19:58 ინსომნია |
ინსომნიის გამომწვევი მიზეზები ინსომნია ბევრმა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის: ბიოლოგიური რიტმის აშლილობამ, სტრესმა, ცუდმა საძილე პირობებმა, ფსიქოპათოლოგიამ, სუსტმა ძილის უნარმა, ფიზიკურმა პრობლემებმა და სხვადასხვა მედიკამენტმა. ბიოლოგიური რიტმის აშლილობა დღის მანძილზე ცირკადული ძილ-ღვიძილის რიტმის მოშლაში გამოიხატება. ინსომნიის საწყის ეტაპზე მყოფ ინდივიდებს ნორმიდან გადახრილი რიტმი აქვთ. სტრესით გამოწვეული ინსომნია მაშინ იჩენს თავს, როცა პიროვნებას მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებთან გამკლავება უჭირს. სტრესი, თავის მხრივ, ასოცირებულია დაღლილობასთან, ფიზიკურ გადაღლილობასთან და ა.შ. რაც გავლენას ახდენს ძილის ხარისხზეც. ცუდი საძილე პირობები მოიცავს ძილისათვის შეუფერებელ ტემპერატურას, ხმაურს, გაზიარებულ/საერთო ოთახს და ა.შ. მაგალითისათვის, ხმაური აფერხებს ღრმა ძილს და ზრდის ძილის დროს სხეულის მოძრაობის სიხირეს. დაძინების ცუდი უნარები გულისხმობს არეულ დღის რეჟიმს, დაურეგულირებელ ძილის განრიგს, საწოლიდან გვიან წამოდგომას და ძილის წინ ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც ხელს უშლის ჩაძინებას. ფსიქოპათოლოგიასა და ინსომნიას შორის კავშირზე მრავალი კვლევა მეტყველებს. მაგალითად, ინსომნია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია კლინიკური დეპრესიის შემთხვევაში. ასევე ხშირად გვხვდება ძილის პრობლემები ისეთ აშლილობებში როგორიც არის შიზოფრენია, პანიკური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ა.შ. ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფიზიკურმა პრობლემებმაც როგორებიცაა ართრიტი, წელის ტკივილი, ფიბრომიალგია, თავის ტკივილი ან ქრონიკულმი დაავადებები. ასევე კიბომ, კარდიოვასკულარულმა დაავადებებმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა და სხვა. რაც შეეხება მედიკამენტებს, ინსომნიის მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც გამოწერილი, ასევე თვითნებურად მიღებული მედიკამენტებიც. აქ იგულისხმება საძილე პრეპარატებიც, რომლებიც ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში ხშირად საპირისპირო ეფექტს ახდენენ და ხელს უწყობენ უძილობის შენარჩუნებას. გამოყენებული ლიტერატურა: გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1 წყარო: http://dictionary.css.ge/content/insomnia |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |