10:07
გიორგი III - მესიის მახვილის ბრძოლები
XII საუკუნე საქართველოს ისტორიაში ძლიერების და კეთილდღეობის ხანაა, მას საფუძველი დავით აღმაშენებლმა ჩაუყარა და მისმა მემკვიდრეებმა ეს საფუძველი კიდევ უფრო განამტკიცეს, გიორგი III მამაზე მეტად მტკიცე და თავისი პოლიტიკის თანმიმდევრულად გამტარებელი გამოდგა, თავის მონეტებზე გიორგი III მესიის მახვილად იწოდებოდა, რაც მიგვანიშნებს, რომ სახელოვანი პაპის დაწყებული საქმე უნდა გააგრძელოს _ ამიერკავკასიიდან მტრის განდევნა დაუსახავს მიზნად.
            სამხრეთით სომხეთისა და რანის საზღვრების გასწვრივ, ისევ მძლავრობდნენ თურქული სასულთნოები და საამიროები, სწორედ იქ სამხრეთით, ძირითადად არმენიის ტერიტორიაზე ხდებოდა მტრის ძალების კონცენტრირება, იქედან მეტი საშიშროება ემუქრებოდა ქვეყანას და გიორგი მესამემაც სწორედ აქედან დაიწყო, პირველად კაღზევანი და აშორნი დაიპყრო. კაღზევანიცა და აშორნიც არმენიის ტერიტორია იყო, შაჰ-არმენი ამ ტერიტორიის ძლიერი და გავლენიანი გამგებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო, გიორგი მეფის მთავარ სამიზნეს დიდი და სახელოვანი ანისი წარმოადგენდა, ყოველი თვალსაზრისით პოლიტიკურით, სავაჭრო-ეკონომიკურით, სამხედრო-სტრატეგიულობით, ფსიქოლოგიურით, მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, საქართველოსთვის. მაჰმადიანთა გაერთიანებული ძალის იერიშების მოგერიებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდნენ თუ იმ გზების შეკვრას მოახერხებდნენ, რითაც მათ საქართველოში შემოჭრის საშუალება ჰქონდათ.
            1161 წლის აგვისტოში სამდღიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ გიორგი III-მ ანისი აიღო, ქალაქი მეფემ თავის მანდატურთთუხუცესს და ამირსპასალარს ივანე ორბელს ჩააბარა თანაშემწედ სარგის მხარგძელი დაუნიშნა, ქალაქში ორი ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი გარნიზონი ჩააყენა და უკანვე გამობრუნდა.
            ანისის დაკარგვამ ძალიან შეაწუხა და ფეხზე დააყენა მაჰმადიანი მმართველები და 80 ათასიანი მეომრით წამოემართნენ რევანშისათვის, გიორგიც სასწრაფოდ გაემართა მტერთან შესახვედრად 9 ათასი მეომრით. ისევ გაიმართა ანისის კედლებთან უმძიმესი ბრძოლა, შეტაკებებს თვითიონ მეფე წარუძღვა, მტრის შუაგულში შეიჭრა და საკუთარი ხელით დასცა მუსლიმთა მთავარი დროშა, აირივნენ და უწესრიგოდ გაიქცნენ ბრძოლის ველიდან მაჰმადიანი მეომრები, ამრიგად გიორგი III-მ ანისთან მრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მუსლიმთა კოალიციაზე, შაჰ-არმენ, სუქმან II-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ძალებზე, ბრძოლის ველიდან გაქცეულ შაჰ-არმენს 400 მხედარი ახლდა თან, ნაწილი მისი მხედრებისა დაიღუპა, ნაწილიც ტყვედ ჩავარდა. ტყვეთა რაოდენობაზე სხვადასხვა მონაცემებია: 2-3 ათასიდან 9 ათასამდე, დატყვევებულთა შორის იყვნენ 6 სპასალარი და 7 დიდი ამირა.
            ანისთან გამარჯვება სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო, მაჰმადიანთა სამხედრო მარცხის შემდეგ ამოქმედდა საქართველოს მეზობელი მუსლიმანური სახელმწიფოების დიპლომატია, რაც ქართველთა მიერ დატყვევებულ მუსლიმთა განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ხლათის დედოფალი, სუქმან-II-ის მეუღლე და მოსულის ზანგიანთა საათაბაგოს ვეზირი ჯამალ ად დინ ალ-ისფაჰანი. XII საუკუნის ისტორიკოსი, იაკობიტთა პატრიარქი, მიხეილ სირიელი წერს, რომ 1161 წელს იბერიელთა მეფე გიორგიმ თურქებს წაართვა დიდი ქალაქი ანისი, ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი და მრავალი არაბი ტყვე, ამირა ჯამალ ად-დინმა, მოსულში ყველაზე მოწყალე ადამიანმა, ტყვეების გასათავისუფლებლად გიორგისთან ელჩად გაგზავნა იაკობიტთა პარტიარქის მოადგილე მაფრანი იგნატიუსი, მიხეილ სირიელის თანახმად, იგნატიუსი საქართველოში პატივით მიიღეს და მრავალი ტყვე უსასყიდლოდ გადასცეს, ქართველთა მეფე ნამოქმედარით არ დაკმაყოფილდა და იგნატიუსს მოსულის გამგებელთან საჩუქარი გაატანა, მასთან ურთიერთობის განსამტკიცებლად მეფემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მოსულში იგნატიუსს, თავის მხრივ, იბერიელთა ელჩი გააყოლა. უაღრესად შთამბეჭდავი იყო ელჩობის მსვლელობა მოსულში  მაფრანი და იბერიელი ელჩი შევიდნენ ქალაქში ამხედრებულები ჯვრებით, რომლებიც დამაგრებული იყო შუბების წვერებზე და ამით საჯაროდ მოახდინეს ქრისტიანული სიმბოლოს დემონსტრირება, რაც მაჰმადიანური კანონმდებლობით მუსლიმთა იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე იკრძალებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტობრივად პირველი ცნობაა იმის თაობაზე თუ როგორ იღებდნენ ქრისტიანული საქართველოს ელჩს იმდროინდელ ისლამურ სამყაროში, მის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ცენტრში.
            მალე ანისის ამბების შემდეგ გიორგი III-მ კარნუ-ქალაქი ანუ არზრუმი აიღო, მომდევნო 1162 წელს გიორგიმ მაჰმადიანთაგან გაათავისუფლა და შემოიერთა ძველი ქალაქი დვინი. 1167 წელს შირვანისკენ ილაშქრა გიორგი მეფემ, იქ გიორგის მამიდაშვილი აღსართანი მეფობდა, მას ყივჩაღები და ხაზარები შემოესივნენ, გიორგიმ აიღო შაბურანი და დარუბანდი, დაამარცხა და უკუაქცია ხაზარები და ყივჩაღები. კიდევ რამდენჯერმე, ზედიზედ დაამარცხა გიორგი მეფემ მაჰმადიანური მხედრობანი და ბოლოს და ბოლოს, ამდენმა გამარჯვებამ ქართველ მეფეს დაუმკვიდრა უპირველესი გვირგვინოსნის სახელი. მაჰმადიანი მმართველები, ,,შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ მისდა იყვნენ და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისა უშიშად ჰქონდეს”.
            1178 წელს გიორგი მეფემ თავის თანამოსაყდრე თანამეფედ და საქართველოს მომავალ ხელმწიფედ გამოაცხადა თამარი, მაგრამ მანმადე 1177 წელს გიორგი მეფის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მოეწყო, შეთქმულებს გიორგი მეფის გადაყენება და მეფედ გიორგის ძმის დავითის ვაჟის დემეტრეს იგივე დემნას დასმა სურდათ, სათავეში მათ ამირსპასალარი ივანე ორბელი ედგა; თუ დაკვირვებით გადავავლებთ თვალს შეთქმულების წინა და მომდევნო პერიოდში მეფის მოღვაწეობას დავრწმუნდებით, რომ ამ შეთქმულებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, პირველი და უმთავრესი ალბათ გოირგი მესამის მიერ (როგორც დავით აღმაშენებლის დროს) საქართველოს დარბაზის კარის მოხელეთა დემოკრატიზაცია იყო, ანუ პირად ღირსებას ამ შემთხვევაში წოდებრიობის წინაშე უპირატესობა მიანიჭა გიორგი მეფემ, ამასთანავე გიორგი მეფეს ძე არ ყავდა და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა საქართველოში სამეფო ტახტზე ქალის ასვლისა, რაც შეიძლება ზოგი დიდგვაროვანისათვის მოუღებელი გამხდარიყო, ამიტომაც სჭირდებოდა მეფეს დარბაზში ერთგული და პირადი ღირსებითY გამორჩეული მოხელეების დანიშვნა, რომლებიც როგორც გიორგი მეფეს ასევე, თამარ მეფის ერთგულები იქნებოდნენ. მართლაც შეთქმულების ჩახშობის შემდეგ გიორგიმ თავისი ერთგული პირები მიუხედავად წარმომავლობისა დანიშნა დიდმოხელეებად და 1178 წელს თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. ამის შემდეგ კიდევ ექვსი წელი იცოცხლა გიორგი მეფემ და 1184 წლის გაზაფხულზე მარტის თვეში, ვნების კვირას გარდაიცვალა დაკრძალეს გელათში, ხოლო დავით აღმაშენებლის შექმნილი უბრწყინვალესი ნამუშევარი სრულიად კავკასიური სახელმწიფო გიორგი III-ის ძალისხმევითა და მოღვაწეობით კვლავ პირველობდა აზია-ევროპის შესაყარში.
| ტეგები: ბრძოლა, მახვილი, გიორგი მესამე, გიოეფი, მესიის, მესია, მახვილიბი, III, ბრძოლები, მესამე

კატეგორია: ისტორია | ნანახია: 2044 | დაამატა: TeMo | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar