20:39 ალტერნატიული (ორმაგი) მიზეზობრიობა |
ალტერნატიული მიზეზობრიობა სახეზეა იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ (პირობამ), მაშინ როდესაც თითოეული ამ პირობათაგანი, ცალკე აღებული, იგივე შედეგს გამოიწვევდა. ალტერნატიული მიზეზობრიობის შემთხვევაში დამთავრებული დანაშაულისათვის დასჯადობის დასაბუთება, ერთი შეხედვით, არ გამომდინარეობს მიზეზობრიობის ე.წ. ეკვივალენტურობის, ანუ პირობათა თეორიიდან, რადგან თუ ერთობლიობაში შევაფასებთ ვითარებას, როგორც ერთი, ისე მეორე პირობის არსებობის გარეშე, ერთ-ერთი მოქმედების შესრულების შემთხვევაში, შედეგი თავისი კონკრეტული ფორმით მაინც დადგებოდა. x-ს რომ არ ემოქმედა შედეგი მაინც დადგებოდა, ამიტომ რატომ უნდა შეერაცხოს მას ობიექტურად შედეგი და, პირიქით, იგივე შეიძლება ითქვას y-ის მოქმედებაზე. წესით, ორივე უნდა დაისაჯოს განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც არ იქნებოდა სწორი. სწორედ ამიტომ, გაბატონებულია ის მოსაზრება, რომელიც ახდენს მიზეზობრიობის პირობათა თეორიის ფორმულის მოდიფიკაციას: ვინაიდან ალტერნატიული მიზეზობრიობის დროს ორივე პირობა არა ერთდროულად, არამედ ცალ-ცალკე აღებული, მეორე პირისაგან დამოუკიდებლად განიხილება, კაზუსის ამოხსნისას თუ პრაქტიკაში გამოყენების დროს ორივეს დამთავრებული შედეგი უნდა შეერაცხოს ობიექტურად. ანალოგიურია მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემა პირობათა თეორიის მიხედვით კოლექტიური ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში დოგმატურად სახეზე გვაქვს ალტერნატიული მიზეზობრიობა, რომლის დასაბუთება პირობათა თეორიით ძნელია. ამ შემთხვევაშიც უნდა მოვახდინოთ conditio-sine-qua-non ფორმულის მოდიფიკაცია: გამგეობის წევრების მოქემედება არა ერთდროულად, არამედ ცალ-ცალკე აღებული, სხვათა მოქმედებისაგან დამოუკიდებლად, უნდა განვიხილოთ და დავადგინოთ, რომ ეს იყო მოქმედება, რომელმაც გამოიწვია შედეგი, რის გამოც კოლექტიური ორგანოს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა წევს შეიძლება შეერაცხოს შედეგი ობიექტურად. ამ შემთხვევაში ობიექტური შერაცხვის დროს გვაინტერესებს არა იმდენად ის, სხვისი მოქმედებით შედეგი მაინც დადგებოდა თუ არა, არამედ ის, რომ ეს შედეგი რეალურად დადგა იმ პირის მოქემედებით, რომელსაც შედეგი ობიექტურად უნდა შეერაცხოს. მაშასადამე, შედეგი შედეგი წარმოადგენს მოვლენათა განვითარების განონზომიერ ბუნებრივ შედეგს. ალტერნატიული მიზეზობრიობა განსხვავდება იმ შემთხვევებისაგან, როცა უტყუარად ვერ დგინდება, ორი ან მეტი პირობიდან უშუალოდ რომელმა გამოიწვია სასიკვდილო შედეგი. მაგალითად, ვერ დადგინდა, თუ რომელი ტყვია მოხვდა მსხვერპლს ან მოხვედრილი ტყვიებიდან რომელი იყო სასიკვდილო შედეგის გამომწვევი. ასეთ შემთხვევაში ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპიდან ("in dubio pro reo") გამომდინარე, შედეგი არც ერთს არ შეერაცხება ობიექტურად. მიუხედავად შედეგის დადგომისა, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დანაშაულის მცდელობა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მოკვლის განზრახვით გაისროლა მსხვერპლის მისამართით. ამ უკანასკნელი შემთხვევისაგან განსხვავებით, ალტერნატიული მიზეზობრიობა გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უტყუარად დადგინდება, რომ ორი ან მეტი ქმედებიდან თითოეული მათგანი ცალკე აღებული სავსებით საკმარისი პირობა იქნებოდა შედეგის დადგომისათვის. | მიმაგრება: სურათი 1 |
|
სულ კომენტარები: 0 | |