19:07
საქართველოს ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი

(19.11.2002 N1746)                                                                                       

რეფერენდუმის შესახებ

 თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. რეფერენდუმი

1. რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად.

2. რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორცელების ერთ-ერთი ფორმაა, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით.

3. რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. რეფერენდუმი ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით.

5. მოქალაქეები რეფერენდუმში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად. რეფერენდუმის ყოველ მონაწილეს აქვს ერთი ხმა.

6. რეფერენდუმში მონაწილეობა თავისუფალია, მოქალაქეების ნება-სურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი დაუშვებელია.

7. რეფერენდუმი მზადდება და იმართება ღიად და საჯაროდ.

 

მუხლი 2. რეფერენდუმის მონაწილეები

1. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რეფერენდუმის გამართვის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა,სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

2. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეებს, რომლებიც:

ა) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო და რომელიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებული; (20.03.2015 N3403 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)

ბ) მსჯავრდებულია და რეფერენდუმის გამართვის დღისათვის იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. (9.03.2010 N 2722 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) 

 

მუხლი 3. სარეფერენდუმო საკითხები

            1. რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

 11. რეფერენდუმი შეიძლება ასევე მოეწყოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის მიზნით. (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

            2. რეფერნედუმის მოწყობა არ შეიძლება:

ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;

ბ) ამინისტიისა და შეწყალების გამო;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმაბათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ;

დ) ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

 

მუხლი 4. რეფერენდუმის მოწყობა

1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

11. ამ კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.  (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

2. რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება:

ა) საქართველოში შეირაღებული თავდასხმის შემთხვევაში;

ბ) ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას;

გ) მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

3. ერთსა და იმავე საკითზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ერთი წლის მანძილზე იმ დღიდან, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული რეფერენდუმის შედეგები.

 

მუხლი 5. რეფერენდუმის ენა

საქართველოში რეფერენდუმი მზადდება და იმართება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

 

მუხლი 6. რეფერენდუმის მოწყობის მატერიალური უზრუნველყოფა

1. რეფერენდუმის მოწყობის მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ რეფერენდუმის მომზადებისა და მოწყობისათვის საჭირო შენობების, მოწყობილობების გამოყოფასა და მომზადებას.

 

მუხლი 7. აგიტაცია

1. მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს, საინიციატივო ჯგუფებს უფლება აქვთ შეუფერხებლად აწარმოონ აგიტაცია რეფერენდუმებთან დაკავშირებით, აგრეთვე რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხის ირგვლივ.

2. რეფერენდუმის ან მასზე გამოტანილი საკითხის შესახებ აგიტაციას არ შეიძლება აწარმოებდნენ სარეფერენდუმო კომისიის წევრები.

3. აგიტაცია რეფერენდუმის დღეს დაუშვებელია.

 

მუხლი 8. საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის ორგანიზაცია

     და შედეგების გამოქვეყნება

           1.აკრძალულია რეფერენდუმის დღეს კენჭისყრის დამთავრებამდე საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. შეიძლება ადრე განხორციელებული გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნება ან კომენტირება რეფერენდუმის დღემდე ერთი კვირით ადრე, თუ მათ პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ რეფერენდუმზე გამოტანილ საკითხთან. 

                                    

თავი I1 

პლებისციტი

 

მუხლი 81. პლებისციტის დანიშვნა და ჩატარების წესი (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

1. პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.

2. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4. პლებისციტის ჩატარებაზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი წესები, გარდა ამავე კანონის მე-4 მუხლისა.

 

თავი II

რეფერენდუმის მომზადება და დანიშვნა

 

მუხლი 9. რეფერენდუმის დანიშვნა

1. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით. (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

      2. რეფერნედუმს ამზადებს და აწყობს ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია. 

 

მუხლი 10. რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი

1. თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ და კონკრეტულად.

2. საინიციატივო ჯგუფი ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას მიმართავს თხოვნით რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავზებული საკითხი, საკითხის ფორმულირება უნდა დაზუსტდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით.

3. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია სარეფერენდუმოდ შემოთავზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ატარებს რეგისტრაციაში და ამის შესახებ ოფიციალურ პრესაში აქვეყნებს ინფორმაციასა და საინიციატივო ჯგუფის მისამართს.

4. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი შეიტანება ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლებში.

5. რეგისტრაცის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მიმართვიდან ერთ თვეში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.

6. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 5 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (23.06.2005 N 1739)

 

მუხლი 11. ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები

1. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან.

2. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფიდან შეთახმებული და ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროსა ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.

 

მუხლი 12. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა

1. შევსებული ხელმოწერის ფურცლები იგზავნება საინიციატივო ჯგუფში, რომელიც ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და მოქალაქეთა ხელმოწერის ფურცლებითურთ უგზავნის ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას რეგსტრაციის მოწმობის დღიდან არა უგვიანეს სამი თვისა.

2. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია ამოწმებს შემოსულ მასალებს და თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ წარუდგენს პრეზიდენტს მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

3. თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ ორჯერ ან მეტჯერ მოაწერა ხელი განცხადებას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ, მისი ყველა ხეომოწერა ბათილად ითვლება. 

 

მუხლი 13. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებული

                  გადაწყვეტილების მიღება

1. საკითხს რეფერენდუმის შესახებ ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

2. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

ა) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ;

ბ) რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ.

3. რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის/საქართველოს მთავრობის მოთხოვნის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 177-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.(06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

            4. რეფერენდუმის გამართვის შესახებ ბრძანებულებაში მოცემული უნდა იყოს მისი მოწყობის თარიღი და სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის ზუსტი ფორმულირება. ეს ბრძანებულება მოსახლეობას ეცნობება ოფიციალური პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ბრძანებულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 დღისა. (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

            5. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას რეფერენდუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დაფინანსებისა და რეფერენდუმის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

 

მუხლი 14. რეფერენდუმის მოწყობის ვადები

1. რეფერენდუმი იმართება არა უადრეს ორი თვისა და არა უგვიანეს ექვსი თვისა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

            2. ამოღებულია (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

 

მუხლი 15. რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე მოთხოვნის გამოთხოვა (06.09.2013. N1018 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)

            საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია გამოითხოვოს თავისი მოთხოვნა  რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

თავი III

რეფერენდუმის მოწყობის წესი

 

მუხლი 16. სარეფერენდუმო კომისიები

1. რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას უზრუნველყოფენ:

ა) ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია:

ბ) საოლქო სარეფერენდუმო კომისიები;

გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიები.

2. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს  ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს. საუბნო სარეფერენდუმო კომისიები იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნისათვის დადგენილი წესით. თუ რეფერენდუმის გამართვის დღე ემთხვევა საერთო არჩევნების ჩატარების დღეს, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ფუნქციები ეკისრებათ ამ არჩევნებისათვის შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს. (22.11.2007 N 5498)

3. სარეფერენდუმო კომისიები მუშაობას წყვეტენ რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე.

 

მუხლი 17. საინიციატივო ჯგუფის წევრთა მონაწილეობა სარეფერენდუმო

      კომისიების მუშაობაში

            თუ რეფერენდუმი დანიშნულია ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს დანიშნოს მეთვლყურე ყველა ან რომელიმე რგოლის საარჩევნო კომისიაში.

 

მუხლი 18. პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მონაწილეობა სარეფერენდუმო კომისიებში

კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას უფლება აქვს დანიშნოს ერთი მეთვალყურე ყველა ან რომელიმე რგოლის სარეფერენდუმო კომისიაში.

 

მუხლი 19. სარეფერენდუმო კომისიების უფლებამოსილება

1. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის მოწყობამდე 40 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, ტელევიზია, რადიო) აქვეყნებს იმ საოლქო სარეფერენდუმო კომისიების სიას, რომლებსაც დაევალათ შესაბამის ტერიტორიებზე უხელმძღვანელონ რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას.

2. რეფერენდუმის მომზადებისა და მოწყობის პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;

ბ) ხელმძღვანელობს რეფერენდუმის მომზადებასა და მიმდინარეობას და კოორდინაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას; (22.11.2007 N 5498)

გ) კომისიებს შორის ანაწილებს რეფერენდუმის მოსაწყობად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს, აკონტროლებს საოლქო კომისიების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

დ) ადგენს რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმასა და შენახვის წესს;

ე) ისმენს სახელმწიფო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საქართველოს მასშტაბით, აქვეყნებს რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს;

ზ) იხილავს საჩივრებს სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებისა და ქმედებათა შესახებ, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს მათ თაობაზე.

3. საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) აკონტროლებს შესაბამის ტერიტორიაზე ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;

ბ) კოორდინაციას უწევს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების მუშაობას;

გ) ხელს უწყობს სარეფერენდუმო საკითხის განხილვას საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; (22.11.2007 N 5498)

დ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს დროულად უზრუნველყოფს სარეფერენდუმო ბიულეტენებით;

ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; (22.11.2007 N 5498)

ზ) იხილავს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

4. საუბნო სარეფერენდუმო კომისია:

ა) მოქალაქეებს აცნობს კენჭისყრის მონაწილეთა სიებს, იხილავს განცხადებებს სიებში არსებული უზუსტობათა შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებების შეტანის საკითხს;

ბ) ამოღებულია (22.11.2007 N 5498)

გ) ამოღებულია (22.11.2007 N 5498)

დ) უზრუნველყოფს კენჭისყრისათვის საჭირო შენობის, ყუთების და ოთახების მომზადებას;

ე) რეფერენდუმის დღეს ორგანიზაციას უკეთებს კენჭისყრას;

ვ) აჯამებს სარეფერენდუმო უბანში კენჭისყრის შედეგებს;

ზ) იხილავს განცხადებებსა და საჩივრებს რეფერენდუმის მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე. იღებს გადაწყვეტილებებს მათ გამო. 

 

მუხლი 20. რეფერენდუმის მომწყობი სარეფერენდუმო უბნები

1.საოლქო საარჩევნო კომისიები რეფერენდუმის გამართვამდე ერთი თვით ადრე ადგილობრივ პრესაში აქვეყნებენ შესაბამის ტერიტორიაზე შექმნილი სარეფერენდუმო უბნების სიას საზღვრების, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ადგილსაყოფელისა და კენჭისყრის ადგილების მითითებით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიები აუცილებლობის შემთხვევაში ცვლიან საზღვრებს სარეფერენდუმო უბნებს შორის ან ქმნიან ახალ უბნებს და საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს.

 

მუხლი 21. რეფერენდუმის მონაწილეთა სიები

1. რეფერენდუმის მოსაწყობად გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნათა შესაბამისად შექმნილი ამომრჩეველთა ერთიანი სია. (22.11.2007 N 5498)

2. შესაბამისი საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა სიებში სათანადო ცვლილებების შეტანას. (22.11.2007 N 5498)

3. საუბნო საარჩევნო კომისიებს მოქალაქეთა სიები საჯარო გაცნობისათვის გამოაქვთ რეფერენდუმის გამართვამდე 10 დღით ადრე.

 

მუხლი 22. სარეფერენდუმო ბიულეტენი

1. სარეფერენდუმო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: "დიახ" - "არა".

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს სარეფერენდუმო ბიულეტენების ფორმას, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით მათ დამზადებას და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს სარეფერენდუმო ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ბიულეტენებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს. (22.11.2007 N 5498)

3. შესაბამისი კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი დგება 2 ცალად საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. (22.11.2007 N 5498)

4. სარეფერენდუმო ბიულეტენი და ოქმები საჭიროების შემთხვევაში იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც. (22.11.2007 N 5498)

 

მუხლი 23. კენჭისყრის მოწმობა

1. რეფერენდუმის დღეს კენჭისყრა წარმოებს 8 საათიდან 20 საათამდე. (22.11.2007 N 5498)

2. კენჭისყრა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, სადაც მოწყობილია საკმაო რაოდენობის კაბინები ან ოთახები ფარული კენჭისყრისათვის. განისაზღვრება ბიულეტენის გაცემის ადგილი, იდგმება ყუთი და თვალსაჩინო ადგილზე გამოიკვრება სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხების ტექსტი.

3. თითოეული ამომრჩეველი კენჭს უყრის პირადად. სარეფერენდუმო ბიულეტენებს იძლევა საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში. სარეფერენდუმო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს სიაში ხელმოწერით. (22.11.2007 N 5498)

4. იმ შემთხვევაში, როცა ამომრჩეველს არ შეუძლია კენჭისყრის მოწყობის ადგილზე მისვლა, მის თხოვნით საუბნო საარჩევნო კომისია ავალებს თავის ორ წევრს მაინც მოაწყონ კენჭისყრა ამ ამომრჩევლის ყოფნის ადგილზე სიის დანართის საფუძველზე, რისთვისაც გამოიყენება ერთი გადასატანი კენჭისყრის ყუთი.

5. პასუხიმგებლობა კენჭისყრის სათანადო ორგანიზაციისათვის ეკისრებათ საუბნო საარჩევნო კომისიებს.

 

მუხლი 24. კენჭისყრა

1. სარეფერენდუმო ბიულეტენებს ამომრჩევლები ავსებენ ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. რეფერენდუმის მონაწილე შემოხაზავს ბიულეტენში მითითებული პასუხის იმ ვარიანტს, რომელსაც მხარს უჭერს.

2. ამომრჩეველის მიერ ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში სხვა პირის ყოფნა. ამომრჩეველს, რომელსაც არა აქვს ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალება, შეუძლია კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს სხვა ამომრჩეველი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა.

3. შევსებულ ბიულეტენს კენჭისყრის მონაწილე პირადად უშვებს კენჭისყრის ყუთში.

 

მუხლი 25. კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში (22.11.2007 N 5498)

1. კენჭისყრის შედეგების დათვლა ხდება საარჩევნო უბნების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ. კენჭისყრის დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები ითვლიან გამოუყენებელ ბიულეტენებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ხოლო  ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით – კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.

3. ამ რაოდენობების დადგენის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთები. ბიულეტენების დათვლა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად.

4. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ყუთებში არსებული ბიულეტენების საფუძველზე ადგენს:

ა) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;

ბ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;

გ) ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

5. ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს, აგრეთვე ბიულეტენებს, რომლებშიც შემოხაზულია პასუხის ორივე ვარიანტი ან არც ერთი არ არის შემოხაზული. სარეფერენდუმო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.

6. საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის შედეგებს დაუყოვნებლივ იხილავს თავის სხდომაზე და ადგენს ოქმს. ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; სარეფერენდუმო უბნის ნომერი;

ბ) რეფერენდუმის დასახელება;

გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიის ბეჭდისა და რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;

დ)  ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ე) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ვ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ერთიან და სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობების ჯამი);

ზ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (სიებში ხელმოწერების მიხედვით);

თ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

მ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;

ნ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;

ო) ოქმის შედგენის დრო და თარიღი;

პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას).      

7. ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი და დათვლილი ბიულეტენები ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 26. რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების

                   მიხედვით

1. საოლქო საარჩევნო კომისიები თავიანთ სხდომებზე ადგენენ რეფერენდუმის შედეგებს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიები ადგენენ ოქმს. ოქმში აღინიშნება:  (22.11.2007 N 5498)

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) რეფერენდუმის დასახელება;

გ) რეფერენდუმის თარიღი;

დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ე) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ვ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;

ლ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;

მ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ო) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

11. ოქმს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.  (22.11.2007 N 5498)

12. ოქმი ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. (22.11.2007 N 5498)

2. საარჩევნო უბნების მიხედვით გაცემული სარეფერენდუმო ბიულეტენები ინახება საარჩევნო კომისიებში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე. 3. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს საოლქო უბანში ამ კანონის უხეშად დარღვევის შემთხვევებს და თავის მოსაზრებებს რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საჩივარი ამ კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარუდგინოს არა უგვიანეს რეფერენდუმის მოწყობის მომდევნო დღისა; მან იგი მეორე დღესვე უნდა განიხილოს და თავის მოსაზრება არა უგვიანეს შემდეგი დღისა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

მუხლი 27. რეფერენდუმის შედეგების შეჯამება

1. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს რეფერენდუმის შედეგებს.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ბათილად ცნოს რეფერენდუმის შედეგები იმ უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეში დარღვევა. ეს საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს რეფერენდუმის მოწყობიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა. ამ სარეფერენდუმო უბნებიდან მიღებული მონაცემები რეფერენდუმის შედეგების შეჯამებისას მხედველობაში არ მიიღება.

3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი.

 ოქმში აღინიშნება: (22.11.2007 N 5498)

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;

ბ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

გ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა;

დ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;

ე) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ;

ვ) ოქმის შედგენის დრო და თარიღი.

31. ოქმს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. (22.11.2007 N 5498)

4. ცენტრალური საარჩევნო კომისია რეფერენდუმის შედეგებს აქვეყნებს საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით (პრესა, ტელევიზია, რადიო) ოქმის შედგენიდან სამი დღის ვადაში.

5. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მის დადებითად გადაწყვეტას ხმა მისცა კენჭისყრის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

6. ამოღებულია (22.11.2007 N 5498)

7. თუ აღმოჩნდა, რომ რეფერენდუმის საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ იმ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს, რომლებშიც საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს, ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში შესაბამის კომისიებს დაავალოს განმეორებითი კენჭისყრის მოწყობა.

 

მუხლი 28. რეფერენდუმის გადაწყვეტილების ძალაში შესვლა

1. რეფერენდუმის დანიშვნიდან რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებამდე დაუშვებელია სარეფერენდუმო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

2. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

3. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე ერთ თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.

4. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.

5. რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.

 

მუხლი 29. პასუხისმგებლობა რეფერენდუმის შესახებ

კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

მუხლი 30. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში (20.03.2015 N3403 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)

 პირს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომელიც სტაციონარშია მოთავსებული, არ აქვს რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                         ედუარდ შევარდნაძე

 

თბილისი,

1996 წლის 15 მაისი.

N 220 - IIს

 

 

 

| ტეგები: შესახებ, რეფერენდუმი, საქართველოს, საქართველო, კანონი, ორგანული, რეფერენდუმის

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: იურისპრუდენცია | ნანახია: 1265 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar