10:44
ფსიქოთერაპიის საიდუმლო - საუბრის წარმართვის ტექნიკა

- ქირურგს ჭირდება საოპერაციო არე, იარაღები, დამხმარე პერსონალი, დანადგარები…
- მუსიკოსს ჭირდება ინსტრუმენტი, გარკვეულ შემთხვევებში სხვა ტექნიკური საშუალებები, გამაძლიერებელი, აპარატურა…
- მეცნიერს ჭირდება ლაბორატორია, პრეპარატები, ტექნიკა…
- სპორტსმენს ჭირდება დარბაზი, სავარჯიშო მოწყობილობა, ეკიპირება, არენა, რომელზეც თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას შეძლებს…

ადამიანებს თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად ესაჭიროებათ გარკვეული სახის მატერიალური ინვესტიციების გაღება, იქნება ეს სამუშაო ეკიპირება, გარემო, აღჭურვილობა, ტექნიკა თუ სხვა მრავალი აქსესუარი და ატრიბუტი.

ორი სკამი და ერთი ოთახი, ეს ის ძირითადი და ბაზისური ელემენტებია, რაც ადამიანს ფსიქოთერაპიის დროს ესაჭირეობა (პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა სკამების რიცხვის გაზრდაც გახდეს საჭირო). 
ალბათ კარგად იცით, რომ ფსიქოთერაპიის მთელ რიგ მიმართულებებში საუბარს ცენტრალური ფუნქცია აკისრია. ხშირად ისმევა შეკითხვა, მაინც რა განსხვავებაა ფსიქოთერაპვეტთან საუბარსა და მეგობრებთან ან ახლობლებთან საუბარს შორის? განა ეს უკანასკნელნი უფრო უკეთესად არ გვიცნობენ და მეტად არ შესტკივათ გული ჩვენს კეთილდღეობაზე?

საქმე იმაში გახლავთ, რომ თერაპიულ საუბრებში გარკვეული ფაქტორები იცვლება. ის, ხშირ შემთხვევაში, რადიკალური კორექტივები, რომლებიც თერაპევტს საუბრის მიმდინარეობის დროს შეყავს, ზრუნავენ პაციენტის (კლიენტის) მხრიდან მოვლენების ალტერნატიული აღქმის უნარის გამომუშავებაზე. რიგ შემთხვევაში აღნიშნული პროცესი გარკვეული დოზით შიშსაც კი იწვევს ადამიანში. წარმატებულად მიმდინარე ფსიქოთერაპიის შემთხვევაში ადამიანები იწყებენ ერთი შეხედვით უცნობი დეტალების ამოცნობას ყოველდღიურ რუტინაში, თითქოსდა ამოწურულ და გადაღეჭილ თემებში. იწყებენ მოვლენების ახლებურად აღქმას და რაც ყველაზე მთავარია, პასუხების მიღებას, ცხოვრებაში აქამდე დაგროვებულ ამოუხსნელ საკითხებზე, ქცევებზე და მოვლენებზე. ადამიანები იწყებენ ნელ-ნელა საკუთარი უცნობი მხარეების შესწავლას, რაც თავის მხრივ ამაღლებს თვითშეფასებას, ზრდის უსაფრთხოების ხარისხს. ბევრი სრულიად შემთხვევით აღმოაჩენს, რომ იმაზე მეტი რამის შეცვლა და მართვაა შესაძლებელი საკუთარ ცხოვრებაში, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ. თურმე შესაძლებელი ყოფილა გარკვეული მოვლენების გაკონტროლება და მართვა, მაგალითად შიშების, კომპლექსების, უსუსურობის განცდის და ა.შ.

ბევრი პირველად აღიქვამს თუ როგორ დგას მყარად ნიადაგზე, ამისათვის იყენებს ორივე ფეხს და დედამიწის მთელი მიზიდულობის ძალას. უსაფრთხოება, შიშებისაგან განთავისუფლება, მყარად ფეხზე დგომა, კონტროლის აღება ცხოვრებაზე, საკუთარი აზრების, ფიქრებისა და ემოციების მართვა, თავისუფლად სუნქთვა, წონასწორობის შენარჩუნება. ეს არის კოლოსალური სამუშაო, რომლის გაწევაც შეუძლია კვალიფიციურ სპეციალისტს თქვენს ცხოვრებაში პირდაპირი და უხეში ჩარევის გარეშე. 
კვალიფიციური ფსიქოთერაპევტი არასდროს შეგაწყვეტინებთ საუბარს ,,უდროო დროს“, არ გაგამხნევებთ საკუთარი ნაცნობებისა და ოჯახის წევრების გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითებით, არ დაგიწყებთ ჭკუის სწავლებას და დარიგებას, ის უბრალოდ ეცდება გიბიძგოთ ან კონკრეტული ნაბიჯებით მიგიყვანოთ გამოსავლამდე და ლოგიკურ დასკვნამდე. დაგეხმარებათ ახსნა უპოვოთ იმ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ კითხვის ნიშნებს ტოვებდნენ.

სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმდინარეობებიდან გამომდინარე გამოიყენება შესაბამისი ტექნიკები. რიგ შემთხვევებში მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალ ასოციაციებს, სიმბოლოებს, დამოკიდებულებებსა და წარსულში შეძენილ გამოცდილებებს. არსებობს ფსიქოთერაპიის ფორმები სადაც ვერბალური ტექნიკა უკანა პლანზე გადადის, წინ კი შემოქმედებითობა და იმპროვიზაცია იწევს. მაგალითად ერგოთერაპია, რომლის დროსაც ადამიანი ახდენს კოგნიტიური თვისებების გაუმჯობესებას, მუშაობს რა ხელით სხვადასხვა მასალებზე იქნება ეს ხე, თიხა, მოზაიკა, ძერწვა თუ ა.შ. თერაპიის ამ კონკრეტულ ფორმაში იმაზე ,,მეტი“ იმალება ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ, 38 წლის ქალბატონი ინიციალებით ჰ.ბ., რომლის ბავშვობა უხვად იყო გაჯერებული ტრამვული ფაქტორებით, იქნებოდა ეს მშობლების ალკოჰოლდამოკიდებულება თუ სექსუალური შევიწროვება ბიძის მხრიდან. ჰ.ბ.-იმ სკოლის დამთავრების შემდგომ ბედი სხვადასხვა სფეროში სცადა, დაიწყო სწავლა ფილოლოგიის განხრით, 2 წლის შემდგომ მიატოვა. გადაინაცვალა ხელოვნებათ მცოდნეობაზე, რომელიც ასევე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამის შემდეგ სცადა გადამზადება საბუღალტრო მიმართულებით, რომელიც ასევე მიატოვა რამოდენიმე თვეში. ყავს ორი შვილი, ორი სხვადასხვა მამაკაცისაგან. ოჯახის შენარჩუნება ვერცერთ მათგანთან ვერ მოახერხა. ჰ.ბ.-ის თქმით ისინი მუდამ ბოჭავდნენ მას, გარდა ამისა დროთა განმავლობაში ჩამოუყალიბდა კომპლექსები, საქმის ბოლომდე ვერ მიყვანის გამო. რეაბილიტაციის დაწყებისას პაციენტი იყო აბსოლუტურად დემოტივირებული, თავიდანვე ფაქტობრივად დარწმუნებული იყო, რომ 8 კვირიან კურსს ბოლომდე ვერ მიიყვანდა. მუდმივი შფოთვის ფონზე ჰ.ბ. აღწერდა თუ როგორ ეცლებოდა წლების განმავლობაში შესაძლებლობები ხელიდან და აქამდე ვერცერთი საქმე ვერ მიიყვანა ბოლომდე, ცხოვრებას აღიქვამდა არა როგორც ერთიანს, არამედ ათასობით პატარა ,,ნაკუწისაგან“ შემდგარ მოვლენათა ერთიანობას, რომელსაც ვერაფრით მოუყარა თავი. რეაბილიტაციის პირველივე კვირას, პაციენტი დარეგისტრირდა ერგოთერაპიაზე. 4 კვირის განმავლობაში მუშაობდა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თიხაზე, ეს იყო ერთადერთი რამე, რასაც მისთვის ერთგვარი სიმშვიდე მოქონდა, რადგან მასალაზე მუშაობის დროს მისი გონება და ფიქრები ბოლომდე ტოვებდნენ დასუსტებულ სხეულს, მას შეეძლო ამით ყურადღება გადაეტანა და როგორც თავადვე აღწერა რეაბილიტაციის ბოლოს, იგი ცდილობდა თიხაზე ინტერპრეტაციით პატარა ,,ნაკუწების“ გამოყენებით აეწყო ერთი მთლიანი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჰ.ბ.-ის სახე, როდესაც გამოწვისა და გამოშრობის შემდგომ მისი ხელნაკეთი გამოიღეს ღუმელიდან. ეს იყო ყველაზე სრულყოფილი და იდეალური ნივთი, ჰ.ბ.-ის ცხოვრებაში, ერთადერთი საქმე, რომელიც პაციენტის თქმით 38 წლის განმავლობაში ბოლომდე მიიყვანა. ჰ.ბ. უკვე 2.5 წელია რაც გადამზადებას გადის სოციალ-პედაგოგად, მას 6 თვე დარჩა სერთიფიკატის ასაღებად. ცხოვრობს მოკრძალებულ ბინაში 2 შვილთან ერთად და სიამოვნებით უზიარებს დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას. მის სახლში მრავლად იხილავთ თიხის და არამარტო თიხის ნაკეთობებს, საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი მომავალში საკუთარი გამოფენის მოწყობასაც გეგმავს.

ეს არ გახლავთ სტატიიდან ამონარიდი, ან ვინმეს მონათხრობი. ეს არის ნამდვილი ამბავი, ნამდვილი პიროვნების შესახებ, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა სწორი მიდგომებითა და ფსიქოთერაპიის სწორი ტექნიკის გამოყენებით. სამწუხაროდ მსგავსი წარმატებული შემთხვევები არც თუ ისე ხშირია დღევანდელ რეალობაში.
ალბათ რაღაცამ სწორად რომ იმოქმედოს და შედეგი მოგვცეს, თერაპიულ ტექნიკასთან და მედიკამენტებთან ერთად, საჭირო მოტივაცია და ცვლილებების სურვილიც აუცილებელია.

ილიას ტერსენიდისი
ექიმი / ფსიქიატრი



კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 454 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 4.0/1
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 2
avatar
0
1 TeMo • 23:44, 2019-02-18 [Entry]
angel2 angel2 angel2
avatar
1
2 Dvalishvili • 11:33, 2019-02-21 [Entry]
afro
avatar