22:54 საქართველო და ბერძნული სამყარო. ელინიზმის ეპოქა. |
ქართულ-ბერძნული ურთიერთობები სათავეს შორეულ წარსულში იღებს. ამ ურთიერთობის შესახებ უძველესი ცნობები მხოლოდ მითოსმა შემოინახა. ერთი ასეთი მითი ტიტან პრომეთეს ტრაგიკულ ბედზე მოგვითხრობს. გადმოცემით ურჩი პრომეთე, რომელმაც ღმერთებს ცეცხლი მოპარა და კაცობრიობას აჩუქა, სასტიკად დაისაჯა. ბერძენთა უზენაესმა ღმერთმა - ზევსმა, თავგასული პრომეთე კავკასიონს მიაჯაჭვა და სამუდამო ტანჯვისთვის გაწირა. მეორე მითი თესალიელი უფლისწულის იაზონის თავგადასავლს გვამცნობს. მან კოლხეთის მეფე აიეტს ოქროს საწმისი მოსტაცა, მეფის გრძნეული ასული, ულამაზესი მედეაც თან წაიყვანა და შინ ძლევამოსილი დაბრუნდ. პრომეთე ამირანის პროტოტიპად მიჩნევა, რის გამოც ხშირად ბერძნული პრომეთესა და ქართული ამირანის მითებს ერთმანთთან აიგივებენ, თუმცა არ არსებობს ზუსტი ცნობები, რომ ოდესმე პრომეთეს ამირანი ეწოდებოდა. მიუხედავად ამისა, პრომეთეს მაინცა აქვს შეხება ქართულ სამყაროსთან. პრომეთეს მითში ფაქტობრივად პირველად მოიხსენიება ჩვენი მიწა-წყლის ერთი ნაწილი - კავკასიონის მთები. ამ მითის დათარიღება ძალზე ძნელია, მაგრამ მისი დღემდე მოღწეული ვარიანტი არაუგვიანეს ქრისტემდე II ათასწლეულის პირველ ნახევარში უნდა იყოს შექმნილი. რაც შეეხება მითს არგონავტების შესახებ, თანამედროვე საისტორიო მეცნიერება მიიჩნევს, რომ იგი უნდა მიეკუთვნებოდეს ქრისტემდე II ათასწლეულის დაახლ. შუახანებს (ძვ. წ. XV-XIII სს.). აქედან გამომდინარე, ძველი ბერძნული მითები, ძველ აღმოსავლურ წერილობით ძეგლებთან ერთად, ჩვენი ისტორიის უძველეს წყაროებს წარმოადგენს. ბერძნულ სამყაროსთან ქართველური მოდგმის ხალხების ურთიერთობებს პრეისტორიულ ეპოქაში გადავყავართ და მისი მეცნიერული კვლევა მეტად რთულია. მითებსა და ჰომეროსის პოემებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ ეს ურთიერთობა არ იყო ერთგვაროვანი. მშვიდობიან სავაჭრო თანამშრომლობას ხშირად დაძაბულობა ენაცვლებოდა, რომელიც საომარ დაპირისპირებად იქცეოდა ხოლმე. ეს კარგად ჩანს თვით მითში არგონავტების შესახებ. ურთიერთობები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ე. წ. დიდი ბერძნული კოლონიზაციის დროიდან მოყოლებული (ქრისტემდე VIII-VI ს.ს.). ამ დროს შავი ზღვის კოლხურ სანაპიროზე დაარსდა ბერძნული კოლონიები. ანტიკურ სამყაროსთან (ანტიკურ ხანა მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V საუკუნის შუა წლები) საქართველოს ურთიერთობა ძირითადად ამ ბერძნული ახალშენების მეშვეობით ხორციელდებოდა. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების მოსახლეობის ნაწილი ხშირად ტოვებდა სამშობლოს და ახალ მიწებზე კოლონიებს აარსებდა. ამ პროცესს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. კოლონიზაციის დაწყების უმთავრესი მიზეზი მოსახლეობის მატება იყო, მეორე მიზეზი კი - შიდა კონფლიქტები სხვადასხვა საზოგადოებრივ დაჯგუფებას შორის (ძირითადად არისტოკრატიასა და დემოსს შორის), რომლებიც ხშირად სამოქალაქო ომამდეც მიდიოდა. დამარცხებულები იძულებული იყვნენ, თავშესაფარი სხვაგან ეპოვათ. ამიტომ, უმცირესობაში აღმოჩენილი ჯგუფი ტოვებდა ქვეყანას და მიდიოდა ახალი პოლისის დასაარსებლად. საბერძნეთი, იმდროინდელი სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, თავისებურად განვითარდა. ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო იქ არ შექმნილა, წარმოიშვა მრავალი ქალაქ-სახელმწიფო, ისეთები, როგორიც იყო: ათენი, სპარტა, კორინთო, თებე, მილეთი და სხვ. კოლონიზაცია გეოგრაფიული თვალსაზრისით შემდეგი ძირითადი მიმართულებებით წარიმართა: 1) აღმოსავლეთის (მცირე აზია და ახლო აღმოსავლეთი), 2) სამხრეთის (ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო), 3) დასავლეთის (იტალია,სამხრეთ საფრანგეთი და აღმოსავლეთ ესპანეთი), 4) ჩრდილოეთის (ადრიატიკა,მაკედონია) და 5) ჩრდილო-აღმოსავლეთის (შავიზღვისპირეთი). კოლონიზაციის პერიოდში დაარსებულ დასახლებებს დღემდე შემორჩათ ბერძნული სახელები: მასილია (მარსელი), ნეაპოლი, სირაკუზი, ბიზანტია, ხერსონესი და სხვ. აღსანიშნავია,რომ კოლონიები ისეთივე დამოუკიდებელნი იყვნენ, როგორც მეტროპოლიები (ქალაქ-სახელმწიფოები). მათ ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფო წყობილება, ჭრიდნენ საკუთარ ფულს. მეტროპოლიასთან კოლონიებს აკავშირებდა საერთო რელიგიური კულტი. კოლონიზაციას ხმელთაშუაზღვის ელინიზაცია მოჰყვა, ყველაზე შორეული დასახლებების ჩათვლით, ბერძნული კოლონიების გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, რელიგიური, კულტურული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი იყო. შავი ზღვის ბერძნული კოლონიზაცია ძვ.წ-ით VII-VI საუკუნეებში იწყება. ჩვ.წ-მდე VI ს-დან ბერძნებმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არაერთი ახალშენი დააარსეს. მაგალითად ფაზისი (ქალაქ ფოთთან), გიენოსი (ქალაქ ოჩამჩირესთან), დიოსკურია (ქალაქ სოხუმთან), პიტიუნტი (ქალაქ ბიჭვინთასთან). ასევე ბერძნული დასახლება უნდა ყოფილიყო ქობულეთ-ფიჭვნარის რაიონში, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კოლონიებიდან, თუ ყველა არა, დიოსკურია და ფაზისი მაინც მილეთის დაარსებული უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული კოლონია იყო ფაზისი. მის დაწინაურებას ხელს უწყობდა ”დიდი აბრეშუმის გზად” წოდებული სავაჭრო გზა, რომელიც იწყებოდა ინდოეთიდან. ეს გზა მიუყვებოდა მდინარე ამუ-დარიას, კასპიის ზღვას და მდინარე მტკვრით ლიხის ქედამდე აღწევდა, შემდეგ მდინარე ფაზისით (რიონით) შავ ზღვამდე, ქალაქ ფაზისამდე და აქედან უკვე ბერძნული სამყაროსკენ მიემართებოდა. კოლხეთის სანაპიროზე დაარსებული ახალშენები აღმოცენდა იქ, სადაც უკვე არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი დასახლებები. კოლონიების მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა რომ შერეული იყო, ნათლად მეტყველებს არქეოლოგიური მასალები. აქედან გამომდინარე, დაპირისპირება კოლონისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ იყო ისეთი მწვავე, როგორც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, სადაც ბერძნული კოლონიები (პანტიკაპეიონი, ოლვია, ხერსონესი) იძულებული გახდნენ გაერთიანებულიყვნენ და შეექმნათ ბოსფორის სამეფო. არქეოლოგიური კვლევები ნათლად ადასტურებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასა და კოლონისტ ბერძნებს შორის ძირითადად მშვიდობა სუფევდა. უმეტესწილად ისინი დაკავებულნი იყვნენ სავაჭრო ურთიერთობებით, რის შედეგადაც დაახლ. 2000 წლის წინ ჩამოყალიბდა დიდი საერთაშორისო სავაჭრო მაგისტრალი, რომლის ქართული მონაკვეთი - აბრეშუმის გზის ერთ-ერთ განშტოება, ფაზისიდან იწყებოდა, ლიხის ქედით ქართლში გადმოდიოდა და მდ. მტკვრის მეშვეობით ცენტრალურ აზიას უკავშირდებოდა. ამ გზამ საუკუნეების განმავლობაში იმუშავა და დიდ როლს ასრულებდა ჩვენი წინაპრების ეკონომიკურ ცხოვრებაში. ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული ახალშენები ადგილობრივ მოსახლეობაზე გაბატონდნენ, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოცენებული კოლონიები კი განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდნენ. მათ არა თუ ვერ შეძლეს გაბატონებულიყვნენ ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ რამდენადმე თვითონ მოექცნენ კოლხეთის სახელმწიფოსა და ადგილობრივი მოსახლეობის გავლენის ქვეშ. ბერძნები კოლხეთთან ვაჭრობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. საბერძნეთიდან შემოჰქონდათ ქსოვილები, სამკაული, ჭურჭელი და ფუფუნების სხვა საგნები. შემოჰქონდათ ასევე ზეთი და ღვინო. ღვინო ბერძნებს, ალბათ, თავისთვის ესაჭიროებოდათ, რადგან საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა და ღვინის აქ სავაჭროდ შემოტანა ნაკლებად სავარაუდოა. საქართველოდან გაჰქონდათ სელი და სელის ნაწარმი, ბეწვეული, ტყავი, გემის საშენი ხე-ტყე, აგრეთვე ხის ძვირფასი ჯიშები, მაგალითად, ბზა. გაჰქონდათ ოქრო და რკინა. გაჰყავდათ მონებიც. ბერძნული კოლონიები დიდ გავლენას ახდენდნენ კოლხეთის კულტურულსა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. მათი მეშვეობით კოლხეთი უკავშირდებოდა ბერძნულ სამყაროს, რომელიც იმ დროს ყველაზე მაღალგანვითარებული და მოწინავე იყო. მიუხედავად ბერძნული კულტურის დიდი გავლენისა, უნდა აღინიშნოს, რომ კოლხეთის, და მით უმეტეს, იბერიის მოსახლეობას არ განუცდია ბერძნული კულტურული ასიმილაცია. კოლხეთს ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთან, ასევე შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე არსებულ კოლონიებთან და მცირე აზიის ქალაქებთან. ისეთი შორეული ქვეყნებიდანაც კი, როგორიც იყო ეგვიპტე და სირია, კოლხეთში შემოჰქონდათ სხვადასხვა ნაკეთობა. როგორც ითქვა, უმთავრესად ამ ზღვისპირა ბერძნული ახალშენების გზით ხორციელდებოდა კოლხეთის მოსახლეობის სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობა ანტიკურ სამყაროსთან. ამასთანავე, ასეთი ურთიერთობა ჩანს არა მარტო საბერძნეთთან, არამედ ძველი სამყაროს სხვა რაიონებთანაც, მაგალითად სირიასთან, ეგვიპტესთან. განსაკუთრებით ინტენსიური უნდა ყოფილიყო ურთიერთობა ჩრდ. შავიზღვისპირეთის ბერძნულ ქალაქებთან, ბოსფორის სამეფოსთან. ამ ურთიერთობას ორმხრივი ხასიათი უნდა ჰქონოდა: ადგილი ექნებოდა არა მარტო იმპორტს იქიდან კოლხეთში, არამედ პირიქით, ბევრი რამ გავიდოდა ჩრდ. შავიზღვისპირეთში კოლხეთიდანაც. აღსანიშანვია, მაგალითად, რომ ყირიმში, ნიმფეის არქაული ტაძრის გათხრებისას, ძვ. წ. VI საუკუნის მეორე ნახევრის ფენაში აღმოჩნდა კოლხური პითოსების (დიდი ზომის ჭურჭლის) ნამტვრევები კოლხურ ვერცხლის მონეტებთან (“კოლხურ თეთრთან”) ერთად. კოლხეთში ანტიკური იმპორტის ძირითად ნაწილს, რომელიც აქ ბერძნული სავაჭრო ცენტრების გზით შემოდიოდა, ფუფუნების საგნები (ძვირფასი ჭურჭელი, ღვინო, ნელსაცხებლები, სამკაულები) შეადგენდა. კოლხეთიდან ექსპორტში, ანტიკური ხანის მწერლებთან დაცული ცნობების მიხედვით, დიდი ადგილი ეჭირა ხე-ტყეს. კოლხური ხე-ტყე განთქმული იყო გემთმშენებლობისათვის, მასვე იყენებდნენ ასევე მდიდრული ავეჯის დასამზადებლად და სხვ. გემთმშენებლობას ემსახურებოდა ფისისა და ცვილის ექსპორტიც, რომლებიც კოლხეთში უხვად მოიპოვებოდა; შესაძლებელია წაეღოთ ოქროც (ბერძნულ ტრადიციაში კოლხეთი, განსაკუთრებით მისი ჩრდილო მთიანი მხარე – სვანეთი, ოქროს სიუხვით იყო ცნობილი. ძველი ბერძენი ავტორები კოლხეთს ,,ოქრომრავალ ქვეყანას” უწოდებდნენ). კოლხეთის სამხრეთი ნაწილიდან გადიოდა აგრეთვე რკინა. ანტიკურ სამყაროში განთქმული იყო კოლხური ხოხობიც, რომელსაც ფაზისის სახელის მიხედვით („ფაზიური“) ეწოდა. ბერძნულ სამყაროში ფართოდ იყო ცნობილი და ექსპორტის საგანი უნდა ყოფილიყო აგრეთვე კოლხური სელიც. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ბერძნული ახალშენების გარდა, არაერთი ადგილობრივი ქალაქიცაა დადასტურებული. კერძოდ ქ. ვანის, სამტრედიის რაიონის სოფ. დაბლაგომის და საჩხერის რაიონში, სოფელ საირხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაქალაქარები. ისინი უკვე ჩვ.წ-მდე VIII საუკუნიდან წარმართული რელიგიურ ცენტრებს წარმოადგენდნენ და VII-VI საუკუნეებიდან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებად ჩამოყალიბდნენ. აღსანიშნავია, რომ ვანის ნაქალაქარზე დადგენილია უწყვეტი ცხოვრება ძვ.წ-ის VIII საუკუნიდან I საუკუნის შუახანებამდე. აქ აღმოჩენილი მრავალრიცხოვან ნაგებობათა ნაშთები, კლდოვან ქანში გამოკვეთილი სამსხვერპლოები, მდიდრული სამარხები თვალნათლივ წარმოაჩენენ სოციალური და კულტურული განვითარების მაღალ დონეს. ვანში პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა არსებობდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის ურწყინვალეს ნიმუშებს ქმნიდა. ასევე, კოლხეთის უძველესი ქალაქი იყო ბერძნულ წყაროებში მითითებული კუტაია - დღევანდელი ქუთაისი. საინტერესოა ძვ.წ-ით IV საუკუნის ისტორიკოსის ცნობა, რომ “მდინარე ფაზისზე ზევით აყოლებაზე, 180 სტადიონის მანძილზე (დაახლოებით 30 კმ), არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა”. მართალია, ეს ქალაქი დღეისათვის მიკვლეული არ არის, მაგრამ მისი მოხსენიება “ბარბაროსულ ქალაქად” იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ იგი მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნოდა. კოლხეთის სამეფოს ქართულად ეგრისი ეწოდებოდა. ის ადრეკლასობრივი სახელმწიფო იყო, რომელსაც ახასიათებდა თემური წყობილების გადმონაშთები. ქართული საისტორიო ტრადიცია ეგრისის მთავარ ქალაქად სახავს ციხე-გოჯს. იგი დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას, სენაკიდან 17 კმ-ში მდებარეობდა. აქ იყო, ბიზანტიელი ავტორების ცნობით, შემდეგში ლაზიკის დედაქალაქი, რომელსაც ეს წყაროები “არქაიოპოლისს”, ე.ი. “ძველ ქალაქს” უწოდებენ. VIII-VII საუკუნეებში კიმერიელებისა და სკვითების გამანადგურებელმა შემოსევებმა და მცირე აზიაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაფერხა ქართველი ტომების შემდგომი განვითარება. თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო. ხელახალი აღმავლობა დაკავშირებულია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ტომის - კოლხების სახელთან. კოლხების შესახებ საინტერესო ცნობები მოიპოვება ძველი ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების თხზულებებში. ჰეროდოტე სასპერებს და კოლხებს მიდიელებისა და სპარსელების გვერდით მოიხსენიებს, რაც ამ ორი ქართული ტომის სიძლიერეზე უნდა მიუთითებდეს. სასპერები ძველი ქართული ტომი იყო. მათმა გაერთიანებამ ძლიერების მწვერვალს ძვ.წ-ით VII-VI საუკუნეებში მიაღწია. კოლხეთი, როგორც ჩანს, ეწოდებოდა ტერიტორიას პიტიუნტიდან (ბიჭვინთა) აფსაროსამდე (სოფელი გონიო, ჭოროხის შესართავთან და აღმოსავლეთით სარაპანამდე (დღევანდელი შორაპანი). კოლხების გარდა ამ რეგიონში სხვა ტომებიც სახლობდნენ, მაგრამ გაბატონებული მდგომარეობა კოლხებს ეკავათ. კოლხეთი ამ შემთხვევაში პოლიტიკური მნიშვნელობითაც იხმარება და აღნიშნავს ქვეყანას, რომელიც კოლხებს ემორჩილებოდა. ძვ.წ-ით VI-IV საუკუნეებში კოლხეთი კარგად განვითარებული ქვეყანაა. მაღალ დონეს მიაღწია რკინის მეტალურგიამ. რკინის სახნისების გამოყენებამ კიდევ უფრო განავითარა მიწათმოქმედება. დიდი ადგილი ეჭირა მარცვლეულის მოყვანას. მრავლად აღმოჩენილი ქვევრები მიუთითებს მევენახეობა-მეღვინეობის დაწინაურებაზე. განვითარების უაღრესად მაღალ საფეხურზე იდგა ოქრომჭედლობა. კოლხეთის მაღალგანვითარებულობაზე მიუთითებს ადგილობრივი ფულის არსებობა. ძვ.წ-ის VI-III საუკუნეებში კოლხეთში იჭრებოდა ვერცხლის ფული, რომელსაც “კოლხური თეთრი“ ეწოდა. კოლხური თეთრი აღმოჩენილია საქართველოს ფარგლებს გარეთაც (ყირიმში, ტრაპიზონის მახლობლად, შუა აზიაში-ფერღანის ველზე), რაც მიუთითებს მის გამოყენებაზე საერთაშორისო ვაჭრობაშიც. ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო საკმაოდ ძლიერი იყო. მისი დაპყრობა ვერ შეძლო ძლევამოსილმა აქემენიდურმა ირანმა, რომელმაც თავისი ძლიერების მწვერვალს ძვ.წ-ით VI საუკუნეში დარიოს I-ის დროს მიაღწია და მთელი მცირე აზია დაიმორჩილა. სპარსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრები ზოგიერთი ქართული ტომი. კოლხეთი აქემენიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში არ შედიოდა. ეგრისი მას მხოლოდ “ნებაყოფლობით” ძღვენს უგზავნიდა: ხუთ წელიწადში ერთხელ 100 ბიჭსა და გოგოს. როგორც ჩანს, ეს ხარკი კი არა გარკვეული კონტრიბუცია უფრო იყო, რათა კოლხეთს თავიდან აეცილებინა ირანის აგრესია. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში მცხოვრები ქართული ტომების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ქსენოფონტეს “ანაბაზისში”. ქსენოფონტე იმ ბერძენ დაქირავებულ მეომართა რაზმის მეთაური იყო, რომელიც ძვ.წ-ის V საუკუნის ბოლოს მონაწილეობას იღებდა სპარსეთის სამოქალაქო ომში და უკან მობრუნებულმა გაიარა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქართული ტომებით: კარდუხებით, ხალიბებით, ტაოხებით და სხვ. დასახლებული ტერიტორია. ბერძნებს კოლხების მიწაზე არ გაუვლიათ, მაგრამ ქსენოფონტე წერს, რომ “ამ დროს იქ მეფობდა აიეტის ჩამომავალი”. ამრიგად, კოლხეთის, ანუ ეგრისის სამეფო წარმოადგენდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაწინაურებულ, განვითარებული კულტურის მქონე სახელმწიფოს, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან. ელინიზმი პირობითი ცნებაა და აღნიშნავს გარკვეულ ისტორიულ ეპოქას (ძვ. წ. IV – I სს.), რომელიც მოიცავს პერიოდს ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის წარმოქმნიდან (ძვ. წ. 334–324 წწ.) რომაელთა მიერ ეგვიპტის დაპყრობამდე (ძვ. წ. 30 წ.). ელინიზმი ბერძნულიდან წარმომდგარი ტერმინია და პირველად მეცნიერებაში გერმანელმა სწავლულმა დროიზენმა დაამკვიდრა; ანტიკური ხანის ავტორებთან ელინისტი ჩვეულებრივ ეწოდებოდა არაელინს, ვინც სწორად მეტყველებდა და წერდა ბერძნულად. თუ ძველად „ელინი“ ბერძნების საერთო სახელი იყო, ელინიზმის ხანაში აღმოსავლეთში მან ეთნიკური მნიშვნელობა დაკარგა და საზოგადოების პრივილეგირებული ფენის აღმნიშვნელი ტერმინი გახდა. აღმოსავლეთისათვის ელინიზმი იყო წინსვლა – ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ფილოსოფიური სისტემების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების, მედიცინის, ასტრონომიის, ფილოლოგიის აყვავების ხანა. დიდი ცვლილებები მოხდა ფულის მიმოქცევაშიც. ალექსანდრე მაკედონელის ფულმა - ოქროს სტატერმა და ვერცხლის ტეტრადრაქმებმა დაიპყრო მსოფლიოს სამონეტო ბაზარი. ცოტა მოგვიანებით, შავიზღვისპირეთის ქვეყნებში ასეთივე პოპულარობა მოიპოვა ალექსანდრეს ერთ-ერთი მემკვიდრის, თრაკიის მეფის ლისიმაქეს სტატერებმა. ალექსანდრეს და ლისიმაქეს სტატერების ემისია რამდენიმე ასეულ წელს გრძელდებოდა ამ დინასტების გარდაცვალების შემდეგაც. ეს საფასები წარმოადგენდა ფულადი მიმოქცევის საფუძველს მთელს ელინიზებულ სამყაროში. ჩვ.წ.აღმდე VI-V სს ბერძნებმა და მაკედონელებმა, მახლობელ აღმოსავლეთში, თან მოიტანეს იმ ოლიმპიური ღმერთების კულტები, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ თავიანთ სამშობლოში. მაგრამ მათ ადგილობრივი რელიგიური სისტემის ზეგავლენაც განიცადეს. ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შედეგად ჩამოყალიბდა ე. წ. ელინისტური კულტურა და ცივილიზაცია, რომელიც წარმოადგენდა ბერძნული - ,,ელინური” კულტურის შერწყმას აღმოსავლურ კულტურულ ტრადიციებთან. ამ პროცესში წინარეისტორიულ ქართულ კულტურულ ტრადიციებსაც გარკვეული წვლილი უნდა შეეტანა. აღმოსავლეთიდან მომდინარე ეს კულტურული იმპულსები და გავლენები დასავლურ კულტურასა და ცივილიზაციაზე აისახება ცნობილ ლათინურ სენტენციაში ,,Ex Orient Lux” (,,სინათლე აღმოსავლეთიდან მოდის””. ძვ. წ. IV ს. მეორე ნახევარში ალექსანდრე მაკედონელმა ბოლო მოუღო სპარსეთის სახელმწიფოს დომინირებას. ბერძენ-მაკედონელთა ლაშქარი ალექსანდრე მაკედონელის სარდლობით ჯერ აქემენიდური სპარსეთის სამფლობელოებს მცირე აზიაში შეესია. აქედან ალექსანდრეს ჯარი გადავიდა სირიაში, გაიარა პალესტინა და ეგვიპტეში შეიჭრა. ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ დაიწყო გენერალური შეტევა სპარსეთის ძირითად რაიონებზე, როგორიც იყო: მესოპოტამია, სპარსეთი, შუა აზია და ინდოეთი. აქემენიდების სამეფო განადგურდა. მისი უკანასკნელი მმართველი დარიოს III თავისივე ნაცვლების მიერ იქნა მოკლული. სპარსეთის იმპერია ალექსანდრე მაკედონელის კიდევ უფრო ვრცელი იმპერიით შეიცვალა. მაგრამ მალე, ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 323 წ.) ეს იმპერიაც დაიშალა. დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ალექსანდრეს სარდლებს -დიადოხოსებს შორის. ამ ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბდა მთელი რიგი ე. წ. ელინისტური სახელმწიფოები. ეგვიპტეში დამკვიდრდა პტოლემაიოსის მემკვიდრეთა – პტოლემაიდების დინასტია. ყველაზე დიდი ელინისტური სახელმწიფოს სელევკიდების სამეფო წარმოადგენდა, რომლის დინასტიის ფუძემდებელი იყო ალექსანდრეს სარდალი სელევკი. ძვ. წ. IV ს. ბოლოს ეს სამეფო მოიცავდა მიდიას, სპარსეთს, ელამს, ბაქტრიას, პართიას, მესოპოტამიას და ჩრდ. სირიას. ძვ. წ. 301 წ. იფსოსთან (მცირე აზიაში) ბრძოლის შემდეგ ამ სამეფოში შევიდა აგრეთვე სომხეთის დიდი ნაწილი. სელევკის მემკვიდრეები იყვნენ ანტიოქოს I (280-260), ანტიოქოს II (260-247), სელევკი II (247-226). სამეფოს დედაქალაქი იყო ქ. ანტიოქია მდ. ორონტზე (სირიაში). იგი ეგვიპტის ალექსანდრიასთან ერთად ელინისტური აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი იფსოსთან ბრძოლის შემდეგ ლისიმაქეს ხელში მოექცა, მაგრამ ამ მხრივ ჩრდილოეთ რაიონებზე მისი ძალაუფლება ფიქტიური აღმოჩნდა და იქ ცალკე პოლიტიკური ერთეული – პონტოს სამეფო ჩამოყალიბდა. მათში მითრიდატიდების დინასტია დამკვიდრდა. დინასტიის დამფუძნებელი იყო სპარსეთის უკანასკნელი მეფის დარიოს III-ის სატრაპი მითრიდატე. მისმა მემკვიდრე ასევე მითრიდატემ პონტოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მეფის ტიტული მიიღო. სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა ქალაქი ამასია მდ. ირისზე. შემდეგში პონტომ გაიფართოვა ტერიტორია. ჩრდილოეთით იგი დაეუფლა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნულ ქალაქებს და თავისი ტერიტორია დასავლეთით – ფრიგიის მიმართულებით განავრცო. რა თქმა უნდა, პონტო არ დააკლებდა მეცადინეობას თავისი ტერიტორიის გასაფართოებლად აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, სადაც ძირითადად ქართველი ტომები ცხოვრობდნენ. პონტოს მიწა-წყლის გაფართოება, ბუნებრივია, სელევკიდების წინააღმდეგობის გადალახვის გზით მიმდინარეობდა, რომლებიც მცირე აზიის ფლობაზეც აცხადებდნენ პრეტენზიას. პონტო მდიდარი იყო ხე-ტყით, მადნეულით (რკინა, სპილენძი, ვერცხლი), საძოვრებით, ნოყიერი ნიადაგით. განვითარებული იყო გემთმშენებლობა, მეტალურგია, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მევენახეობა, მებაღეობა. პონტოს სამეფოს ქალაქებში მონათმფლობელური ურთიერთობა ბატონობდა, სოფლებში კი, როგორც ჩანს, შემორჩა თემი და თავისუფალ მწარმოებელთა შრომის ექსპლუატაცია. პონტოს სამეფოს აყვავებისა და ნამდვილი ძლიერების ეპოქა მითრიდატე VI ევპატორის ხანაა (ძვ. წ. 120–63 წ. წ.). მან გარდაქმნა საომარი ძალები და დაიწყო სახელმწიფო საზღვრების გაფართოება. დაიპყრო ბოსფორის სახელმწიფო, აზოვის ზღვის აუზი, ტამანი და მდ. ყუბანის ქვემო წელი. მითრიდატე VI ევპატორი შავი ზღვისპირეთის ჩრდილოეთიდან ყოველწლიურად ღებულობდა ხორბალს და ფულად გადასახადს, აქედანვე ავსებდა საომარ ლაშქარს. ძვ. წ. I ს. 90–იან წწ–ში მითრიდატე VI ევპატორმა შეიერთა კოლხეთი, საიდანაც გაჰქონდა ძელქვა, სელი, კანაფი და ცვილი. აქედანვე მას ლაშქრად გაჰყავდა „შმაგად მეომარი“ კოლხი მხედრები და ზღვაოსნები. პონტომ დაიმორჩილა მცირე არმენია და კავშირი შეკრა თრაკიასთან, იბერიასთან, დიდ არმენიასა და პართიასთან. დაიწყო პირველი, ე. წ. მითრიდატული, ომი (ძვ. წ. 89–85/84 წ. წ.) რომთან. მითრიდატე დაპყრობილ ოლქებში მონებს ათავისუფლებდა. მითრიდატე VI ევპატორის პოლიტიკამ მცირე აზიის ბერძნული ქალაქების მმართველების უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი მის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რამაც ხელი შეუწყო რომაელების გამარჯვებას. 83 წელს რომაელებმა ომი განაახლეს. მითრიდატე ევპატორმა რომაელები დაამარცხა, მაგრამ მის შემდგომ წინსვლას ხელი შეუშალა კოლხეთის აჯანყებამ. 74 წ. დაიწყო III მითრიდატული ომი. 66 წელს გნეუს პომპეუსმა მითრიდატე VI ევპატორი საბოლოოდ დაამარცხა და მისი სამფლობელო დაიპყრო. ძვ. წ. 47 წელს პონტოს სამეფოს არსებობა სამუდამოდ შეწყდა. ქართლის (იბერიის) სამეფოს ფუძემდებლის, ფარნავაზის ბრძოლაში აზოსთან და “ბერძნებთან”, სწორედ “საბერძნეთის” მიწა-წყლის ყველაზე ახლო ტერიტორიაზე ამ დროს ჩამოყალიბებული პონტოს სამეფო უნდა იგულისხმებოდეს. სპარსეთის დაცემის შემდეგ მაკედონელთა მხარეს გადავიდა იმ პროვინციის სპარსი სატრაპი (მმართველი), რომელიც განაგებდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. მათ შორის იმას, რასაც ქართულ წყაროებში უწოდებენ „არიან ქართლს“ – ანუ ირანულ ქართლს. ეს უნდა ყოფილიყო ქართველური ტომებით დასახლებულ ტერიტორია, რომელიც სპარსეთის იმპერიაში შევიდა. სწორედ ამ მიწების სატრაპმა დაიპყრო ქართლი მაკედონელთა დახმარებით. ქართული წყაროების მიხედვით, უშუალო დამპყრობელს „აზო“ ერქვა და იგი იყო „ძე არიან ქართლისა მეფისაი“, ანუ მაკედონელთა მხარეს გადასული სატრაპის. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მართლა იყო თუ არა „აზო“ იმ სატრაპის შვილი. მთავარი ისაა, რომ იგი ქართლში სწორედ სატრაპმა გამოგზავნა, მაკედონელთა მხარდაჭერით. განიხილება ორი ვარიანტი:
კარგადაა ცნობილი როგორ მოაწყო ფარნავაზმა აჯანყება, როგორ დაამარცხა აზო და ჩამოაყალიბა ქართლში სახელმწიფო მმართველობა. რეალურად, პირველი სახელმწიფო ინსტიტუტები ქართლში აზომ შექმნა, მაგრამ მისი ლეგიტიმურობის ერთადერთი საფუძველი იყო უცხო ქვეყნის ჯარი. ფრანავაზს კი ლეგიტიმურობას აძლევდა ის დიდი წარმატება, რომელსაც მან მიაღწია აზოს სასტიკი მმართველობის ჩამოგდებით. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფარნავაზი იყო მცხეთის მამასახლისების, ანუ აზოს მოსვლამდელ ქართლში ყველაზე პრესტიჟული ტომის ბელადების შთამომავალი და მემკვიდრე. ორიოდე სიტყვა ქუჯის შესახებ. ზოგიერთი ავტორი ქუჯისა და ფარნავაზის ურთიერთობის ტრადიციულ ვერსიაში ხედავს ქართული ეროვნული გრძნობის არსებობას, მაღალ სახელმწიფოებრივ ცნობიერებას და საქართველოს გაერთიანების სურვილს. ძვ. წ.-აღ. III საუკუნის სინამდვილის ასეთი გათანამედროვებული ინტერპრეტაციები ნაკლებ რეალურია. იმ პერიოდის ადამიანებისთვის დღევანდელი სახის ეროვნული გრძნობების მიწერა ანაქრონიზმია. ქუჯის ქმედება უფრო სხვა მოსაზრებით უნდა აიხსნას. მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ ლისიმაქე არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქართლზე ბატონობით (თავისი ვასალის, „აზოს“ მეშვეობით). ლისიმაქე ასევე მხარს უჭერდა კოლხეთის სანაპიროს ბერძნულ პოლისებს კოლხური სამთავროების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლისიმაქესთვის ამის ერთადერთი მოტივი შეიძლებოდა ყოფილიყო კოლხეთში დომინირების მოპოვება. ასეთ ფონზე, ერთ-ერთი კოლხი მთავრის ქუჯის (სტრაბონის და სხვა წყაროების ცნობით, კოლხეთში რამდენიმე სამთავარო არსებობდა, რომლებსაც ანტიკური ავტორები „სკეპტუხიებს“ უწოდებდნენ) მხრიდან ფარნავაზისათვის მხარდაჭერა ბუნებრივია. ფარნავაზი იყო ერთადერთი, ვისაც ჰქონდა სამხედრო, ფინანსური და დიპლომატიური რესურსები ლისიმაქეს გავლენასთან საბრძოლველად. უფრო მეტიც, ფარნავაზმა დაამყარა კავშირი სელევკისთან, რაც იძლეოდა ლისიმაქესგან მომავალი საფრთხის ნეიტრალიზების იმედს. ამიტომ, ქუჯი ფარნავაზს მიემხრო და მისი ვასალი გახდა. თუმცა, მოწინავე და პრესტიჟული ვასალი, რასაც ქუჯიმ მიაღწია აზოსთან ბრძოლაში თავისი მნიშვნელოვანი როლით. ეს კავშირი ქართლის ძლიერ მმართველთან, სავარაუდოდ, კოლხეთშიც გააძლიერებდა ქუჯის პოზიციებს სხვა “სკეპტუხებთან” მიმართებაში. ანტიკური ეპოქა. რას მიიჩნევენ ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვრად? უპირველეს ყოვლისა ადამიანში პიროვნული ღირსებების აღიარებას, სულიერების პრიორიტეტს, მეცნიერების, ხელოვნების, მითოლოგიის აღმავლობას, თავისუფლების შეცნობას. ანტიკურობის უდიდეს მიღწევად აბსტრაქტული მეცნიერებების – ფილოსოფიის, ასტრონომიის, მათემატიკის, მექანიკის, მედიცინის, ისტორიის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის აღმოცენებაც ითვლება. სწორედ ანტიკურ ხანაში დაედო დასაბამი ფილოსოფოსთა სკოლას, პლატონის აკადემიას, არისტოტელეს ლიცეუმს, ალექსანდრიულ მუზეუმს (მუსეიონი); შეიქმნა განათლების სისტემა, რათა ახალგაზრდა თაობა დაუფლებოდა მეცნიერებას, ხელოვნებას, საბრძოლო საქმეს. ადამიანში სულიერების აღორძინებამ ბიძგი მისცა მსოფლიო რელიგიების აღმოცენებას, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლას და სხვ. ჩვ. წ. I ს-ში რომაული იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში თავი იჩინა ქრისტიანობამ, რომელიც მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად IV ს-ში ოფიციალურ რელიგიად აღიარეს. ანტიკური ცივილიზაციის მონაპოვარია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ურთიერთობათა განსაკუთრებული წყობა – დემოკრატია. მისი ძირითადი პრინციპები, რომლებიც ბერძნული ცივილიზაციის აღმავლობის პერიოდში ჩამოყალიბდა, დღემდე ყველა ქვეყნის დემოკრატიულ პარტიათა და მოძრაობათა პროგრამების საფუძვლებად გვევლინებიან. ანტიკური ცივილიზაციის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისებურებათა შორის ასახელებენ პოლისთა არსებობას. ანტიკური პოლისი იყო დამოუკიდებელი, თვითმართვადი ქალაქი-სახელმწიფო, სადაც სახელმწიფოებრივი წყობა შესაძლოა ყოფილიყო დემოკრატიაც, ტირანიაც, არისტოკრატიაც, ოლიგარქიაც და ა.შ., მაგრამ ნებისმიერი წყობის დროს მკაცრად იყო დაცული პოლისის მოქალაქეთა თანასწორობა და უფლებები. დიდი იყო ანტიკური ცივილიზაციის წვლილი ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ანტიკურ ეპოქაში აღმოცენდა წარმოების ორგანიზაციის, საკუთრების, ფინანსურ, ფულად თუ სხვა ურთიერთობათა ფორმები; დაარსდა სახელმწიფო ბანკები და ხაზინები. ანტიკურ ხანაში გახდა შესაძლებელი პირველი მსოფლიო იმპერიების წარმოქმნა. ამ მიმართულებით პირველი მოძრაობა დაიწყო ანტიკური ცივილიზაციის დასაბამიდანვე, როდესაც ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დააარსა კოლონიები ხმელთაშუა, შავი, აზოვისა თუ იონიის ზღვათა სანაპიროებზე. ამ საკოლონიზაციო მოძრაობამ დიდი როლი შეასრულა მსოფლიო პროგრესის ისტორიაში: განვითარდა ზღვაოსნობა, დაიწყო ინტენსიური მოგზაურობანი, რამაც ხელი შეუწყო განათლების განვითარებას, ხალხთა შორის კულტურულ ურთიერთობას. პირველი დიდი მსოფლიო იმპერიის შექმნა დაკავშირებულია ალექსანდრე მაკედონელის სახელთან, შეიქმნა ასევე რომაული იმპერია. ანტიკურობამ, როგორც ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურულმა მემკვიდრეობამ, უდიდესი გავლენა იქონია ევროპისა და საერთოდ მსოფლიოს ხალხთა პოლიტიკურ და რელიგიურ აზროვნებაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ფილოსოფიურსა და იურიდიულ შეხედულებებზე. | მიმაგრება: სურათი 1 |
|
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0 | |