ შემდეგ კომბინაციას CTRL+F ბრაუზერის მაღლა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, ჩაწერეთ თქვენთვის საჭირო სიტყვა და ბრაუზერი ავტომატურად გადავა მოცემულ ნაწილში! 

აბჯარი ტანზე ჩასაცმელი ან ტანით სატარებელი საომარი იარაღი; მეაბჯრე მოყმის აბჯრის მზიდველი.

აერი ჰაერი; აერ-ფერი ჰაეროვანი, ლამაზი.

ავაზა ვეფხვისებრი მხეცი, რომელიც შეიძლება მოშინაურდეს და სანადიროდ გაიწვრთნას. შდრ. ჯიქი.

ავლი ფერფლი.

აზავერი საბარგო ხარი; აზავრები ვააზავრე – ხარებს ბარგი ავჰკიდე.

ათქს (=ადგს) ადგას.

ალამი 1. ქსოვილისაგან შემდგარი ნაწილი დროშისა; 2. ქსოვილის კუთხედი.

ალაფი ნადავლი, ომში ნაშოვნი ქონება; ალაფობა დავლის შოვნა; ნაალაფავი ომში ნაშოვნი.

ალვა სურნელოვანი ნივთიერება, რომელიც საკმევლად, სასიამოვნო სუნის დასაყენებლად იხმარებოდა.

ალქატი ღარიბი, უქონელი; არ-ალქატი მდიდარი, ქონებიანი, უხვი; ლხინი ჩემი ვაალქატე – ლხინი ჩემი შევამცირე.

ამად ამიტომ.

ამაზრზენი, ამაზრზენა გულისთქმის, ძლიერი სურვილის გამომწვევი.

ამარი რიცხვი, რაოდენობა; უამარი უამრავი, ურიცხვი.

ამარტა ქარვა.

ამილახორი მეჯინიბეთუხუცესი.

ამირბარი ზღვათა ვაზირი, საზღვაო ძალთა მინისტრი.

ამირ-სპასალარი მთავარსარდალი, მხედართმთავარი.

ამოგება ამოვსება, ავსება (საბოძვრით).

ამოკრეფა მიჩნევა, ჩაგდება: ყოლა არად ამოგვკრიფნა – სრულიად არაფრად ჩაგვაგდო.

ამოხმა ამოღება: ისრის პირნი ამოუხვნა – ისრის პირები ამოუღო.

ანაზდად უეცრად; თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა – რომ რისხვა უეცრად თავს დამატეხოთ.

ანასა ასად აქცია.

ანდამატი ალმასი.

არავი: ქარი არავი – სამხრეთის ქარი.

არაკი ანდაზა, სენტენცია; ამბავი, ზღაპარი; საარაკე ზღაპრული, მეტად დიდი; უარაკო ამბად რომ არ გაგონილა.

არამი აკრძალული, ნებადაურთველი; უშინაარსო, უგემური; მეარმის არმად მიმაჩნია; გამიარმდა გამიუგემურდა.

არასადა 1. არსად; 2. არასოდეს.

არიფი ამხანაგი, პარტნერი; სუფრის მოზიარე.

არმაღანი საჩუქარი (შორი მოგზაურობიდან მოტანილი).

არღავნის ფერი წითელი ფერი.

ასაქმარი ასაქნელად ქმენი.

ასდენ ამგვარად.

ასპარეზი სასპორტო მოედანი, სტადიონი; ასპარეზის კრვა სავარჯიშოდ გასვლა; მოასპარეზე ასპარეზზე მოვარჯიშე.

ასპიროზი ვენერა (პლანეტა).

ასპიტი ერთგვარი მეტად შხამიანი გველი.

ასული ასეული: ენა ბევრად ასული – ენა ათიათასჯერ ასი.

აფოლხვება მაგრად დასობილის მოშვება.

აქათ 1. აქედან; 2. ამას იქით, ამის შემდეგ 1. მას აქათ მას შემდეგ, მას აქეთ.

აქათგან 1. აქედან (ადგილის გამოსახატავად); 2. ამას იქით (დროის გამოსახატავად).

აქანამდის ამ დრომდის.

აღვსება აღდგომა (დღესასწაული).

აღმაფრენა ამაღლება გრძნობა-გონებით, ფიქრი მაღალ რამეზე.

აყიყი აქატი (ძვირფასი ქვაა).

აშიკი ტრფობით შეპყრობილი; აშიკობა ტრფობა; სააშიკო სასიყვარულო, სატრფიალო.

აჩუქება აჩუყება, გულის ამოჯდომა.

აწ, აწე ახლა; აწეღა აი ახლა, ეს-ეს არის; აწყა აწღა, მხოლოდ ახლა.

აწინდელი ახლანდელი.

ახი ოხვრა.

ახვა ახის თქმა, ამოოხვრა: ახავს – ოხრავს; არ იახნა – არ ამოიოხრა.

ახმა, ახვმა აღება: არ აგვიხვნა. არცა დაგვსხნა – არც აგვიღო, არც დაგვსვა (=არც აცივა. არც აცხელა); თვალნი აახვნა- თვალები აახილა; თვალთაახმადცა ზარ-ედვა – თვალების ახელაც ეზარებოდა.

აჯა თხოვნა, ხვეწნა; სათხოვარი; ვიაჯ, ვიაჯი ვითხოვ; იაჯს ითხოვს; მიაჯე მითხოვე; გეაჯები გეხვეწები, გთხოვ; ნააჯარი ნათხოვი; სააჯო სათხოვარი.

აჯაბი საკვირველება, გასაკვირი რამ.

აჯიღა ჩადრი, ქალთა მოსასხამი; აჯიღოსანი აჯიღით მობურული.

ბადახში საუკეთესო ლალი; ბადახშეული ბადახშის ფერისა.

ბადრაგა ქარავნის მცველი.

ბავთი უბედურება, სამწუხარო ამბავი; ებავთა სამწუხაროდ ეჩვენა, ეწყინა.

ბაზიერი მექორე, მემიმინოე.

ბაზმა ლამპარი.

ბაკმი სინათლის ზოლი მთვარის ან მზის გარშემო; პირ-ბაკმიანი პირზე რომ ირგვლივ სინათლე ადგას.

ბანის-ბანი სართულები; რამდენიმე სართულისაგან შემდგარი სახლი.

ბარბითი სიმებიანი საკრავი (ერთგვარი ჩანგი).

ბასრი, ბასრისა მეტად ფხიანი, კარგად მჭრელი.

ბედითი უბრალო; უხეირო, უვარგისი; ბედითად ტყუილ-უბრალოდ; გაბედითება გაფუჭება, წახდენა.

ბევრი 1. ათი ათასი; 2. მრავალი, უთვალავი; ბევრ-ათასი ათი მილიონი.

ბეჭვა ძაფების მიყვანა ერთმანეთზე ქსოვის დროს იარაღით, რომელსაც ბეჭი ჰქვია; მბეჭველი ბეჭით მომუშავე ქსელზე, მქსოველი.

ბინდ-ბანდი ბინდ-ბუნდი.

ბიძა-ძენი ბიძაშვილები.

ბნედა გრძნობა-გონების დაკარგვა; ვბნდები ბნედა მომდის.

ბორბალი ხილული ცის სიმრგვლე.

ბორიო ჩრდილოეთის ცივი ქარი.

ბრკმობა ბრკოლება.

ბრძანება-მიუთხრობელი ბრძანება მიუწვდომელი, მეტად ვრცელი.

ბრჭალი ფრჩხილი; ბრჭყალი. ბრჭე მსაჯული, მოსამართლე.

ბრჭობა სამართლობა, განსჯა, საქმის გარჩევა სამართლის წესით.

ბუკი საყვირი.

ბუნება-ზიარი ბუნების მოზიარე, დიდბუნებოვანი.

ბღნეჯა ფრჩხილებით კაწვრა, გლეჯა; დაბღნეჯა ხოკა, დახოკა, ფრჩხილებით დაკაწვრა.

გაალაგება ალაგის დაჭერა, მოთავსება.

გაასოცება ასოცად ქცევა.

გაბასრვა შერცხვენა, გაკიცხვა; გაბასრული შერცხვენილი, გაკიცხული.

გაბრჭობა განსჯა, გაკითხვა, გასამართლება.

გაგარება გარეთ წასვლა: თავი მინდორს გააგარა – ველად გავარდა, გაიჭრა.

გაგება (1) გადაწყვეტა; მოწყობა.

გაგება (2) შეტყობა.

გაგვა: ნურა გაგვა – ნურაფერი გენაღვლება; ჩემი ნუ გაგვა – ჩემი ნუ გენაღვლება.

გაგვიდოდეს გეხათრებოდეს.

გავაზი ერთგვარი მიმინო.

გავაქილება ვაქილად გახდომა.

გავლენა ხათრი, ზემოქმედება: თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს – თუ კიდევ ჩემი ხათრი გქონდეს.

გაზეარება გაზიარება: ბუკმან ხმა გიაზეარა – (ტაბლაკის) ხმას ბუკისაც შეუერთდა.

გაზიარება განახევრება; განაწილება.

გათავისწინება გამარტოება.

გათავნება: ჭირი ლხინსა გაათავნე – ჭირი ლხინს გაუსწორე, ჭირი ლხინად ჩააგდე.

გათუება სათუოდ გახდა, საეგებიოდ გახდა.

გათხევება: არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს – არ ინანეს, რომ აბჯარი ცოტა არ იქონიეს.

გათხელება: ჯალაბობა გაათხელეს – დამსწრეთა რიცხვი შეამცირეს.

გამაბელზებელი გადამრევი, ჭკუიდან შემშლელი.

გამესისხლება მესისხლედ გახდომა, სისხლის ამღებად გადაქცევა.

გამეტადება მეტად ქცევა, გადამეტება.

გამკვახება (სიტყვისა) – უზრდელი სიტყვა-პასუხის გაცემა.

გამოგება მოგვარება; გამოგება სიტყვისა-სიტყვის ამოღება; ენა სიტყვისა გამომგებარე – ენა სიტყვის ამომღები; საჭირო გამოსაგები ენათა – ენით ძნელად გამოსათქმელი.

გამოღება: გამოუღო – გამოართვა; გამომიღეთ – გამომართვით; ზენაარი გამოგვიღე – ფიცი ჩამოგვართვი.

გამოხმა გამორთმევა: გამოვუხვენ – გამოვართვი.

გამყარება გამტკიცება.

გამჩივნება: თავი მისი გაამჩივნა – მოჰყვა თავის საჩივარს.

გამწკრალი გაბზარული.

განაკიდი მოკვეთილი, საზოგადოებიდან გაგდებული.

განატება ფეხქვეშ საფენ ტყავად გადაქცევა, გათელვა.

განაღა, განღა ალბათ, ეგების.

განაღამცა რა თქმა უნდა, რასაკვირველია.

განგება, გაგება ძველების შეხედულებით: წინასწარი გადაწყვეტილება ადამიანის ბედის შესახებ; უგანგებოდ წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე; თავსა ჩემსა გაგებული – რაც განგებით უნდა მომივიდეს.

განგებიანი ვინც კარგად განაგებს.

განმლოკლება მლოკელი გახადოს.

განმხოკლება მხოკელი გახადოს.

განხმული გაღებული.

გარდაქცევა: აქათ თავსა გარდავიქცევ – აქედან თავს გადავიგდებ, გადავვარდები.

გარდუვალი რაც აუცილებლად უნდა მოხდეს.

გარე-თმა ტყავის სამოსელი, რომელსაც ბეწვი გარეთ აქვს მოქცეული.

გასაგნვა დასამიზნებლად მიშვება.

გასლვა: სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა – მათ სიმრავლეს მე არაფრად ვაგდებდი; გაჰვიდოდეს ხათრი ჰქონდეს, ზეგავლენას განიცდიდეს; ჩემი რა გაგვიდოდეს – ჩემი რაიმე ხათრი გქონდეს.

გაუცდელი უნახავი.

გაქიქება შერცხვენა.

გაქსვა: გაექსვების – შეექსოვება, მოეხვევა.

გაყმობა: გაყმდების – ყრმა შეიქნება, გაახალგაზრდავდება.

გაცბუნვება განცვიფრება; გაცბუნვებული განცვიფრებული.

გაცდა, განცდა დანახვა, შეხედვა: განვიცადენ – დავინახე; გამიცადა – შემომხედა; გავიცადეთ – დავინახეთ; საქმე გამიცდია – საქმე მინახავს; შუქნი ძლივ გავიცადენით – შუქს ძლივს გავუსწორეთ თვალი.

გაცუდება: გამიცუდენ – ისე მიყავ, რომ ცუდად ჩამიარა.

გაძრცვილი გახდილი.

გაწბილება უარის მიღება სათხოვარზე; შერცხვენა.

გაწლობილი გაწვრილებული.

გახმა, გახვმა გაღება: გავახვამ – გავაღებ; ვერ გაახვნა ბაგენი – პირი ვერ გააღო; კარნი გაახვნეს – კარები გააღეს.

გახსნევა (ხელისა) – სისხლის გამოშვება მკლავიდან.

გეაჯები გთხოვ.

გება: ვით ვეგები – როგორ ვარსებობ; არ ეგების – არ იქნება, არ შეიძლება.

გესვა: არ-ავი გესვა მოყვარე – ცუდი მეგობარი არ გეყოლები.

გვალე მოდი.

გვივის გვყავს.

გზება, გზნება ნთება, მოკიდება (ცეცხლისა).

გზირი დაბალი პოლიციელი სოფლად.

გითქს გიდგას.

გლახ მწუხარების გამომხატველი შორისდებული.

გნოლი გარეული ფრინველია.

გრძნება ზებუნებითი ცოდნა და ძალა, რომელიც ვითომც ზოგიერთ კაცს მოეპოვებოდეს.

გრძნეული გრძნებით მოქმედი, მისანი.

გულ-ამოხვინჩვით გულამოსკვნით, ოხვრით.

გულ-ნალმობარი გულნატკენი.

გულ-ხმიერად გონივრულად.

გულის-გული მეტად საყვარელი.

გულის-თქმა მეტისმეტი სურვილი.

გუშაგი ციხის მცველი, მეციხოვნე; ყარაული.

დაბდაბი დაფდაფი, დაფი, დაირა (საკრავი).

დაბნედა გონების დაკარგვა, გულის წასვლა.

დადარება დამსგავსება.

დავალება დაქანცვა; დავალებული დაქანცული, მოსავებული.

დავა შავითა შავებში დადის, მგლოვიარე დადის.

დავლა დიდება, ძლიერება, შეძლება, ხელმწიფობა.

დაზმა (ხანისა) – დაყოვნება: ხან-დაზმულობა ხანის დაყოვნება: იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი – არ დაიყოვნეს, არ დაიგვიანეს.

დაზრვა, დაზრობა მოყინვა, მოწვა სიცივისაგან; დაზრული მოყინული, სიცივისაგან გათოშილი.

დათმობა გაძლება: თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია – ჭირს თუ არ გაუძლებ, ლხინი რა (ძნელი) გასაძლებია.

დათრგუნვა გათელვა.

დაიავრება იავარის აღება, ნატყვენავის აღება.

დაკოდა დაჭრა; დაკოდილი 1. დაჭრილი; 2. ჭრილობა.

დალებება დალურჯება (ცემისაგან).

დამართებით პირდაპირ.

დამაშრობელი დამღლელი.

დამაჯნება მორევა.

დამიზდებული დაქირავებული. დამიც: დამიც წესად – წესად მაქვს; დრო დამიც – დრო დამინიშნავს; თავი დამიც – თავი დამიდვია.

დამხავსება დაკაწვრა.

დანასვა წახდენა.

დარაჯაგი კიბის საფეხური.

დარბაზი სასახლე.

დარბაზის ერი სასახლის ხალხი, დიდებულები, მეფესთან დაახლოებული პირები.

დარბაზობა მიღება სასახლეში; ვუდარბაზო ვეახლო სასახლეში.

დართვა: მოწმობა დავჰრთე – მივემოწმე, დავუდასტურე.

დარმანი წამალი.

დარქმა დახურვა.

დარჯა გარჯა, შეწუხება.

დასი კრებული; დას-დასად ჯგუფ-ჯგუფად; ქვე მკვდართა დაედასების – მკვდართა რიცხვში გადადის, კვდება.

დასათმო, დასათმობი მოსათმენი.

დასაყივარი დასაჩხავლი.

დასახვა: დავასახე – დავამსგავსე; დაასახნა – დაამსგავსა.

დასტაქარი ქირურგი.

დასტური ნამდვილი, არმოჭორილი.

დაუზმელი: ხანთა დაუზმელად – დაუყოვნებლად, დაუხანებლად.

დაუსახი წარმოუდგენელი.

დაუშრომელი დაუღლელი.

დაუშრტობელი დაუშრეტი, დაუქრობელი.

დაფი დაირა; სადაფო: სიხარული სადაფო – სიხარული, რომელსაც დაფის დაკვრა შეეფერება.

დაფანჩვა დაფანტვა.

დაღორებული მოტყუებული.

დაღრეჯა მოწყენა, დამწუხრება.

დაყმუნ(ვ)ება შეჩერება, შედგომა; საგონებელში წასვლა.

დაყოფა: დაუყვნა თვალნი – თვალები დაუხუჭა.

დაყრით დგომა შეწუხებულად დგომა.

დაყუდება დაწყნარება: შეწყვეტა.

დაშვრომა, დაშრომა დაღლა, დაუშრომელი დაუღლელი.

დაშრტომა დაქრობა.

დაცთომა: დამცთარა – შემცდარა; დამცთარხართ – შემცდარხართ.

დაცთუნება: დააცთუნნა – ვერ მოახვედრა.

დაცილება შეცილება.

დაწამება დაბრალება.

დაწინდვა საცოლედ დანიშვნა.

დაწუხვა დახუჭვა.

დაჯრა შეგროვება. ერთად შეყრა; დაჯრილი შეყრილი, თავმოყრილი.

დგომა: მითქს მიდგას, მყავს; გითქს გიდგას; უთქს უდგას, ჰყავს.

დიჯლა ტიგრისი (მდინარე მესოპოტამიაში).

დოსტაქანი ერთგვარი სასმისი.

დრამა 1. წონის ერთეული (3 გრამზე მეტი). 2. ვერცხლის ფულის ერთეული.

დრაჰკანი ოქროს ფული.

დურაჯი ხოხბის მსგავსი გარეული ფრინველი.

დუხჭირი უშნო, ულამაზო; არ-დუხჭირი ლამაზი.

ებანი ერთგვარი სიმებიანი საკრავი იყო.

ეგების: არ ეგების – არ შეიძლება, არ იქნება.

ეგრეცა მაინც.

ეთერი (ძველების წარმოდგენით) ჰაერის ზემო ნაწილი, სუფთა და ნათელი.

ერდო საკომური ბანში.

ერთგან ერთად; ერთგნით ერთი მხრიდან.

ერთ-სახე მცირე, ცოტა; ერთგვარი, ერთნაირი.

ესვა ჰყავდა.

ეტერენით უპატრონეთ.

ეტლი ზოდიაქოს თანავარსკვლავედი; წერა, ბედი.

ეშმა ეშმაკი.

ეჭვი ფიქრი; საეჭვი, საეჭველი საფიქრალი; ვეჭვ ვფიქრობ.

ეჯი მანძილი, დისტანცია; სავალი.

ეჯიბი მეკარე.

ვაგლახ მწუხარების გამომხატველი შორისდებული; ვაგლახ მიყოს – მივაგლახოს; ვაგლახიანი უბედური; მევაგლახავი ვინც ვაგლახს გაიძახის.

ვაზირი მინისტრი.

ვაზირობა რჩევა: თათბირი; სავაზიროდ სათათბიროდ, საბჭოდ.

ვამი ვაიმე, ვამე: ვამი ვამსა მოურთვიდა – სულ ვაიმეს იძახდა; ვამნი გაამრავლნა – ვამის ძახილი გაამრავლა.

ვარქვი ვუთხარი.

ვაქილი ვექილი; სიტყვანი გავაქილენით – ვიკამათეთ; რაგვარადმცა გავვაქილდი – ვექილი როგორ გავხდე.

ვებდა ვაებდა, ვას იძახდა; ვებული ვაების მოთქვამი.

ვიაჯ, ვიაჯი ვითხოვ.

ვით: შე- ვით -ვატყევ როგორც შევატყვე; ვითა როგორც.

ვითმე როგორმე.

ვინა საიდან.

ვინძი აბა ვინ, ვნახოთ ვინ; ვისძი აბა ვისას.

ვირე, ვირ ვიდრე; ვირეს ვიდრემდის.

ვსხვლდები მსხვილი ვხდები.

ვწვლდები წვრილი ვხდები.

ვხამ საჭირო ვიყო.

ზადი ნაკლი.

ზათქი დიდი ხმაურობა.

ზამი ზეიმი.

ზამთარ, ზამთრის ზამთარში.

ზანტი ზარმაცი; არ თავნი გავაზანტენით – არ დავიზარეთ.

ზარი (1) დიდი შიში: ზარი მლევს – შიში მლევს; ზართა მარებელი შიშის დამატარებელი, დამცემი. ზარი (2) დიდი ხმაურობა. ზარი (3): მიჩნდა ზარად – მეზარებოდა, მეზიზღებოდა; ზარ-მაც თქმად ენით – მეზარება სათქმელად; თვალთა ახმადცა ზარ-ედვა – თვალის ახელაც ეზარებოდა.

ზარ-აღებული განცვიფრებული, გაოცებული.

ზარადი საომარი თავსახურავი.

ზარადხანა აბჯრის შესანახავი სახლი.

ზარქაში ოქრომკედი; ოქრომკედით მოქარგული ტანსაცმელი.

ზედა-გვაც (=ზედა გვაძს) – გვმართებს.

ზედადაღმა, ზედათ ზემოდან, ზევიდან.

ზე და ქვე: ბანი ზე და ქვე მდგომელი – ორსართულიანი სახლი.

ზეზი ოქროქსოვილი.

ზენაარ საფიცარი სიტყვა (შეხვეწნისას); ზენაარი ან ზენარი ფიცი, შეფიცება; თხოვა შეწყალებისა ან პატიებისა; ზენაარის გატეხა – ფიცის გატეხა.

ზესი ზეციური; ზესთა-ზე უზესთაესი, უმაღლესზე მაღალი.

ზიარი: ბუნება-ზიარი – დიდბუნებოვანი.

ზმა ქმნა: “ჰაის” ჰზმიდი – “ჰაის” შვრებოდი, “ჰაის” იძახდი” ქცევა-ზმა ყოფა-ქცევა.

ზნე: სამამაცონი ზნენი – მამაკაცისათვის საჭირო ცოდნა და ყოფაქცევა სხვადასხვა ვითარებაში.

ზროხა საერთო სახელია ხარისა და ფურისა.

ზუალი სატურნი (პლანეტა).

თავ-შედგმული ძალზე ავსებული.

თავადი 1. სპათა პატრონი; 2. პატრონი საზოგადოდ, უფროსი.

თავიდაღმა თავიდან.

თავის-თავის ცალ-ცალკე.

თავის-წინა მარტო; თავი გაითავისწინა – თავი გაიმარტოვა.

თამაში გართობა, სეირი; გასეირნება.

თანის-თანი ერთმანეთზე მიწყობილი. განუწყვეტელი; სულთქმა გაათანისთანე – განუწყვეტლივ იკვნესე.

თემი მხარე, კუთხე.

თმობა გაძლება, მოთმენა; ვერა სთმობდა – ვერ ძლებდა. ვერ ითმენდა.

თნება, თნევა 1. პირფერობა, არაგულწრფელობა; სიტყვა არ-ნათნები – გულწრფელად ნათქვამი სიტყვა. 2. ხათრი, 3. გაძლება.

თუმცა, თუმც (თუ-მცა, თუ-მც) რომ: მწადსო, თუმცა ამოგზიდე – მინდაო, რომ ამოგზიდო (ამოგწიო, ამოგიყვანო).

თურე, თურმე, ალბათ.

თუცა, თუც თუმცა.

თხება (1): ვითხენ თხებად გავიხადე; ითხეს თხებად გაიხადეს.

თხება (2) თხლად ქმნა, გათხელება: მითხოს გამითხელოს, დამიცოტაოს; აბჯარი არ გაითხეს – აბჯარი ცოტა არ იქონიეს.

თხევა: საჭურველნი გარ ვერ ვითხენ – იარაღი გარს ვერ დავიყარე. (ე ი. იარაღი ვერ ავისხიო).

თხემი თავის ზედა ნაწილი.

იაბეზროს აბეზარი შეიქნეს.

იადონი ბულბული.

იავარ-ყოფა: იავარ-მყო – ამიკლო, გამანადგურა; იავარ-ვყავ – გავანადგურე, გავაჩანაგე.

იახნა ამოიოხრა.

იაჯს ითხოვს.

იე ია იყავი, იაობა ქმენ.

იეფება: გულსა სევდა მიიეფდა – გულს სევდა გამიუხვდა, ბლომად მომაწვა.

იეფო უხვი.

ითხოს თხასავით მოიქცეს.

იოტა: იოტის წამისად – სულ მცირეოდენ დროში.

იშ სიხარულისა და კმაყოფილების შორისდებული.

იჩქითი უეცარი, მოულოდნელი.

კაბა ერთგვარი ჩოხა (კაცის ჩასაცმელი, წინ სულ გახსნილი და ღილ-კილოებით შესაკრავი).

კაბათენი კამათელი.

კადნიერი თამამი, ურიდი.

კადრება გაბედვა; უმცროსის მოხსენება უფროსს.

კავშირნი ელემენტები (ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა, რომელთაგანაც, ძველების წარმოდგენით, შედგებოდა ყველაფერი); დამშლიან ჩემნი კავშირნი – დაშლილან ჩემი შემადგენელი ელემენტები.

კანჯარი გარეული ვირი.

კაპანი ხევხუვი.

კაპარჭი საისრე, ისრის ბუდე.

კატაბა სიცრუე.

კატარღა ხომალდი, რომელზედაც მენიჩბეებად მონები ან სამუშაოზე იძულებით გაყვანილი ხალხი იყო.

კენარი გრაციოზული.

კვერი ჩაქუჩი.

კვერთხი ჯოხი (საბრჯენი).

კვლა ისევ, კიდევ, კვალად.

კიდე გარდა: მისგან კიდე – მის გარდა: ჩემგან კიდე – ჩემს გარდა; შენგან კიდე – შენს გარდა.

კისკასად მკვირცხლად.

კოტა ხელის საბღუჯი ხმლისა, ვადა.

კოშკი ბაღში განცალკევებით აგებული სახლი კარგი გასახედავით.

კრონოსი სატურნი (პლანეტა).

კუბო გადმოხურული (თაღიანი) კარავი, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი (უძრავი ან მოძრავი).

კურტაკი მოკლე ჩასაცმელი: ჯაჭვი საკურტაკე – ჯაჭვის პერანგი კურტაკივით.

კუშტი მკაცრი გამომეტყველებისა. მრისხანე.

ლალვა ჩხუბი, მლალავი მოჩხუბარი.

ლაჟვარდი ცისფერი თვალია (ძვირფასი ქვა).

ლარი ძვირფასეულობა, განძეულობა.

ლარულად (დაგება ქსლისა) – ერთი მიმართულებით (დაგება).

ლაყფობა გართობა, თამაში: ვილაყფეთანი (=ვილაყფე თან-ი) გავერთე თანაც.

ლაციცი: ველაციცე ვეფერე.

ლახტი თავმსხვილი საცემარი ჯოხი, კეტი.

ლები ცემისაგან დალურჯებული ადგილი; ილებს ცემით ილურჯებს.

ლელი არხუჭუჭი თმა, სწორად აზრდილი თმა.

ლიზღება: გილიზღებს ვნებით შემოგხედავს; მოლიზღარი ვნებით შემყურე.

ლიტრა წონის ერთეული იყო ძველად (მაშინ დაახლ. 400 გრამი).

ლმობა ტკენა; გლმობია გტკენია; ლმობიერი შემატკივარი.

ლომი ერთი 12 ეტლთაგანი (ზოდიაქოს ნიშანი), რომელშიც მზე ივლისის თვეში შედის.

ლტობა: ალტობს ასველებს; ლტობილი დასველებული.

ლუსკუმა ლარნაკი (მკვრივად შეკრული მოგრძო კიდობანი, უმთავრესად ლითონისა, “წმიდანის” ნეშტის ჩასასვენებლად).

მაზარა უბრალო ქსოვილისაგან გაკეთებული კარავი; მომაზრება მაზარის მოხურვა.

მანა პალო.

მანგი: პირი მანგი – გავსილი მთვარისებრი პირი.

მანდატური პოლიციელი.

მანდიკურად ხურჯინივით.

მარზაპანი განაპირა კუთხის მმართველი.

მართ სწორედ, მართ ოდენ მხოლოდ.

მარიხი მარსი (პლანეტა): გულ.მარიხიანი გულადი, უშიშარი მებრძოლი.

მაქა ქალაქი არაბეთში, რომელიც წმიდად ითვლებოდა და სადაც სალოცავად დადიოდნენ მაჰმადიანები (მაჰმადი იქაური იყო).

მაღრიბი დასავლეთი: მაღრიბელი დასავლელი; მაღრიბული დასავლური.

მაშვრალი დაღლილი.

მაშრიყი აღმოსავლეთი.

მაცო: დიდი მაცო თქვენი ვალი – დიდი მაძს-ო (მაძევს-ო, მაქვს-ო) თქვენი ვალი.

მახმური, მახმული ღვინონასვამი, მთვრალი.

მაჯაში მაჯა, პულსი.

მგამა: არა მგამა არ მენაღვლება; რა მგამა რა მენაღვლება.

მდებელი: ვარ საქმის რასმე მდებელი – რაღაც საქმე მაქვს (მიძევს).

მეკობრე ზღვაზე მოთარეშე ავაზაკი; მეკობრობა თავდასხმა საქონლის წასართმევად (უფრო ზღვაზე).

მემაჯანი მომრევი.

მენა სახლის მოწყობილობა.

მეოტი, მეოტა გაქცეული: წავიდეთ მართ მეოტანი – გავიქცეთ.

მეცნება: მემეცნების მეცნაურება.

მეცნიერი მცოდნე; მეცნიერობა ცოდნა.

მეჭველი მოფიქრალი.

მზმელი ხანდაზმული, ხნიერი.

მზრახი მთქმელი.

მზღვევარი, მზღვეველი, მზღველი სამაგიეროს გადამხდელი.

მთმენები, მთმო, მთმობელი რომელიც ითმენს, უძლებს.

მთხვევა: მემთხვია შემომხვდა; ემთხვია შეჰხვდა.

მივი მყავხარ: აგრემც მივი – აგრემც მყოლოდეს შენი თავი; მივის მყავს.

მით იმიტომ; მით რომე იმიტომ რომ.

მითქს (=მიდგს) მიდგას, მყავს.

მილი: ცრემლსა რასა ჰმილდი – ცრემლს რას ჰღვრიდი (ეგრე ბლომად); ამად არ ცრემლი მმილდების – ამიტომ ცრემლი არ მომდის ღვარად.

მინა ემალი.

მისახდომი: უჩემოდ არავის მისახდომია – ჩემს გარდა არავის ერგება.

მისრი, მისრეთი ეგვიპტე; მისრული ეგვიპტური.

მიუქს (=მიუგს) მიუგავს.

მიქედება: სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს – შენს სისხლს ჩემი კისერი იკისრებს (ე. ი. მე მივიღებ თავის თავზე).

მიც (=მიძს): საქმე რამე მიც – რაღაც საქმე მაქვს; მიცა = მიც-ა; მიცო = მიც-ო.

მიწყივ მარად, მუდამ.

მიჭირება, მიჭირვება: მივაჭირვე კითხვითა – საქმე გავუჭირე კითხვით, შევაწუხე; მიმჭირდა გამიჭირდა, რა მისჭირდეს როცა გაუჭირდეს.

მიხდომა: მივჰხდები ცნობასა – ცნობა დამეკარგება; ორივე მიჰხდეს მზესა – ორთავე სული ამოჰხდა; იხდილი ცნობისა- ცნობადაკარგული.

მიხვდომა მისვლა, მიღწევა; შეხვდომა, რგება: მიჰხვდები ჰნახავ, მიაღწევ; ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების – ღრუბელიც ვერ მივა; მივჰხვდი წადილსა – მივაღწიე წადილს.

მიჯარვით მიწყობით.

მიჯნური სიყვარულით შეპყრობილი.

მიჯრით მიწყობით, მჭიდროდ.

მკედი ძაფი.

მკლავ-უგრძესი მკლავზე უგრძესი.

მკრჩხალი მკვირცხლი, მარდი.

მლალავი მოჩხუბარი.

მლმობელი ლმობიერი.

მოასპარეზე ასპარეზზე მოვარჯიშე.

მოახლე ახლოს მყოფი, ვინც თან ახლავს; დამსწრე.

მოაჯე მთხოვნელი; მოაჯეობს ითხოვს, იხვეწება.

მოგებული ნაშოვნი, ნაშოები.

მოგრაგნა მოხვევა; მოგრაგნეთ მთა და გორია – აზრი ასეთია: გადმოიარეთ სწრაფად, შეამოკლეთ გზები.

მოვანება შუქის გარს მოვლება, ბაკმი; გარე შუქ-მონავანი – უქშემოვლებული.

მოვეყავ: ვერ მოვეყავ აქლემითა – ვერ ავუვედი აქლემებით.

მოთვალვა 1. ჩაბარება (თვლით): ყველა ხელთა მომათვალე – ყველა ჩამაბარე. 2. პატრონი მოითვალეს – მოიკითხეს.

მოკამათე პარტნერი (თამაშში); მეტოქე, მოქიშპე, მოცილე.

მომახვა გალესვა, გაფხავება.

მომტკივნება: მოგვიმტკივნე მოგვისამძიმრე.

მომცქაფავი მატყუარა, ცრუ.

მონაგები ნაშოვნი.

მონაცვალე: ჩემი მონაცვალე – ჩემი ნაცვალი, ჩემს ადგილას მყოფი: მზის მონაცვალე – მზის მაგიერი.

მოჟამებული მოწეული, დრომოსული.

მორჩი ახალამოყრილი ტოტი.

მორჭმა შვება, უშიშრად ცხოვრება, განცხრომა; მორჭმული შვებული, გახარებული.

მოსადგურე სადგურის მიმცემი, სადგურად დამაყენებელი.

მოსალბედი დასალბობი.

მოსართვა სართად მიცემა, დამატება.

მოსაცეთი სადაც შეიძლება კაცს გზა აერიოს.

მოსახმელად მოსატანად.

მოქუშვა მოღუშვა.

მოღება მოტანა: სით მოიღებ – საიდან მოგაქვს.

მოღორება მოტყუება.

მოყვარე 1. მოყვარული; 2. მეგობარი; 3. ტრფიალების საგანი (ვაჟისთვის ქალი, ქალისთვის ვაჟი).

მოყვასი მეგობარი.

მოყივნება სახელის გატეხა.

მოყმე 1. ჭაბუკი, რაინდი; 2. ახალგაზრდა.

მოშაითი, მუშაითი აკრობატი.

მოცდა: მზისა შუქნი მოიცადენ – მზის შუქი ნახე.

მოჭირვება ჭირის ატანა, გაძლება.

მოხვეჭა შოვნა, შეძენა: მომხვეჭი შემძენი, მშოვნელი; მოსახვეჭელი საშოვარი, შესაძენი.

მოხმა მოტანა; მოსახმელად მოსატანად, მოჯრა მოკრება, მოგროვება.

მრუში ცოლქმრობის წესის გამტეხი (კაცი).

მრწემი უმცროსი (ხნით).

მსგეფსი შვიდეული, ერთი კვირა.

მსწრომელი მეტიჩარა, ცეტი.

მტერთა დაცემა ეპილეფსია, ავიზნე (ავადმყოფობა); მტერ-დაცემული ავიზნე რომ სჭირდეს.

მუზარადი საომარი ჯაჭვიანი თავსაბურავი; გიმუზარადიან მუზარადად დაგიხურავს.

მულიმი მასწავლებელი.

მუნიდაღმა იქიდან.

მუსაფი ყურანი (მაჰმადიანთა მთავარი სალოცავი წიგნი).

მუტრიბი მომღერალი.

მუფარახი კაი გუნებაზე მომყვანი წამალი.

მუქაფა სამაგიერო გადასახადი, ნაცვალი, საზღაური; მუქაფად, მუქფად სამაგიეროდ, ნაცვლად; არ გემუქფების – მაგივრობას ვერ გაგიწევს; რამცა ვითა გიმუქფენი – რა და როგორ შემოგზღო.

მუყრი ყურანის მკითხველი.

მუშთარი იუპიტერი (პლანეტა).

მუხთალი მზაკვარი, მოღალატე, მიმუხთლეს მიღალატეს; ნამუხთალავი ნაღალატევი; სამუხთალე საღალატო; უმუხთლოდ უღალატოდ; სიმუხთლე მოღალატეობა.

მუჯამარი სასაკმევლე.

მქისი 1. მკაცრი, მწყრალი; 2. ამაყი; 3. მწირი, უნაყოფო (ქვეყანა).

მღერა 1. თამაში: მღერა ნარდისა – ნარდის თამაში; 2. გალობა.

მყიფე ადვილად გასატეხი; გამყიფება: იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა – ის ტკბილი ფიქრი ძალიან მოგვიშალა.

მწუხრი საღამო.

მწყობრი დასი.

მჭევრი 1. მოხდენილი, გრაციოზული. 2. წყლიანი (სიტყვა).

მჭელი ერთი ხელის მონამკალი.

მხადი მომყვანი: არსთა მხადი – არსებათა სიცოცხლედ მომყვანი, ქვეყნად გამჩენი.

მხდელი: სიკეთისა ხელის მხდელი – ვინც სიკეთით სარგებლობს. შდრ. ხელის ხდა.

ნა ლერწამი: სალამური.

ნააზატები განთავისუფლებული.

ნაალაფავი ომში ნაშოები.

ნააჯარი ნათხოვარი.

ნაგი აგებულება.

ნაგზები ნანთები, დანთებული.

ნადევრი მტრისგან შეშინებულ-გაქცეული.

ნადიმი, ნადიმობა წვეულება, ლხინი.

ნავიდაღმა ნავიდან.

ნავანები შუქმოვლებული.

ნავროზობა ახალი წლის დღესასწაული, რომელიც მაშინ დადგებოდა, როცა დღე-ღამე გათანასწორდებოდა და დღე მატებას იწყებდა გაზაფხულზე (21 მარტს).

ნავღელი ნაღველი: ნუ ინავღლი – ნუ ნაღვლობ.

ნათლიდაღმა ნათლიდან.

ნათნები პირფერობით ნათქვამი.

ნათურქალი თურქებთან ომში ნაშოვნი.

ნაკი ზედმეტი დღე თებერვალში (29-ე) ყოველ მე-4 წელიწადს; ნაკად აქვს – ზედმეტად აქვს.

ნაკვთად აგებულებით, ტანადობით; ტანნაკვთიანი კარგი აგებულებისა.

ნალმობარი: გულ-ნალმობარი – გულნატკენი.

ნამუსი სახელი, რეპუტაცია; საიდუმლოება; ასრე ნამუსობდეს – ასე ინახავდეს საიდუმლოებას.

ნაპირობა მოსაზღვრე ქვეყნის დალაშქვრა.

ნარგისი ყვავილია (“ვეფხისტყაოსანში” თვალის მნიშვნელობით იხმარება).

ნარინჯი ფორთოხლის მსგავსი ნაყოფი ან თვით ფორთოხალი.

ნასი უშნო, უშვერი; მოამბედ ნუ გენასები – ცუდ მოამბედ ნუ მიგაჩნივარ; ნასდების უშვერი ხდება.

ნატი ტყავის საფენი; გავანატენით ნატად ვაქციეთ, გავთელეთ.

ნატერფალი ფეხის კვალი, ნაკვლევი; ცხენის ფეხზე ამძვრალი ნალი.

ნატიფი საამური, კარგი, ტურფა, საყვარელი; ნატიფად ლამაზად; სინატიფე სიტურფე. სინაზე.

ნატუსალი ტუსისაგან დაბნედილი.

ნაღი მღვიმე, გამოქვაბული კლდეში.

ნაცქაფავი ნატყუარი.

ნახლი ძვირფასი ქსოვილი იყო.

ნები 1. ხელის გული.

ნები 2. ნება; მისჭირდა ნები – ნებისყოფა მოეშალა, გაუჭირდა.

ნებასა ნელა; ნება-ნებასა ნელ-ნელა.

ნიანგი ვეება ტანის თევზი ან ზღვის ცხოველი (ვეშაპი, ხვითქი და სხვ.).

ნირი ფასი, მაზანდა.

ნიშა, ნიშაგი წვეულება, ლხინი.

ნიშატი სიხარული, დიდი გახარება.

ნიჭი საჩუქარი.

ნობი, ნობა ერთგვარი საკრავია.

ნობათი 1. გუშაგობა ან დრო, რომლის განმავლობაშიც ყარაული საგუშაგოზეა; 2. გუშაგი.

ნუთუმცა ეგების.

ნუკევა: გენუკვი, გნუკევ გეხვეწები; მნუკევ მთხოვ.

ოდენ მხოლოდ; მართ ოდენ მხოლოდღა; რაც ოდენ რაც კი; რასაც ოდენ რასაც კი; რისაც კი.

ოდითგან რა ხნიდან.

ოთხ-ახმით დაოთხებით (ცხენის ჭენება).

ორბი არწივი.

ორხაული ქსელი ისე გაწყობილი ქსელი, როგორც ხალიჩასა აქვს.

ოტა რბენა. სირბილი.

ოტარიდი მერკური (პლანეტა).

ოქსინო ერთგვარი ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილია.

ოცება (1) მოჩვენება; ეოცების ეჩვენება; სიზმრივ კაცი არ მეოცა – სიზმარში კაცი არ მომჩვენებია.

ოცება (2): პატიჟი ეოცების – ტანჯვა ოცკეცი უხდება.

ოხერი უპატრონო, ტიალი.

პაემანი დათქმული ვადა.

პატიჟი ტანჯვა; პატიჟ-გარდახდილი ტანჯვაგამოვლილი.

პატრონი 1. სუზერენი; 2. მფლობელი.

პაშტა კაიძალი, ბევრი.

პერპერა თავდაპირველად (X ს.-იდან) ბიზანტიური ოქროს ფული, შემდეგ ქართულიც.

პირი პირობა; ესე პირი შემდეგი საქმე.

პირ-მკვახე (სიტყვა) – უდიერი, უზრდელი.

პირ-ნასი უსახური, უშნო სახის მქონე; არ პირ-ნასი კარგი სახისა, მოხდენილი სახისა.

პირ-ოქრო რიდე რიდე, რომელსაც პირი (ე. ი. ზედა მხარე) ოქროთი აქვს მორთული.

პორფირი ძოწეული (მეფეთა წითელი სამოსელი).

ჟამად ამჟამად, ახლა; ჟამ-ჟამად დროდადრო.

ჟამამდის (გარკვეულ) დრომდის.

ჟამიერად დროულად.

რა 1. რამე; 2. როდესაც.

რაულად როგორ, რანაირად.

რაშიგან: რაშიგან ვარ – რა ამბავია ჩემს თავზე; რაშიგან ხარ – რა მოგივიდა.

რაძი ვითა აბა ვნახოთ, როგორ.

რეგვენი სულელი; სირეგვნე სისულელე. რემა ცხენის ჯოგი; არემა ჯოგად ქცია.

რვალი სპილენძი.

რიდე ქალის თავსაბურავი. თავსაფარი; პირ-ოქრო რიდე – რიდე, რომლის ზედაპირი ოქროთია მოქარგული; არიდენო რიდედ აქციეო.

რომანული: რომანული დედა – ზღაპრული დედალი, მარგალიტისა და ძვირფასი თვლების მდებელი.

რომელ, რომე რომ.

რონება: არ მარონებენ – არ გამაჭაჭანებენ.

რუკა ბარათი, მიწერილობა.

რული (1) ლული, ძილი.

რული (2) როგორი; რულად როგორ (ნაწარმოებია რა-საგან).

საარაკე ზღაპრული, არაჩვეულებრივი.

საარმაღნოდ საჩუქრად.

საბარკული ბარკლის დასაფარავი საომარი ჩასაცმელი.

საბატიო საპატიო.

საგანი სამიზნო, დასამიზნებელი.

საგდებელი ცხენის დასაჭერად თავში მარყუჟად გამონასკული თოკი.

საგმარი საგმობი; მისაგმაროს დამგმოს. მისაყვედუროს.

სადაგი სადა, მარტივი, უბრალო; ასადაგეს გაასადავეს; გულ-სადაგი გულწრფელი.

სადა-იგი სადაც.

სადაფი ნიჟარა.

სადით საიდან.

საესავი საიმედო, იმედი; სანდობი, დასანდობელი.

საეჭვი, საეჭველი საფიქრალი.

სავსება სისავსე.

საზარო თავზარდამცემი, საშიშარი; მესაზაროების ზარდამცემია ჩემთვის.

საზეო ცად ამყვანი, აღმაფრენი.

საზოზღნელი დასაყოვნებელი.

სათი ძვირფასი თვალია.

სათანაოდ თან გასაყოლებლად.

საკამათი, საკამათე გასართობი.

საკანი ბნელი და ნესტიანი საპყრობილე (ციხის ქვეშ).

საკარგავი საგამგეო.

საკრძალველი სარიდალი.

სალაღობო სახუმარო, საოხუნჯო.

სალმობა ტკივილი.

სამალი (1) სამალავი.

სამალი (2) ერთგვარი მშვილდი.

სამკლავე მკლავზე შესაბამი სამკაული.

სამხრე იგივეა, რაც სამკლავე.

საპყარი დავარდნილი, ვისაც თვით არ შეუძლია სიარული და სხვამ უნდა ატაროს; ასაპყარე საპყარი გახადე.

სარანგი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა უფროსი.

სარატანი კირჩხიბი (კირჩხიბის ეტლი, რომელშიც მზე ივნისში შედის).

სარაჯი ღარით ან მილით გამოყვანილი წყალი.

სარო კვიპაროსი.

სარქმელი სახურავი, საფარებელი.

სარჩელი საჩივარი; ვისარჩლეთ ვიკამათეთ.

სასალუქო სასტუმრო, საგარეო (ტანისამოსი).

სასთაული სასთუმალი.

სატი გიშრის სატებად იგულისხმება წამწამები.

საურავი სამსახური, მოვალეობა სახელოს მოსავლელად; საურავ-გარდახდილი – მძიმე სამსახურგაწეული.

საქადელი დანაპირები.

საქმარება: გულსა დანა ასაქმარი – გულს დანა მიაყენე ასაქნელად (დასაჭრელად).

საქულბაგე სადუქნე (ქულბაგი – დუქანი): მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა – თავ-თავის სამალავებს მიჰმართეს.

საღარიბოდ უცხოეთში წასასვლელაღ.

საყე სათიბის ჯოხი; გიშრის საყენი – წამწმები.

საშობელი წვეულება შვილის შეძენის გამო (შობის გამო).

საწუთრო წუთისოფელი.

საჭირო გასაჭირი, ძნელი: რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი – რიდე, რომლის დაფასება ძნელი იყო.

საჭოჭმანები მოსაწონები, საქებური.

საჭურველი იარაღი.

საჭურჭლე 1. ძვირფასეულობა, განძი; 2. საგანძური.

სახარული სასიხარულო.

სახე: სახე დიდი დავუსახე – დიდი პერსპექტივა გადავუშალე.

სახედარი ცხენი.

სახედნობა საჯდომად ვარგისობა.

სახელი სახელო (ტანისამოსის ნაწილი, რომელშიც მკლავია გაყრილი).

სახიერი კეთილი, მოწყალე.

სახმილი ღუმლის ცეცხლი; ცეცხლი საზოგადოდ (მეტაფორულად: სიყვარულის ცეცხლი).

საჯდომი მეფის ტახტი.

სელი სკამი.

სეფე სამეფო, მეფის სახლეულობისა; სეფედ მეფის ოჯახისთვის.

სვე ბედი; სვიანი ბედნიერი.

სთული დასთული, დართული.

სიალფე ვაჟკაცობა, გმირობა.

სიახლე სიახლოვე, ახლოს ყოფნა.

სით საიდან; სითმე საიდანღაც; სითცა სადაც კი.

სიმძიმილი მწუხარება.

სიპი მაგარი ქვა.

სირა რიგი, კატეგორია.

სირი ჩიტი.

სირეგვნე სისულელე.

სირინო ზღაპრული ქალი, რომელიც თავისი მომხიბლავი სიმღერით იტყუებდა ზღვაში ნავებით მავალ ხალხს და ღუპავდა.

სისავსე სიმრავლე.

სიფიცხე სისწრაფე, სიმალე.

სიქა ნაჭედობა, გამოსახულება; ტვიფრი.

სიყმე ახალგაზრდობა.

სიჩალხე ფხიანობა, ყოჩაღობა.

სკიპტრა სამეფო კვერთხი; სკიპტროსანი სამეფო კვერთხის მქონე, მეფე.

სმა: ესვა ჰყავდა; არ ავი გესვა მოყვარე – ავი მეგობარი არ გეყოლები, ყმისა არ-სმა არად გვაგვა – ვაჟი რომ არ გვყავს, არაფრად მიგვაჩნია.

სპა ჯარი, მხედრობა.

სპასალარი ჯარის სარდალი.

სპასპეტი მხედართმთავარი.

სრა სასახლე; სრული სასახლისებრი; სრა-საჯდომი სასახლე და მეფის ტახტი.

სრბა სირბილი.

სრვა ხოცა, ჟლეტა.

სტავრა ერთგვარი აბრეშუმის ქსოვილი.

სული (1) სუნი.

სული (2): სულად მოაქცია – მოასულიერა; სულად მოვე – მოვსულიერდი.

სულე გაჩუმდი; სულეთ გაჩუმდით.

სულთა-დგმა სიცოცხლე; სულთა მდგმელი ცოცხალი; მაცოცხლებელი.

სულთქმა ოხვრა; სულთქვამს ოხრავს; სულთქნა, სულთ-ითქვნა ამოიოხრა.

სულის დაღება, სულის ღება: ვერ დავიღე დიდხან სული – ვერ დავწყნარდი დიდხანს; სული დაიღო გაჩუმდა, დაწყნარდა; სულ-დაღებული გაჩუმებული, დაწყნარებული; სულსა უღებდა აწყნარებდა; სულ-ღებული სულგანაბული, გაჩუმებული.

სძალი რძალი; სძლობა რძლობა; შევისძლობ რძლად მოვიკიდებ.

სწოდია ეწოდება.

სწრობილი რომელმაც უსწრო, მჯობი; რომელსაც უსწრეს, ნაჯობნი.

სხვილი მსხვილი; უსხოსი უფრო მსხვილი.

სხმა (1): გზანი გიხსენ – გზები გიძევს.

სხმა (2): ძმისწულნი უსხენ – ძმისწულები ჰყვანან.

ტაბაკი ლანგარი, ხონჩა.

ტაბლაკი დოლი.

ტაიჭი არაბული ცხენი.

ტალა: გიშრის ტალა (მეტაფორულად) – წამწამი.

ტანი 1. ტან-ნაკვთიანი კარგი აგებულებისა, ტანადი; ტან-სარო ტანწერწეტი. 2 აბჯარი სამი ტანი – სამი ხელი აბჯარი.

ტანაჯორი ერთგვარი მწერია, რომელიც სულ ბრუნავს გუბეში, მორევში.

ტაროსი ამინდი.

ტევრი ხშირი ტყე, უდაბური.

ტენი სინოტივე; დატენვა დანესტიანება, დასველება.

ტერება პატრონობა; ეტერენით თავთა თქვენთა – უპატრონეთ თქვენს თავს.

ტერფი ფეხის გული; ნატერფალი ფეხით აყენებული მტვერი, კორიანტელი; ნაკვალევი; ნალი.

ტრამა ტრამალი, უმცენარო ადგილი.

უამარი უამრავი.

უასაკო ხანმოკლე.

უბრალო უდანაშაულო.

უებრო უსწორო (სწორი რომ არ ჰყავს), უბადლო, შეუდარებელი; უებრობა სწორუპოვრობა.

უვის ჰყავს.

უზადო უნაკლო.

უზრახი დამდურებული, გაბუტული; უზრახობა ბუტიაობა.

უთამამო უფრო სრული (თამამი – სრული).

უთმინოდ მოუთმენლად.

უთქს უდგას.

უი (ვაი)-ვუი.

უიცი არმცოდნე; არ-უიცარი არუცნობი, კარგი ნაცნობი.

უკმოხმა: უკმოვახვენ გამოვაღე.

უკმოხშვა: უკმოვიხშევ გამოვიხურე, შემოვიხურე.

უკუდგომა უკან დახევა.

უკუთქმა სიტყვის უკან წაღება, ნათქვამზე ხელის აღება.

უკურიდება მორიდება, მოშორება.

უკუქარება გაქრობა; რაგვარამცა უკუმქარდი – როგორ უნდა გამიქრე (ხსოვნიდან).

უკუყივლება: უკუვჰყივლე მივაძახე.

უკუწვევა ისევ მიწვევა (მოწვევა).

ულები დაულურჯებელი (ცემისაგან).

უმეცარი 1. უცნობი; 2.უგნური; უმეცრობა უგნურობა.

უმხნეოდ: არ-უმხნეოდ მხნედ.

უნდო-გვარად უგუნებოდ, უგულოდ, უსიყვარულოდ.

უობს: ვაებს, უობს – ვაის და ვუის იძახის.

უჟამოდ უდროოდ; უჟამობა უდროობა.

ურვა წუხილი; შეურვება (გულისა) – შეწუხება.

უსაპირო საპირეუქონელი.

უსახო 1. აუარებელი, მრავალი; 2. უმაგალითო.

უსტარი წერილი.

უსტასრა მეფის სასახლის გამგე, სახლთუხუცესი.

უტევანი მანძილი 125 ნაბიჯისა.

უფლის-წული მეფის ვაჟი (გამეფებამდე), ბატონიშვილი; ნაუფლისწულევი იმ დროს შეძენილი, სანამ უფლისწული იყო, სანამ მეფედ გახდებოდა.

უფროვე კიდევ უფრო; უფრორე ცოტა უფრო მეტად.

უფრჭვნელი უფურჩქნელი, ჯერ კიდევ გაუშლელი.

უღონიოდ უთუოდ.

უშენო უმემკვიდრო.

უში ოხვრა; უშნა ამოიოხრა.

უშრეტი დაუქრობელი, დაუვსებელი.

უჩუმოდა ჩუმად იყო.

უცები უვიცი, უცოდინარი.

უცილობლობს ჯიუტობს, თავისაზე დგას, სულ თავისას გაიძახის.

უცილოდ უთუოდ.

უწრფელი არაგულწრფელი.

უჭირველი ჭირუნახავი, გაუჭირებელი.

უხანო ერთზე დაუდგომელი, ცვალებადი; უხანობა დაუდგრომლობა.

უხუცესი უფროსი.

უხშირო: არ-უხშირო ხშირი.

ფაზარი ქვისებრი მრგვალი სხეული, რომელსაც ნალექად პოულობენ ზოგიერთი ცხოველის კუჭში (ძველად ხმარობდნენ სხვადასხვა ავადმყოფობისა და შხამით მოწამვლის წინააღმდეგ).

ფათერაკი უბედური შემთხვევა.

ფანოსი სასიგნალო ცეცხლი.

ფარმანი ბრძანებულება (ნებართვისა).

ფარღული ძაფზე ასხმული რამ (ყელსაბამად).

ფარჩი საღვინე დოქი.

ფერება: რამც გიფერე – რა გიმსგავსო; ვინმც მეფერა – ვინ მემსგავსოს.

ფერ-მიხდილი ფერწასული.

ფეროზი ფირუზი (ძვირფასი ცისფერი თვალი).

ფიცხელი სწრაფი; ფიცხელი ომი – გახურებული ომი; ფიცხლად სწრაფად.

ფლასი ძაძა, სამგლოვიარო ჩასაცმელი; ძოწეულნი გაგვიფლასდენ – წითელი სამეფო ტანსაცმელი შავ სამგლოვიაროდ შეგვეცვალოს.

ფლიდი მატყუარა, ბინძური, საძაგელი.

ფრფენა თავს შემოვლება: ტრფიალება.

ქარავანი ერთად გამგზავრებული ხალხი სავაჭროდ (დატვირთული ცხენებით, აქლემებით); მოქარავნე ქარავნის პატრონი ან მხლებელი.

ქარვანსრა ქარვასლა, ქარავნის მისაღები სახლი.

ქაფი მკლავზე შემოსაცმელი ჯაჭვი ან რკინა; ჯაჭვნი ავად მოექაფნეს – ჯაჭვი ცუდად ჰქონდათ გაკეთებული მკლავზე.

ქედგორება: იქედგოროს ქედსა და გორზე ავიდეს (საჭვრეტლად).

ქენება ხვეწნა, თხოვნა; მქენები, მქენებელი მხვეწნელი.

ქვაბი გამოქვაბული, მღვიმე; ქვაბოვანი გამოქვაბულების მიდამო.

ქველი გმირი; გმირული; ქველად გმირულად; ქველანი გმირები; სიქველე ან ქველობა ვაჟკაცობა, გმირობა.

ქვეყანა მიწა.

ქვიტკირი: აქვიტკირა ქვიტკირივით გაიმაგრა.

ქვრიმი ერთგვარი ფეტვი.

ქმნადი საქნელი, რაც უნდა იქნეს, მოხდეს.

ქმნევა ქნევინება: გაქმნევ გაქნევინებ; რას აქმნევს – რად უნდა; მაქმნევს რასა-რად ვუნდივარ.

ქორი შავარდნის მსგავსი სანადირო ფრინველი.

ქოსი ბრინჯაოს (ან სპილენძის) დოლი.

ქსუობს კსუობს, მოუშინაურებელი ცხოველივით (ან ფრინველივით) იქცევა, არავის ეკარება, გაურბის.

ქურციკი ჯეირანი.

ქუში წარბშეჭმუხვნილი, მწყრალი; ქუშობს მწყრალია.

ღა კიდევ: თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან – თუ კიდევ სული შემრჩება; თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს – თუ კიდევ ჩემი ხათრი გქონდეს.

ღადარი ფიცის გამტეხი, მოღალატე; ღადრად მოღალატურად; ბრძენთა სიტყვა დავაღადრო – ბრძენთა სიტყვას ვუღალატო.

ღაზო ძლიერი მოწადინება რაიმე საქმისა, თავდადება.

ღარიბი 1. უცხო ქვეყანაში მყოფი, მწირი; 2. საუცხოო, მეტად ძვირფასი; ღარიბობა უცხო ქვეყანაში ყოფნა; საღარიბოდ უცხოეთში წასასვლელად.

ღაფალი უხალისო, დუნე, დაუდევარი: არ-ღაფალი ხალისიანი, ენერგიული; მოაღაფლებს ხალისს დაუკარგავს.

ღელვა ზვირთი.

ღირობა დაღირება, დასაკრავად მომარჯვება.

ღრე უსწორმასწორო ადგილი კლდეებში; ხევხუვი.

ღრეჯა დიდად მოწყენა.

ყაბაჩა მოკლე კაბა (ქალის ჩასაცმელი, წინ გახსნილი).

ყანდი შაქრის ყინული, შაქარი.

ყარყუმი, ანუ ყაყუმი თრითინის, ანუ ქურცინის მსგავსი ცხოველი (ზამთარში ბეწვი თეთრი აქვს); მისი ბეწვი.

ყველაკაი ყველაფერი; ყველანი.

ყივნება შერცხვენა, სახელის გატეხა, მოჯაყვა; მაყივნებელი შემარცხვენელი.

ყმა (1) ახალგაზრდა.

ყმა (2) ვაჟი.

ყმა (3) მოყმე, ჭაბუკი.

ყმაწვილი ბავშვი; ახალგაზრდა, გამოუცდელი; სიყმაწვილე ახალგაზრდობა; ვყმაწვილობდი ვთამაშობდი, ვერთობოდი.

ყოლა ყოვლად. სრულიად.

ყოლაუზი ბადრაგა, გზის მაჩვენებელი.

ყოლბი წრე, წრედ შემორტყმული ხალხი.

ყოფა: ცრემლი უყოფდა – ცრემლი უხუჭავდა (თვალს).

შაბა, შაბაშ მოწონების შეძახილი.

შადი მოლხენა.

შამათი: შამათი დასცა – მოუგო (ჭადრაკის თამაშში); აჯობა; ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა – ვერ გვაჯობებენ სრულებით.

შამბი ხშირი და მაღალი ბალახები; შამბნარი შამბით სავსე; მოშამბნარე შამბნარში მოარული.

შაქრის-ფერი დამტკბარი.

შეგება შეტყობა, გაგება: თუ შეიგებენ – თუ შეიტყობენ; ვერა შევიგენ – ვერა გავიგე; შემიგია შემიტყვია.

შეგებინება გაგებინება.

შეგონება დარიგება, რჩევა.

შეზრახვა დალაპარაკება.

შეზღვა, შემოზღვა სამაგიეროს გადახდა: შემოგზღო სამაგიეროს გადაგიხდი.

შეთი გადარეული: აშეთებს რევს, აგიჟებს; თავი სრულად გავაშეთეთ – სულ გავგიჟდით.

შელამა: შეჰლამის მოუნდომებს, დაუპირებს.

შელმობა: შეელმის ასტკივა.

შემეცნება გაცნობა; შეგემეცენ გაგიცანი; ერთმანერთსა შეგამეცნე – ერთმანეთს გავაცნოთ.

შემომგონა მრჩეველი.

შემოხდა: შემოხადა შემოიწვია.

შემოჯარვა შემოკრება, შემოგროვება.

შემწყნარებელი შემბრალებელი.

შენგან კიდე შენს გარდა.

შენათხზარი, შენათხზენი შეწნული.

შენაფლობი დაუფლებული, დასაკუთრებული.

შეპოვ(ნ)ება: ვისმცა შევეპოვე – ვის შევეწყობი; შემეპოვა შემეწყო, მეგობრულად მომექცა.

შერჭმა: წარბ-შერჭმით წარბების შეჭმუხვნით.

შესაძრწენი შესაძრწუნებელი, შემაძრწუნებელი.

შესმენა დასმენა, ენის მიტანა.

შესრევა: შეასრივნეს შეასრიალეს, სწრაფად შეაცურეს.

შესხმა (ხოტბისა, ქებისა) – შექება.

შეტყვება: შეგეტყვების გეტყობა.

შეურვება (გულისა) – შეწუხება.

შეფრფინვა აღტაცებით ცქერა.

შექმნევა: შეგაქმნევ გაქნევინებ; შეაქმნევს აქნევინებს.

შექცევა: შევიქეც დავბრუნდი; შეიქეც დაბრუნდი.

შეღება შეტანა.

შეშთობა დახრჩობა.

შეცვა ირგვლივ შემორტყმა; შეცევ ბროლისა ყორები – აზრი ასეთია: კბილები დამალე (ე. ი. ნუ ლაპარაკობ).

შეცილება შეკამათება, სიტყვის შებრუნება; შემცილე მოქიშპე, მოწინააღმდეგე.

შეწბოლა: შესწბა დაჰრცხვა.

შეწონა: არად შესწონს – არაფრად მიაჩნია.

შეწონება:ჭირი ლხინსა შევაწონე – ჭირი ლხინს გავუთანასწორე, გავუტოლე, ჭირი ლხინად მივიჩნიე; შეეწონების შეედრება.

შეჯერება დარწმუნება, დაჯერება; შესჯერდა დაუჯერა, ერწმუნა; შეგიჯერო დაგარწმუნებ; შემიჯერო დამარწმუნო.

შვება გახარება, უჭირველი ცხოვრება; შვებული გახარებული, ლაღი, განცხრომით მყოფი.

შიმშერი ხმალი.

შლეგი გიჟი, გადარეული.

შმაგი გადარეული, გიჟი.

შოება შოვნა; შოებული ნაშოვნი, რომელმაც იშოვნა.

შრეტა ქრობა.

შუკა საბაზრო მოედანი.

შუქ-მონავანი შუქმოვლებული.

ჩაბალახი მუზარადი, რკინის ქუდი (ომში სახმარებლად).

ჩანგი სიმებიანი საკრავი, ერთგვარი არფა.

ჩასხმა: ქვეყანა ჩავსხი – გახიზნული მოსახლეობა დავაბინავე.

ჩაუქი სწრაფი, მარჯვე; სიჩაუქე სიმარჯვე.

ჩაღანა მუსიკალური საკრავი იყო.

ჩახშვა: ჩაიხშენით კარნი – ჩაიკეტეთ კარები.

ჩინი ჩინეთი.

ჩმახი ჭორი; ჩმახვიდიან ჭორებს ამბობდნენ.

ჩოგანი ცხენბურთში სახმარებელი თავფართო ჯოხი ბურთის ასაღებად და გასაკრავად.

ცერა ერთგვარი ისარი.

ცვილი: გაცვილდეს ცვილი შეიქნეს, დარბილდეს; ჩვენი ცვილობა – ჩვენი უღონობა.

ცილი (1) ტყუილი.

ცილი (2) კამათი; უცილოდ უთუოდ; ცილობა კამათი; მეტოქეობა.

ცნევა: გაცნევ გატყობინებ; ამბავსა სცნევდი, მაცნევდი – ამბავი გაიგე და გამაგებინე ხოლმე.

ცნობილი ცნობაზე მყოფი, გონიერი.

ცქაფი ტყუილის მთქმელი, ცრუ; სიცრუე; ცქაფვა მოტყუება: ცქაფანი მისნი კვლა მეცქაფნეს – მისი სიცრუისაგან კვლავ მოვტყუვდი; მომცქაფავი ცრუ, მატყუარა;ნაცქაფავი ტყუილი: არ-ნაცქაფავი ნამდვილი.

ცხებული: ცეცხლი ცხებული – აგიზგიზებული ცეცხლი.

ცხრო თრთოლა, კანკალი.

ძაბუნი სუსტი, უღონო, უმწეო; დაძაბუნება: დამიძაბუნეს უმწეოდ ჩამაგდეს, დამიბრიყვეს.

ძალ-დება: ძალ-მიც შემიძლია; ძალ-უც შეუძლია; ძალ-გვიც შეგვიძლია; ძალ-ედვის შეეძლო.

ძაძა ფლასი, შავი სამგლოვიარო სამოსელი.

ძეს ძევს; სახელ მძეს – სახელად მქვია; დიდი მაც-ო თქვენი ვალი – დიდი მაძსო (=მაძევსო) თქვენი ვალი; მუქაფა გვაც მისი გარდუხდელი – მისი სამაგიერო გვაძევს გადაუხდელი; საქმე რამე მიც (=მიძს) – რაღაც საქმე მაქვს; უც უძევს.

ძეწნი ტირიფისებრი მცენარე (“მტირალა ტირიფი”): აალმასნა, არ აძეწნა – აზრი ასეთია: მაგრად ესროლა, არა რბილად.

ძი: ვინძი ვნახოთ ვინ, აბა ვინ; ვისძი ვნახოთ ვისას: რაძი ვითა აბა როგორ.

ძოღან ამას წინათ, ამ დღეებში; ძოღანითგან ამ სამიოდე დღის აქეთ.

ძოწი წითელი ფერის თვალი (ქვა); ძოწის-ფერი წითელი ფერისა; ძოწეული წითელი ფერისა; წითელი ფერის ჩასაცმელი (მეფობის ნიშანი).

წაგვრა წართმევა; წანაგვარი წანართმევი.

წავარნა მღვიმე, გამოქვაბული.

წამოგრაგნა წამოხვია (თავს დაგვატეხა).

წამომხმელი წამომღები.

წამოხმა წამოღება.

წარბ-შერჭმით წარბშეჭმუხვნით.

წარება: ვეჭვ, წამიცა არ წამაროს – ვფიქრობ, ერთ წამსაც (ცოცხალს) არ მარონინებს.

წართვა, წამორთვა დართვა, დამატება: ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი დღეს ღამეც ბევრი დაამატა; ღამე-წამორთვით ეარა – (დღეზე) ღამეც დაერთო და ისე ეარა.

წახდომა, წარხდომა წასვლა; დაკარგვა; გაფუჭება.

წაღება წართმევა: წავუღეთ ქალაქი – წავართვით ქალაქი; ჯოგი წავუღოთ – ჯოგი წავართვათ.

წარმწყმედელი დამღუპველი; წარსაწყმედი დასაღუპავი.

წახმა 1. წაღება: წავიხვამთ წავიღებთ, წავირეკავთ; 2. წართმევა: ქვაბნი წავუხვენ – გამოქვაბულები წავართვი; წაუხმან წაურთმევია.

წბილი შერცხვენილი, სასირცხო; აწბილობდა არცხვენდა.

წბოლა: სწბებოდა ემორცხვებოდათ; სწბებოდეს ემორცხვებოდეს.

წერა ბედი (ვითომც რაც შუბლზე აწერია კაცს).

წვერ-გამო უწვერული.

წვლილი წვრილი: ვწვლდები ვწვრილდები; გაწლობილი გაწვრილებული.

წვრთა დარიგება, სწავლება.

წთომა (1), წვთომა წვეთება; ცრემლი სწვთების – ცრემლი წვეთ-წვეთად ჩამოსდის.

წთომა (2): მეფობისა ქმნისა მწთომი – მეფობის მსურველი.

წიგნი წერილი.

წითელი ოქროს ფული.

წილ: ჩემ წილ – ჩემ მაგივრად.

წინას უწინ; წინასცა უწინაც; წინასვე წინდაწინვე.

წინწალი ნაპერწკალი.

წინწილა ერთგვარი მუსიკალური საკრავი.

წრტიალი დეზი.

წუხილი (თვალისა) – დახუჭვა.

წყლიანი ტკბილად მოუბარი, მჭევრმეტყველი; ხუმარა; წყლიანობად ხუმრობისათვის.

წყლული 1. დაჭრილი; 2. ჭრილობა, ნაჭრევი.

ჭაბუკი ყმა, მოყმე, რაინდი; ჭაბუკობა რაინდობა; საჭაბუკო ჭაბუკის შესაფერისი.

ჭავლი მდინარე წყლის ზედაპირის მოძრაობა.

ჭარმაგი თეთრი ცხენი; ჭარმაგოსანი თეთრ ცხენზე მჯდომი.

ჭაშნაგირი მეჭაშნიკე, გემოს მნახველი (საჭმლისა, სასმლისა).

ჭვირი რაშიმე გამოტანებული სხივი; მჭვირს სხივად მადგას; ჭვირს ასხივებს, ანათებს.

ჭირვა (1): იჭირვოდეს წუხდნენ.

ჭირვა (2): ვერ იჭირვიდეს სარანგნი – ვერ აკავებდნენ პოლიციის უფროსები.

ჭმუნვა წუხილი, დარდი; ნუ სჭმუნავთ – ნუ სწუხართ; დაგაჭმუნოს დაგადარდიანოს; არ დაჭმუნდეს – არ შეწუხდეს.

ჭნობა ჭკნობა; ჭნობილი დამჭკნარი.

ჭრელი 1. ფერად-ფერადი (საქონელი); 2. არმართალი, ტყუილი; არა ჭრელად – სისწორით, მართლად.

ხადილი წვეულება; მწედ ხადოდიან – მწეს ეძახდნენ.

ხადუმი მსახური.

ხათუნი ქალბატონი.

ხალასი შეურევნელი, წმინდა.

ხალვა მარტოდ ყოფნა, მარტოობა.

ხალვათი მარტოობა: დაშალეს ქმნა ხალვათისა – მარტოობა მოშალეს, შეიკრიბნენ (სათათბიროდ).

ხამ: ხამს უნდა, საჭიროა; ერთი ვხამ რებად – ერთმა უნდა ვიარო; ხმდა საჭირო იყო.

ხამი უბრალო ტილო ან უბრალო ბამბის ქსოვილი.

ხანი ყაენი, მეფე (თურქ და მონღოლ ერებში).

ხან-დაზმული ხანგამოვლილი, ხნიერი; ხან-დაზმულობა დაყოვნება.

ხანაგა სასტუმრო.

ხანიერი არამერყევი, დიდხანს ერთზე მდგომი.

ხარაჯა კონტრიბუცია; სახარაჯო ხარაჯის გადამხდელი.

ხარგა ტალავარი; პავილიონი.

ხარკი იგივეა, რაც ხარაჯა (ნახე).

ხასი (1) მეფესთან დაახლოებული პირი; ხასები, ხასნი დარბაზის ერი.

ხასი (2) ნამდვილი, არაყალბი, ხალასი. ხასიათი თვისება; ღირსება; ყმა სოფლისა ხასიათი – ყმა ქვეყნის შვენება.

ხასობს კაი გუნებაზეა.

ხატაეთი ჩინეთის ჩრდილო ნაწილი; ხატათ ლაშქარი – ხატაელების ლაშქარი; ხატაური ჩინური აბრეშუმის ქსოვილი.

ხაფი (ხმა, სიტყვა) – ზარის დამცემი, საშინელი; ხაფად საშინლად, მედგრად; სიხაფე ზარის დამცემი ხმა, შემზარავი ხმა.

ხე: ჰხენ ჰხეობ, ხე ხარ; მახია ხედ მაქცია; ახიოს ხედ აქციოს; უხებს ხედ უქცევს; იხოს ხედ იყოს; მეხოს ხედ მექცეს; ხებული ხედ აზრდილი.

ხეზი წვრილი და გრძელი საბელი, ბაწარი.

ხელი (1): ხელის საურავი – ჩაბარებული სამოხელეო სამსახური; ხელისანი ხელქვეითნი.

ხელი (2) გონწართმეული, გადარეული; ხელ-მქმნელი ჭკუიდან შემშლელი; ხელ-ქმნილი ჭკუიდან შეშლილი; ხელურად სულელურად; ხელობა გადარეულობა; ვხელობ ვირევი; ახელებს რევს, ჭკუიდან შლის; ხელდების ირევა, ჭკუიდან იშლება.

ხელ-აუპყრობლად ხელაუშვერლად; ხელ-აღუპყრობელსა – ხელმოუმართავს, უმწეოს.

ხელ-გახსნილი სისხლგაღებული (ხელიდან).

ხელთება ხელში ჩაგდება.

ხელის ხდა (1): ხელი ჰხადეს ხელი მოჰკიდეს; 2. სარგებლის ნახვა: რას ხელსა ჰხდი – რას გარგია; ნეტარ, ხელსა რასა მხდიან – ნეტავი რა სარგებელს ნახვენ ჩემში, რაში გამოვადგები; სიკეთისა ხელის მხდელი – რომელიც სიკეთით სარგებლობს.

ხელ-მანდილი ცხვირსახოცი.

ხელობა (1): მე, რუსთველი ხელობითა – მე, რომელსაც რუსთავი მაქვს სახელოდ, მე – რუსთავის გამგე.

ხელობა (2) გადარეულობა.

ხეწვა კანის აგდება, აცლა: თოვლსა არ ეხეწა – თოვლს კანი არ აეგდო; აიხეწა კანი აიცალა, აიხეთქა; ღაწვნი აახეწნა – ლოყებზე კანი აახეთქა.

ხვარაზმშა ხვარაზმის შაჰი, ხვარაზმის მეფე (ხვარაზმი ამუ-დარიის ქვემო წელზე მდებარე სახელმწიფო იყო).

ხვაშიადი საიდუმლო.

ხვეწა ხვეწით გამოთლა (ჯამისა, ტაბაკისა, კოვზისა და სხვ); გადატანით: გაკეთება.

ხმდა საჭირო იყო.

ხმეჭა ღმეჭა, სახის მანჭვა: პირის მხმეჭელი – პირის მღმეჭელი, ვინც პირს (შიშისაგან) იგრეხს.

ხომნი ხომლი (მრავალანი, ანუ პლეადა, – ვარსკვლავთ კრებული კუროს ეტლში).

ხოტბა შესხმა, შექება.

ხრდალი ჭაკი ცხენი; გადატანით: მშიშარა; ჯაბან-ხრდლურად მშიშარასავით; ხრდლობა მშიშარობა.

ხრმალ-მახული ხმალგალესილი.

ხული უბრალო სახლი, ქოხი.

ჯაბანი მშიშარა.

ჯავარი გოვარი, ძვირფასი თვალი, კერძოდ, მარგალიტი.

ჯავშანი ჯაჭვის პერანგი.

ჯალაბი წვეულება, მოწვეული ხალხი; ჯალაბობა წვეული ხალხი.

ჯანი ძალ-ღონით სავსე, მძლავრი.

ჯაჭვი ჯავშანი, რკინის რგოლებისაგან ან მობრტყო ნაჭრებისაგან შემდგარი საომარი ჩასაცმელი.

ჯეონი ამუ-დარია (მდინარე).

ჯერობა: გვმართებს მისივე ჯერობა – მასვე უნდა დავსჯერდეთ.

ჯიქი ლეოპარდი (ვეფხვისებრი ცხოველია).

ჯრა: იჯრებოდა ბევრი იყო ერთად, ირეოდა.

ჯუბა უსახელო (ან მოკლესახელოიანი) ჩასაცმელი, წინ გახსნილი.

ჯუბაჩა მომცრო ჯუბა.

ჯუბაჩობა ხსნიან, როგორც აღებ-მიცემას.

ჰაი მწუხარების გამომხატველი შორისდებული: “ჰაის” ჰზმიდი – “ჰაის” იძახდი, ოხრავდი.

ჰგავს ჰგავს, თუ ჩანს, რომ.

ჰგია დაგებულია.

ჰმართიხარ ამართულხარ.

ჰრთავს დართული აქვს, ერთვის.

| ტეგები: სიტყვები, ვეფხისტყაოსანი, ganmartebebi, vefxistyaosani, sityvebi, განმარტებები

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 2380 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar