16:40
„ თეგდალეულები "
ცნება – „თერგდალეული" – ორი მნიშვნელობით იხმარებოდა. ერთი, როგორც მეტსახელი (თიკუნი) იმ ახალგაზრდებისა, რომელნიც მე-19 საუკუნის 50-იან წლების მეორე ნახევარში რუსეთში წავიდნენ განათლების მისაღებად.
 
რაკი მათ დარიალის ხეობაში საქართველოს საზღვარი და მდინარე თერგი გადალახეს, ხუმრობით, „თერგდალეული" შეარქვეს. მეორე, რაც უფრო არსებითი და მნიშვნელოვანია, „თერგდალეული" სახელია გარკვეული საზოგადოებრივი მოძრაობის წევრისა. ეს საზოგადოებრივი მოძრაობა არსებობდა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში.
 
„თერგდალეულები" იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, სერგეი მესხი, ვახტანგ თულაშვილი, სამსონ აბაშიძე, პეტრე ნაკაშიძე…
 
„თერგდალეულთა" წრის ჟურნალ-გაზეთები იყო: „საქართველოს მოამბე", „დროება", „კრებული". „თერგდალეულობის", როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის არსს, სწორედ ამ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი თხზულებანი გამოხატავდნენ.
 
თერგდალეულთა მოძრაობის დასაწყისად მიჩნეულია 1861 წელი, როცა ჟურნალ „ცისკრის" მე-4 წიგნში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია – „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კოზლოვის „შეშლილის" თარგმანზედა". ამ სტატიას მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში ცხარე კამათი მოჰყვა. საზოგადოება ორად გაიყო. ახალგაზრდები მხარს უჭერდნენ ილია ჭავჭავაძეს, ხოლო ხანდაზმულები გულმხურვალედ ედავებოდნენ მას. შემდგომ ამ დავა-პაექრობას „მამათა და შვილთა ბრძოლა" უწოდეს.
 
„თერგდალეულთა” საერთო მიზანი საქართველოს საზოგადოებრივი ყოფის შეცვლა და განახლება იყო. ამ მიზნის მისაღწევად მათ ერთიანი, საერთო თვალთახედვა ჰქონდათ შემდეგი საკითხებისა:
პირველი: მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარია. მეცნიერება და ტექნიკა უკვე გაბატონებულია. თვინიერ მეცნიერებისა და ტექნიკისა, რაიმეს კეთება და რაიმე წინსვლა, რაიმე განახლება შეუძლებელია. ევროპა მომავლის ოცნებას – მეცნიერებისა და ტექნიკის ძალას უკავშირებს. მეცნიერებას და ტექნიკას რომ მტკიცედ დაეუფლო, აუცილებელია საყოველთაო განათლება.
 
„თერგდალეულებიც" განათლების აპოლოგეტები არიან. ამას ისინი არა მარტო თეორიულად მოითხოვდნენ, არამედ პრაქტიკულადაც ახორციელებდნენ: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბება, სკოლების გახსნა, იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა და სხვა ამდაგვარი საქმიანობა. მაგრამ განათლება რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს, აუცილებელია, სალიტერატურო-სამეცნიერო მეტყველება დაუახლოვდეს ხალხის მეტყველებას. მათ შორის კედელი არ უნდა იყოს აღმართული. მეცნიერება—ხელოვნება არ უნდა მეტყველებდეს ხელოვნურად შექმნილი, საგანგებო, ძნელად გასაგები ენით. „თერგდალეულებმა" სამეცნიერო-სალიტერატურო ენის ძირეული რეფორმა მოახდინეს. სამეცნიერო-სალიტერატურო ენა ხალხისათვის მისაწვდომი და იოლად გასაგები გახადეს.
 
ენის რეფორმასაც ცხარე სჯა-ბაასი, შეხლა-შემოხლა მოჰყვა, მაგრამ „თერგდალეულებმა" ეს საქმე გამარჯვებით დააგვირგვინეს.
 
მეორე: „თერგდალეულები" ხელოვნება-მწერლობას ხალხის, საზოგადოების მსახურად მიიჩნევდნენ. ხალხისა და ქვეყნის ჭირ-ვარამი, შვება-ლხენა, მწერლობა– ხელოვნების ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო. ეს შეხედულება მკაფიოდ და ნათლად არის გამოთქმული ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლის და სხვათა ნაწერებში. ყოველი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩა ამ შეხედულების.
 
მესამე: როგორც მთელი რუსეთის იმპერიის, ისე, კერძოდ, საქართველოს წინსვლა-განვითარებას ძალიან უშლიდა ხელს ბატონყმობა. ბატონყმობის გაუქმება გადაუდებელი საქმე იყო, მაგრამ ძნელად განსახორციელებელი. აუცილებელი გახლდათ ხალხის ცნობიერების აღზრდა. ბატონყმობის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდა არა მარტო თავადაზნაურობა, არამედ ყმაგლეხობაც. რუსეთის იმპერიის ყმაგლეხობას ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა უბატონოდ.
 
დღეს ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასე არ ყოფილა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. ყმაგლეხობის გათვითცნობიერება, მათი დაჯერება უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე თავადაზნაურობის. როცა რუსეთში ბატონყმობა გაუქმდა, უამრავმა ადამიანმა მოიკლა თავი, უბატონოდ რა მეშველებაო. ხელისუფლება იძულებული იყო, სოფლებში ჯარი ჩაეყენებინა და თვითმკვლელობანი აღეკვეთა. შეხედულებათა შეცვლაში, ახალი ცნობიერების აღზრდაში განსაკუთრებული და გადამწყვეტი როლი შეასრულა მწერლობამ როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.
 
დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის" გამოქვეყნების შემდეგ, ბატონყმობა, როგორც საზოგადოებრივი წეს-წყობილება, მკაცრად და დაუნდობლად სწორედ „თერგდალეულებმა" გააკრიტიკეს. მათ მოამზადეს საზოგადოებრივი აზრი საქართველოში ამ დიდი რეფორმის ჩასატარებლად. ამ მხრივ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლის, სერგეი მესხის და სხვათა მხატვრულ-პუბლიცისტურ ნაშრომებს.
 
მეოთხე: ბატონყმობის გადავარდნას და ახალი წეს-წყობილების თანდათან ჩამოყალიბებას შრომის განთავისუფლებაც უნდა მოჰყოლოდა. „შრომისა ახსნა – ეგ არის ტვირთი ძლევამოსილის ამ საუკუნის" (ი.ჭავჭავაძე – „აჩრდილი"), მაგრამ „თერგდალეულთა" აზრით, შრომის განთავისუფლება არ უნდა მომხდარიყო კლასობრივი ბრძოლის საშუალებით, როგორც ამას სოციალისტ-კომუნისტები ქადაგებდნენ. არც ერთი „თერგდალეული" არ ყოფილა კლასობრივი ბრძოლის მომხრე. კლასობრივი ბრძოლა მათ უაღრესად საშიშ მოვლენად მიაჩნდათ, განსაკუთრებით, მცირერიცხოვანი ერებისათვის. კლასობრივი ბრძოლით ერი თვითგანადგურებას ეწევა. არავითარი კეთილი ნაყოფი ამ ბრძოლას არ მოაქვს.
 
იგი აქცევს ქვეყანას, ხდება ადამიანთა უაზრო და უმიზნო ხოცვა-ჟლეტა, ამიტომ „თერგდალეულთა" შეხედულებით, აუცილებელი იყო ერის, ხალხის მთლიანობა-ერთიანობა. ახალი სამყარო ყველას ერთად უნდა ჩამოეყალიბებინა და ეშენებინა. თუ რაიმე მიზეზით ადამიანთა და წოდებათა შორის ხიდი ჩატეხილი იყო, იგი უნდა აღედგინათ. ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ბრძოლა ერთიან ნიადაგს უნდა დაყრდნობოდა.
 
მეხუთე: „თერგდალეულთა" დაჟინებული ყურადღების საგანი იყო ეროვნული პრობლემა. საქართველო კოლონიური ქვეყანა იყო. იგი იურიდიულად აღარ არსებობდა. იურიდიულად საქართველო იყო ორი გუბერნია – თბილისისა და ქუთაისის და სამი ოლქი – სოხუმის, ბათუმისა და ზაქათალის. ამ ვითარებას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ქართველი ვერ შეეგუებოდა. ამიტომ „თერგდალეულთა" ყურადღების ცენტრში მუდამ იდგა საქართველოს ბედ-იღბალი, მასზე ფიქრი და ზრუნვა. მოღვაწეობის დასაწყისშივე, ილია ჭავჭავაძის პირით, წამოაყენეს მათ მოღვაწეობის ძირითადი მიზანი – ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთნოდესო.
 
„თერგდალეულთა" პოლიტიკური იდეალი იყო საქართველოს ავტონომია რუსეთის იმპერიის ფარგლებში. ავტონომიის საფეხურის გავლა მათ აუცილებლად მიაჩნდათ. მათი აზრით, ქვეყანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კოლონიას წარმოადგენდა, ცხოვრობდა უაღრესად ჩამორჩენილ ფეოდალურ წეს-წყობილებაში, ეკონომიკურად ღარიბ-ღატაკი იყო, განათლებით კუდში მისჩანჩალებდა იმდროინდელ მოწინავე ქვეყნებს, ერთბაშად ვერ მოიპოვებდა დამოუკიდებლობას. თუ შემთხვევით მოიპოვებდა დამოუკიდებლობას, ვერ გამოიყენებდა მას. დამოუკიდებლობისათვის ხანგრძლივი მომზადება იყო საჭირო. ამ მომზადებისათვის კარგ პირობებს შექმნიდა ავტონომია. რუსეთის იმპერიის ფარგლებში ავტონომიური საქართველო ყველა თვალსაზრისით – ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად, კულტურულად, განათლებით, სამხედრო კუთხით – კარგად მოემზადებოდა. როცა ყველა თვალსაზრისით მომზადებული საქართველო სრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, მერე მას ამ დამოუკიდებლობას ვეღარავინ წაართმევდა. თავდაცვაც შეეძლებოდა და მტრისათვის საკადრისი პასუხის გაცემაც.
 
მაგრამ „თერგდალეულთა" ამ მისწრაფებას განხორციელება არ ეწერა, ქართველ სოციალ-დემოკრატთა, ანუ სოციალისტ-კომუნისტთა საქმიანობამ მათი ოცნება მოკლა.
 
ამ ერთიანი და საერთო შეხედულებათა მიუხედავად, „თერგდალეულობას" მყარად ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სახე არ ჰქონია. მოგვიანებით ამას თავად იაკობ გოგებაშვილიც აღნიშნავდა.
 
„მართალია, ვერ შევქმენით მესამოცეებმა ორგანიზაცია და ეს იყო სუსტი მხარე ჩვენი მოქმედებისა, მაგრამ ვერც ჩვენმა ულმობელმა კრიტიკოსებმა ისახელეს ამ მხრივ თავი. მათაც არავითარი რეალური მოქმედი ორგანიზაცია არ შეუქმნიათ. მხოლოდ სოციალ-დემოკრატებმა დააარსეს და გაჩარხეს ძლიერი ორგანიზაცია და აკი კიდევაც გაჰყავდათ და გაჰყავთ თავისი" („რჩეული პედაგოგიური თხზულებანი", 1977 წ., გვ. 130).
 
ალბათ, ამისი ბრალია, რომ „თერგდალეულობამ", როგორც საზოგადოებრივმა მოძრაობამ, ცოტა ხანს იარსება და 70-იანი წლების დასაწყისში მოქმედება შეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ „თერგდალეულები", როგორც პიროვნებანი, დიდხანს და აქტიურად მოღვაწეობდნენ მწერლობაშიც და საზოგადოებრივ ასპარეზზეც. მათ საქართველოს კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებას დიდი და წარუშლელი კვალი დაამჩნიეს.
 
თუ არავინ დავობს „თერგდალეულობის", როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის დასაწყისზე, ქართულ მეცნიერებაში არ არსებობს ერთიანი აზრი მის დასასრულზე. სხვადასხვა თარიღი ივარაუდება. აქ უტყუარად იმის თქმა შეიძლება, რომ „თერგდალეულთა" მოძრაობის დაშლას სხვადასხვა მოვლენამ შეუწყო ხელი.
 
პირველი: ილია ჭავჭავაძე, „საქართველოს მოამბის" დახურვის (1863 წ.) მერე, დუშეთში მსახურობდა. მართალია, მაშინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქტიურად თანამშრომლობდა, მაგრამ თბილისის, ანუ ცენტრს, საზოგადოებას მაინც მოწყვეტილი იყო.
 
მეორეც: 60-იანი წლების ბოლოს ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრნენ. თერგდალეულთა მოძრაობისათვის ესეც ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. ევროპული სამყაროს გაცნობამ ნიკო ნიკოლაძისა და გიორგი წერეთლის მსოფლმხედველობაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. ისინი დარწმუნდნენ, რომ, თუ საქართველოს უნდოდა მარადიული ჩამორჩენისათვის თავი დაეღწია, იგი განვითარების ევროპულ გზას უნდა დადგომოდა. მართალია, ტერიტორიულად რუსეთი ევროპას ეკუთვნოდა, მაგრამ არც რუსულ კულტურას, არც რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებას ევროპული ხასიათი და თვისება არ ჰქონდა. ფუჭად ჩაიარა პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის თავგამეტებულმა მცდელობამ, ევროპულ სახელმწიფოდ ექციათ რუსეთი.
 
ევროპული კულტურა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ჩამოყალიბდა ბერძნულ-რომაულ ანტიკურობასა და კათოლიკურ-პროტესტანტული ქრისტიანობის საფუძველზე. რუსული კულტურა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება კი შეიქმნა ბიზანტიურ-მონღოლური შუასაუკუნეებისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის საძირკველზე. მათი მორიგება უაღრესად ძნელი იყო. საქართველოს არჩევანიც მომავლისათვის ამ ორ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ-სახელმწიფოებრ სისტემათა შორის უნდა მომხდარიყო. ეს პრობლემა ცხარე კამათს იწვევდა თერგდალეულთა შორისაც.
 
მესამეც: 1871 წელს კავკასიას იმპერატორი ალექსანდრე მეორე ეწვია. იგი საქართველოშიც გულღიად და ხელგაშლილი მიიღეს, მაშინაც დიდი კამათი ატყდა – რა შევევედროთ ხელმწიფეს, რა წყალობა გამოვთხოვოთო. ამ პაექრობამაც ქართული საზოგადოება ორად გაჰყო.
 
ერთი ნაწილი ფიქრობდა, ყველაზე მეტად უმაღლესი სასწავლებელია საჭირო და იმპერატორს მისი დაარსება უნდა ეთხოვოსო. ეს აზრი პირველად გიორგი წერეთელმა გამოთქვა. ილია ჭავჭავაძემაც მას დაუჭირა მხარი.
 
მეორე წყება სამხედრო სასწავლებლის დაარსებას ამჯობინებდა. საერთოდ, კავკასიური და, კერძოდ, ქართული საზოგადოების უმრავლესობა (არისტოკრატიული წარმომავლობისაც კი) ღარიბ-ღატაკი იყო. უნივერსიტეტში სწავლის ქირის გადახდა უჭირდა. სამხედრო სასწავლებელში სწავლა უფასო იყო, ხელისუფლების ხარჯზე მიმდინარეობდა. ამიტომ უმრავლესობას უნივერსიტეტს სამხედრო სასწავლებელი ერჩია.
 
ნიკო ნიკოლაძე არც პირველს მიემხრო და არც მეორეს. მან მესამე აზრი გამოთქვა: ხელმწიფეს კავკასიაში ერობის შემოღება ვთხოვოთო. ერობა თვითმმართველობის ფორმა იყო. იგი საკუთრივ რუსეთში არსებობდა. კოლონიებში ერობის შემოღება ხელისუფლებას მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. ნ.ნიკოლაძეს მხარი მხოლოდ ერთმა კაცმა დაუჭრა – სომეხმა მოღვაწემ ნაპოლეონ ამატუნიმ.
 
ნიკოლაძეს ერობის შემოღება კავკასიაში იმიტომ უნდოდა. რომ ფიქრობდა: ერობის მეშვეობით ხალხი სახელმწიფო მართვას ისწავლის. როცა საქართველო და დანარჩენი კავკასია დამოუკიდებელი გახდება, ხალხს ახალი სახელმწიფოს აშენება არ გაუჭირდებაო. ეს შორსგაჭვრეტილი წინადადება იყო, მაგრამ მაშინ ამას ვერავინ მიხვდა. 70-იანი წლების დასაწყისში სამხედრო სასწავლებლის დაარსების იდეამ გაიმარჯვა. დაარსდა კიდეც.
 
მეოთხეც: თერგდალეულთა შორის საადგილმამულო ბანკის დაარსების გამოც ატყდა კამათი. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ორი საადგილმამულო ბანკი უნდა დაარსებულიყო, ერთი თბილისში აღმოსავლეთ საქართველოსათვის და მეორე ქუთაისში დასავლეთ საქართველოსათვის. თბილისის საადგილმამულო ბანკისათვის ილია ჭავჭავაძის შედგენილი წესდება მიიღეს. ქუთაისის საადგილმამულო ბანკისათვის წესდება ბესარიონ ღოღობერიძეს უნდა დაეწერა. მას ილიას შედგენილი წესდება მოეწონა. ახალი აღარ დაუწერია, ქუთაისის ბანკიც იმ წესდების შესაბამისად აამოქმედა, რომლის საფუძველზეც თბილისის ბანკი მუშაობდა. ამის გამო ბესარიონ ღოღობერიძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის ხანგრძლივი დავა გაიმართა. ნ.ნიკოლაძეს უნდოდა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკს საკუთარი, თავისებური წესდებით ემუშავა. ამ დავაში ილია ჭავჭავაძეც ჩაება. იგი ბესარიონ ღოღობერიძეს მიემხრო. ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის უთანხმება ჩამოვარდა.
 
სხვადასხვა საკითხზე ამგვარმა იდეურმა დავამ თერგდალეულთა მოძრაობა შიგნიდან დაშალა. ამას დაემატა ისიც, რომ ნიკო ნიკოლაძემ და გიორგი წერეთელმა, 70-იანი წლების დასაწყისში, ახალ მიმართულებას ჩაუყარეს საფუძველი. იგი მე-19 საუკუნის საქართელოს ისტორიაში „მეორე დასის" სახელით არის ცნობილი. ხოლო „პირველი დასის" სახელი „თერგდალეულთა" მოძრაობას დარჩა.
| ტეგები: თერგდალეულები, დროება, სამსონ აბაშიძე, სერგეი მესხი, პეტრე ნაკაშიძე, აკაკი წერეთელი, სამოციანელები, ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 1961 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar