13:29
ტერმინების განმარტებები

ტერმინების განმარტებები, რომლებიც გამოყენებულია "საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება №9"-ში

ამონაგები არის საწარმოში შემოსული ეკონომიკური სარგებლის საერთო თანხა, რომელიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან და გამოიხატება საკუთარი კაპიტალის ზრდით, მესაკუთრეთა მხრიდან დამატებითი ინვესტიციების გარეშე.

ამორტიზაცია არის არამატერიალური აქტივის ამორტიზებადი ღირებულების სისტემატური ჩამოწერა, მისი სასარგებლო მომსახურების ვა დის განმავლობაში.

ამორტიზებადი ღირებულება არის არამატერიალური აქტივის ღირებულება, შემცირებული მისი სალიკვიდაციო ღირებულებით.

ანარიცხები წარმოადგენს ვალდებულებებს, რომელთა დაფარვის ვადა ან ოდენობა განუსაზღვრელია.

ანგარიშვალდებული საწარმო არის საწარმო, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს და წარადგენს ამ სტანდარტის შესაბამისად.

არამატერიალური აქტივი არის მომსახურების გაწევის, საქონლის წარმოების, მიწოდების, სხვებზე იჯარით გადაცემის, ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის ფლობილი იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, ფიზიკური ფორმის გარეშე

არსებითობა  აღრიცხვის ელემენტების გამოტოვება ან არასწორად ასახვა აღრიცხვაში არსებითია, თუ ისინი ინდივიდუალურად ან ერთობლიობაში გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით მომხმარებლების მიერ მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. არსებითობა დამოკიდებულია აღრიცხვის ელემენტების გამოტოვების ან არასწორად ასახვის სიდიდესა და ბუნებაზე, გარემო პირობების გათვალისწინებით. ელემენტების სიდიდე და ბუნება, ან ორივეს კომბინაცია შეიძლება განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

აქტივი არის რესურსი:

ა) რომელსაც წარსული მოვლენების შედეგად აკონტროლებს საწარმო;

ბ) რომლისგანაც მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლის საწარმოში შემოსლა.

აქტივებთან დაკავშირებული გრანტები  გრძელვადიანი აქტივების შეძენის, შექმნის, აშენების ან რაიმე სხვა გზით მოზიდვის მიზნით საწარმოზე გაცემული გრანტი. იგი შესაძლოა ითვალისწინებდეს დამატებით პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს აქტივის სახეობას, განლაგებას, მათი შეძენის ან ფლობის პერიოდს.

აქტივის ან ვალდებულების საგადასახადო ბაზას უწოდებენ იმ თანხას, რომელიც გამოიყენება მოცემული აქტივის ან ვალდებულების საგადასახადო მიზნებისათვის.

აქტივის არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება არის იჯარით გაცემული აქტივის ნარჩენი ღირებულების ის ნაწილი, რომლის რეალიზაციას არ უზრუნველყოფს მეიჯარე, ან გარანტირებულია მხოლოდ მეიჯარესთან დაკავშირებული მხარის მიერ.

აქტივის მომსახურების ვადა განისაზღვრება:

ა)     პერიოდით, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია საწარმოს მიერ აქტივის გამოყენება; ან

ბ)    პროდუქციის ან მსგავსი ნაწარმის რაოდენობით, რომლის მიღებაც მოსალოდნელია საწარმოს მიერ მოცემული აქტივის გამოყენებით.

აქტივის თვითღირებულება არის აქტივის შეძენის ან შექმნის დროს გადახდილი ფულის ან ფულის ეკვივალენტების, ან სხვა სახით საზღაურის რეალური ღირებულების თანხა.

აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადა  არის საიჯარო ვადით შემოუფარგლავი საიჯარო ვადის დაწყებიდან დარჩენილი გაანგარიშებითი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია აქტივში განივთებული ეკონომიკური სარგებლის მიღება საწარმოს მიერ.

აქტივის ცვეთადი ღირებულება არის აქტივის ღირებულება სალიკვიდაციო ღირებულების გამოკლებით.

აქტიური ბაზარი არის ბაზარი, სადაც არსებობს შემდეგი პირობები:

ა) ბაზარზე არსებული საქონელი ერთგვაროვანია;

ბ) როგორც წესი, ყოველთვის არსებობენ დაინტერესებული მყიდველები და გამყიდველები; და

გ)    ფასები ცნობილია საზოგადოებისათვის.

ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი მოვლენები არის როგორც ხელსაყრელი, ისე არახელსაყრელი მოვლენები, რომლებიც ხდება ბალანსის შედგენის თარიღის  შემდეგ და იმ თარიღამდე, როდესაც ნებადართულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. შეიძლება გამოიყოს ორი ტიპის მოვლენა:

ა) მოვლენები, რომლებიც ასაბუთებენ ბალანსის შედგენის თარიღისათვის არსებულ პირობებს (ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგი მაკორექტირებელი მოვლენები); და

ბ) მოვლენები,  რომლებიც მიგვანიშნებენ იმ პირობებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას ბალანსის შედგენის შემდგომ პერიოდში (ბალანსის შედ გენის თარიღის შემდეგი არამაკორექტირებელი მოვლენები

ბიოლოგიური აქტივი არის ცხოველი ან მცენარე.

ბიოლოგიური აქტივების ჯგუფი არის მსგავსი ცხოველების ან მცენარეების ერთობლიობა.

ბიოლოგიური ტრანსფორმაცია მოიცავს ზრდას, დაკნინებას, წარმოებასა და გამრავლებას, რაც იწვევს ბიოლოგიური აქტივის  ხარისხობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებებს.

გადავადებული საგადასახადო აქტივები არის მოგებიდან გადასახადების თანხა, რომელიც უნდა  აღდგეს მომავალ საანგარიშგებო პერიოდში:

ა) გამოსაქვით დროებით სხვაობებთან დაკავშირებით;

ბ) გამოუყენებელი საგადასახადო ზარალის მომავალ პერიოდში გადატანასთან დაკავშირებით;

გ) გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტის მომავალ პერიოდში გადატანასთან დაკავშირებით.

გადავადებული საგადასახადო ვალდებულება არის დასაბეგრი დროებითი სხვაობით გამოწვეული, მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში გადასახდელი მოგებიდან გადასახადის თანხა.

გამოუმუშავებელი ფინანსური შემოსავალი არის სხვაობა:

ა) მთლიან საიჯარი ინვესტიციასა; და

ბ) წმინდა საიჯარო ინვესტიციას შორის.

განსაკუთრებული აქტივი არის ისეთი აქტივი, რომლის დანიშნულებით გამოყენების ან გასაყიდად მომზადებისათვის საჭიროა დროის მნიშვნელოვანი პერიოდი.

განსაკუთრებული მუხლები არის საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობისაგან აშკარად განსხვავებული სამეურნეო მოვლენებისა და ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლები და ხარჯები, რომლებიც რეგულარულად ან ხშირად არ მეორდება.

გარანტირებული ნარჩენი ღირებულება არის:

ა) მოიჯარისათვის ნარჩენი ღირებულების ის ნაწილი, რომელიც გარანტირებულია მოიჯარის ან მასთან დაკავშირებული მხარის მიერ (გარანტიის თანხა  მაქსიმალური თანხაა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გადახდილ უნდა იქნეს); და

ბ) მეიჯარისათვის ნარჩენი ღირებულების ის ნაწილი, რომელიც გარანტირებულია მოიჯარის ან მეიჯარესთან დაუკავშირებელი მხარის მიერ, რომელსაც გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, შეასრულოს გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულებები.

გასაცვლელი სავალუტო კურსი არის თანაფარდობა, რომლის მიხედვითაც ორი სხვადასხვა ვალუტა ერთმანეთზე იცვლება.

გაუფასურების ზარალი არის თანხა, რომლითაც აქტივის საბალანსო ღირებულება აღემატება მის აღდგენით ღირებულებას.

გრძელვადიანი ინვესტიცია არის ყველა სხვა სახის ინვესტიცია, რომელიც არ მიეკუთვნება მიმდინარე (მოკლევადიან) ინვესტიციას.

დაკავშირებული მხარე არის მხარეთა დამოკიდებულება, როდესაც ერთ მხარეს აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს მეორე მხარე, ან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მეორე მხარის ფინანსურ და სამეურნეო გადაწყვეტილებებზე.  

დაკავშირებულ მხარეთა სამეურნეო ოპერაციები არის რესურსების ან ვალდებულებების გადაცემა დაკავშირებულ მხარეებს შორის, მიუხედავად იმისა, მოითხოვება თუ არა თანხის გადახდა.

დროებით სხვაობას უწოდებენ ბალანსში წარდგენილი აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულებასა და მის საგადასახადო  ბაზას შორის განსხვავების თანხას. დროებითი სხვაობის თანხა შეიძლება ორნაირი იყოს:

ა) დასაბეგრი დროებითი სხვაობა, რომელიც მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში უნდა დაემატოს საგადასახადო მოგების (საგადასახადო ზარალის) თანხას, როდესაც აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულების ამოღება ან დაფარვა მოხდება;

ბ) გამოსაქვითი დროებითი სხვაობა, რომელიც მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში უნდა გამოიქვითოს საგადასახადო მოგების (საგადასახადო  ზარალის) თანხიდან, როდესაც აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულების ამოღება ან დაფარვა მოხდება.

ეკონომიკური მომსახურების ვადა  არის:

ა) ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია, რომ აქტივი გამოყენებული იქნება ერთი ან ერთზე მეტი მომხმარებლის მიერ; ან

ბ) პროდუქციის ან ანალოგიური ერთეულების  რაოდენობა, რომელთა მიღება მოსალოდნელია აქტივიდან ერთი ან მეტი მომხმარებლის მიერ.

ვალდებულება არის საწარმოს მიმდინარე მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად და მის დასაფარად მოსალოდნელია მომავალში ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა.

თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯები იჯარაზე არის უშუალოდ იჯარის ხელშეკრულების პირობების განხილვისა და შეთანხმებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი, გარდა მწარმოებელი ან დილერი მეიჯარეების ხარჯებისა.

თვითღირებულება არის აქტივის შესაძენად გადახდილი ფულადი სახსრების ან ფულადი სახსრების  ეკვივალენტების ოდენობა, ან მისი წარმოების ან შესყიდვისას გაცემული ნებისმიერი კომპენსაციის რეალური ღირებულება.

ინვესტიცია ინვესტორი საწარმოსათვის არის აქტივი, რომელსაც იგი ფლობს საკუთარი სიმდიდრის გასაზრდელად, შემოსავლების (პროცენტების, დივიდენდების) მიღების მიზნით, კაპიტალის ან სხვა სახის სარგებლის გასადიდებლად.

იურიდიული მოვალეობა არის მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნება:

ა) კონტრაქტის (კონტრაქტში მოცემული ან ნაგულისხმევი  პირობების);

ბ) კანონმდებლობის; ან

გ) კანონის სხვა მოქმედების შედეგად.

იჯარა არის მხარეთა ურთიერთშეთანხმება, რომლის თანახმად მეიჯარე, საიჯარო გადასახდელის ან გადასახდელების სერიის მიღების მიზნით, მოიჯარეს გადასცემს აქტივის გამოყენების უფლებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.

იჯარის ვადა არის მოიჯარის მიერ იჯარით აღებული აქტივით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთი, რომელიც არ ექვემდებარება შეცვლას ან გაუქმებას, იმ დამატებით დროის მონაკვეთთან ერთად, რომლის განმავლობაში მოიჯარეს, ხელშეკრულების თანახმად, უფლება აქვს, გააგრძელოს აქტივის გამოყენება, გარკვეული დამატებითი დანახარჯების გადახდის ან გადაუხდელობის პირობით.

იჯარის დასაწყისი არის უფრო ადრინდელი საიჯარო ხელშეკრულების დადების თარიღსა  და  მხარეების მიერ იჯარის ძირითად პირობებთან დაკავშირებული ვალდებულების მიღების თარიღს შორის. ამავე თარიღით:

ა) საიჯარო ხელშეკრულება კლასიფიცირდება როგორც ფინანსური ან ჩვეულებრივი იჯარა; და

ბ) თუ ეს ფინანსური იჯარაა, მაშინ განისაზღვრება თანხა, რომელიც უნდა აღიარდეს იჯარის ვადის დასაწყისში.

იჯარის ვადის დასაწყისი არის თარიღი, რომლიდანაც მოიჯარეს შეუძლია განახორციელოს საიჯარო აქტივის გამოყენების უფლება. ეს არის იჯარის თავდაპირველი აღიარების თარიღი (ე.ი. იჯარიდან გამომდინარე აქტივის, ვალდებულების, შემოსავლებისა და ხარჯების აღიარება).

კონსტრუქციული მოვალეობა არის მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს საქმიანობის შედეგად, როდესაც:

ა) წარსულში დამკვიდრებული პრაქტიკის, საწარმოს პოლიტიკის ამსახველი გამოქვეყნებული დოკუმენტების, ან საკმარისად კონკრეტული მიმდინარე  განცხადების საშუალებით საწარმომ სხვა მონაწილე მხარეებს აჩვენა, რომ იგი მომავალში აღიარებს გარკვეულ  ვალდებულებას; და

ბ) შედეგად საწარმომ შექმნა სამართლიანი მოლოდინი იმისა, რომ იგი მხარეთა წინაშე დააკმაყოფილებს ამ ვალდებულებას.

კონტრაქტი ხარჯებს დამატებული ანაზღაურებით ისეთი ტიპის სამშენებლო კონტრაქტია, რომლის მიხედვითაც მენარდეს მთლიანად აუნაზღაურდება დასაშვები ან მსგავსად განსაზღვრადი ხარჯები და მასზე დამატებული ამ ხარჯების პროცენტი ან ფიქსირებული გასამრჯელო.

კონტროლი ნიშნავს სხვა საწარმოს ფინანსური და სამეურნეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილებას, ამ საქმიანობიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით.

მავალდებულებელი მოვლენა არის მოვლენა, რომელიც ქმნის იურიდიულ ან კონსტრუქციულ მოვალეობას, რის შედეგად  საწარმოს, ამ ვალდებულების დაფარვის გარდა, არა აქვს სხვა რეალური ალტერნატივა.

მთლიანი (ბრუტო) საიჯარო ინვესტიცია არის:

ა) ფინანსური იჯარისათვის მეიჯარის მიერ მისაღები მინიმალური საიჯარო გადასახდელების საერთო თანხისა; და

ბ) მეიჯარის სასარგებლოდ დაგროვებადი ყველა არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულების თანხის ერთობლიობა.

მიმდინარე გადასახადი არის საანგარიშგებო პერიოდის საგადასახადო მოგებიდან (საგადასახადო  ზარალიდან) გადასახდელი (დასაბრუნებელი) გადასახადის თანხა.

მიმდინარე (მოკლევადიანი) ინვესტიცია ისეთი ტიპის ინვესტიციაა, რომელიც თავისი ბუნებით ადვილად რეალიზებადია და მისი შენარჩუნება გათვალისწინებული არ არის ერთ წელზე მეტი ხნით.

მინიმალური საიჯარო გადასახდელები ის გადასახდელებია, რომლის გადახდა მოეთხოვება ან შეიძლება მოეთხოვოს მოიჯარეს იჯარის ვადის გასვლამდე, მეიჯარისათვის ასანაზღაურებელი პირობითი საიჯარო ქირის, გაწეული მომსახურების დანახარჯებისა და გადახდილი გადასახადების გამოკლებით, შემდეგ გადასახდელებთან ერთად:

ა) მოიჯარისათვის  მოიჯარის ან მასთან დაკავშირებული რომელიმე პირის მიერ გარანტირებული თანხები;

ბ) მეიჯარისათვის  ნებისმიერი ნარჩენი ღირებულება, რომელიც მისთვის გარანტირებულია:

I) მოიჯარის მიერ;

II) მოიჯარესთან დაკავშირებული პირის მიერ; ან

III) ნებისმიერი დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ, რომელსაც შეუძლია ამ გარანტიის ფინანსურად შესრულება.

მაგრამ, თუ მოიჯარეს აქტივის გამოსყიდვის უფლება აქვს ისეთი ფასით, რომელიც მოსალოდნელია, რომ აქტივის რეალურ ღირებულებაზე გაცილებით დაბალი იქნება უფლების გამოყენების თარიღისათვის, მაშინ თუ იჯარის დასაწყისისათვის არსებობს გონივრული მტკიცე რწმენა ამ უფლების გამოყენებისა, მინიმალური საიჯარო გადასახდელები მოიცავს იჯარის ვადის განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირის მინიმალურ თანხასა და აქტივის გამოსასყიდ თანხას.

მნიშვნელოვანი გავლენა არის საწარმოს ფინანსური და საწარმოო პოლიტიკის გადაწყვეტილებების  მიღებაში მონაწილეობა, აღნიშნულ პოლიტიკაზე კონტროლის გარეშე. მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით: ჩვეულებრივ, დირექტორთა საბჭოში მონაწილეობით, აგრეთვე  საწარმოს პოლიტიკის შემუშავების პროცესებში არსებით საწარმოთა შორის  სამეურნეო ოპერაციებში მონაწილეობით, მმართველობითი პერსონალის ურთიერთგაცვლასა თუ ტექნიკურ ინფორმაციაზე  დამოკიდებულებით. მნიშვნელოვანი გავლენის მიღწევა შესაძლებელია საწარმოს წილის ფლობით,  წესდებით ან შეთანხმების თანახმად.

მოიჯარის ზღვრული სასესხო საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გადახდაც მოიჯარეს მოუწევდა ანალოგიური იჯარისათვის ან, თუ ამის დადგენა შეუძლებელია, საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღისათვის მოიჯარე გადაიხდიდა აქტივის შესაძენად, ამ აქტივის შესაძენად საჭირო ოდენობის სესხისათვის, იმავე პერიოდზე ასეთივე უზრუნველყოფით.

ნაყოფის მიღება არის ბიოლოგიური აქტივიდან პროდუქციის მოცილება, ანუ ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა.

ნაპატიები სესხები ისეთი სესხებია, რომელთა უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებაზე სესხის გამცემი ნებაყოფლობით ამბობს უარს, გარკვეული, ადრე შეთანხმებული პირობების თანახმად.

ნეტო (წმინდა) სარეალიზაციო ღირებულება არის ჩვეულებრივი სამეწარმეო პროცესისათვის დადგენილი მიახლოებითი გასაყიდი ფასი, პროდუქციის დაკომპლექტებისა და გაყიდვის ორგანიზაციისათვის საჭირო მოსალოდნელი მიახლოებითი დანახარჯების გამოკლებით.

პირობითი აქტივი არის შესაძლო აქტივი, რომელიც წარმოიქმნება ადრე მომხდარი მოვლენის შედეგად და მისი არსებობა დადასტურდება მხოლოდ ერთი ან მეტი ისეთი განუსაზღვრელი მოვლენის მომავალში მოხდენით ან არმოხდენით, რომელიც მთლიანად არ ექვემდებარება საწარმოს კონტროლს.

პირობითი ვალდებულება წარმოადგენს:

ა) შესაძლო მოვალეობას, რომელიც წამოიქმნება წარსული მოვლენების შედეგად და მისი არსებობა დადასტურდება  მხოლოდ ერთი ან მეტი განუსაზღვრელი მოვლენის მომავალში მოხდენით ან არმოხდენით, რომელიც მთლიანად არ ექვემდებარება საწარმოს კონტროლს; ან

ბ) მიმდინარე მოვალეობას, რომელიც წარმოიქმნა წარსული მოვლენების შედეგად, მაგრამ არ არის აღიარებული, რადგან:

I) მოსალოდნელი არ არის, რომ ვალდებულების დასაფარად საჭირო იქნება საწარმოს ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა; ან

II) ვალდებულების თანხის საკმარისად საიმედოდ შეფასება შეუძლებელია.

პირობითი საიჯარო ქირა საიჯარო გადასახდელების ის ნაწილია, რომლის სიდიდე, მუდმივი არ არის და უფრო ეფუძნება სხვა ცვლად ფაქტორებს, ვიდრე დროის მსვლელობას (მაგალითად, მომავალი გაყიდვების ხვედრითი წილი, მომავალი გამოყენების მოცულობა,  მომავალი ფასების ინდექსი, მომავალი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი).

რეალური ღირებულება არის ის თანხა, რომელზეც შეიძლება აქტივი გაიცვალოს ან  რომლითაც შეიძლება ვალდებულება დაიფაროს, ურთიერთდამოუკიდებელ, დაინტერესებულ და საქმის მცოდნე მხარეებს შორის.

რესტრუქტურიზაცია არის საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ შედგენილი და კონტროლირებადი პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის:

საწარმოს საქმიანობის სფეროს; ან

საქმიანობის წარმართვის ხერხებს.

რეტროსპექტულად გამოყენება არის ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის იმდაგვარი გამოყენება გატარებებში, თითქოს სხვა მოვლენებსა და პირობებში ეს პოლიტიკა ყოველთვის იყო გამოყენებული.

რეტროსპექტულად გადაანგარიშება არის ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარების, შეფასებისა  და განმარტებითი შენიშვნების იმგვარად გასწორება, თითქოს წინა პერიოდში შეცდომა არასოდეს დაშვებულა.

საანგარიშგებო ვალუტა ეწოდება ეროვნულ ვალუტას, რომელიც გამოიყენება საწარმოს ფინანსური ანგარიშგების წარდგენისათვის.

სააღრიცხვო მოგება არის საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების ან ზარალის თანხა, საგადასახადო ხარჯის გამოქვითვამდე.

სააღრიცხვო პოლიტიკა არის განსაზღვრული პრინციპების, საფუძვლების, დაშვებების, წესებისა და პრაქტიკული მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის დროს.

საბალანსო ღირებულება ის თანხაა, რომლითაც აქტივი ასახულია ბალანსში დაგროვილი ცვეთის თანხის გამოკლების შემდეგ.

საბოლოო სავალუტო კურსი არის ბალანსის შედგენის თარიღისათვის არსებული გასაცვლელი სავალუტო კურსი.

საგადასახადო (დასაბეგრი) მოგება (საგადასახადო ზარალი) არის საგადასახადო კოდექსის წესებით განსაზღვრული საანგარიშგებო პერიოდის მოგება (ზარალი), რომლის მიხედვითაც ხდება გადასახადის გადახდა (დაბრუნება).

საგადასახადო ხარჯი (საგადასახადო შემოსავალი) არის  საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების ან ზარალის განსაზღვრისას გამოყენებული მიმდინარე და გადავადებული გადასახადების მთლიანი თანხა.

საინვესტიციო საქმიანობა არის გრძელვადიანი აქტივებისა და იმ სხვა ინვესტიციათა შეძენა და რეალიზაცია, რომლებსაც არ მოიცავს ფულადი სახსრების ეკვივალენტები.

საიჯარო ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთი ის საპროცენტო განაკვეთია, რომელიც იჯარის ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღისათვის უზრუნველყოფს ა) მინიმალური საიჯარო გადასახდელებისა და ბ) არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულების დისკონტირებულ ღირებულებათა ჯამის ტოლობას (I) იჯარით გაცემული აქტივის რეალურ ღირებულებასა და (II) მეიჯარის ნებისმიერი თავდაპირველი პირდაპირი დანახარჯების ჯამთან.

საკურსო სხვაობა არის სხვაობა, რომელიც წარმოიშობა ერთი და იმავე რაოდენობის უცხოური სავალუტო ერთეულის საანგარიშგებო ვალუტით ასახვისას, განსხვავებული გასაცვლელი სავალუტო კურსების გამოყენების შედეგად.

სალიკვიდაციო ღირებულება არის წმინდა თანხა, რომელიც მოსალოდნელია დარჩეს საწარმოს აქტივის მომსახურების ვადის ამოწურვისას, გაყიდვასთან დაკავშირებული მოსალოდნელი დანახარჯების გამოკლებით.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები არის ორიგინალური და დაგეგმილი გამოკვლევები, რომლებიც განხორციელებულია ახალი სამეცნიერო ან ტექნიკური ცოდნის მისაღებად.

სამშენებლო კონტრაქტი არის კონტრაქტი, რომელიც სპეციალურად ითვალისწინებს აქტივის ან აქტივთა ისეთი ერთობლიობის შექმნას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ან ურთიერთდამოკიდებულია კონსტრუქციულად, ტექნოლოგიურად და ფუნქციურად, მათი საბოლოო გამოყენების ან დანიშნულების მიხედვით.

საოპერაციო საქმიანობა არის საწარმოს ძირითადი შემოსავლების მომტანი და სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის  საინვესტიციო ან საფინანსო საქმიანობა.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არის ისეთი აქტივები, რომლებიც:

ა) გათვალისწინებულია გასაყიდად ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში;

ბ) მონაწილეობს წარმოების პროცესში და ასევე გათვალისწინებულია გასაყიდად;

გ) წარმოდგენილია ნედლეულისა და მასალების სახით და განკუთვნილია საწარმოო მოხმარებისათვის ან მომსახურების გასაწევად.

სასარგებლო მომსახურების ვადა ფინანსური იჯარისას არის საიჯარო ვადით შემოუფარგლავი საიჯარო ვადის დაწყებიდან დარჩენილი გაანგარიშებითი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია აქტივში განივთებული ეკონომიკური სარგებლის მიღება საწარმოს მიერ.

სასარგებლო მომსახურების ვადა განისაზღვრება:

ა) პერიოდით, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია საწარმოს მიერ აქტივის გამოყენება; ან

ბ) პროდუქციის ან მსგავსი ნაწარმის რაოდენობით, რომლის მიღებაც მოსალოდნელია საწარმოს მიერ მოცემული აქტივის გამოყენების შედეგად.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა  არის საწარმოს მიერ გაყიდვის მიზნით ბიოლოგიური აქტივების ტრანსფორმაცია  სოფლის მეურნეობის პროდუქციად, ან დამატებით ბიოლოგიურ აქტივებად.

საფინანსო საქმიანობა არის ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგად რაოდენობრივად და სტრუქტურულად იცვლება საწარმოს საკუთარი  კაპიტალი და ნასესხები საშუალებები.

საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები არის გამოკვლევების შედეგების ან სხვა ცოდნის გამოყენება ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მასალების, მოწყობილობის, საქონლის, პროცესების, სისტემების ან მომსახურების წარმოების დაგეგმვასა და პროგნოზირებაში, მათი კომერციული წარმოების ან გამოყენების დაწყებამდე.

სახელმწიფო გულისხმობს მთავრობას, სახელმწიფო სააგენტოებს და ანალოგიურ ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს.

სახელმწიფო გრანტები არის სახელმწიფოს მიერ საწარმოსათვის გაწეული დახმარება რესურსების გადაცემის სახით, საწარმოს სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული, წარსულში შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი გარკვეული პირობების სანაცვლოდ. აქ არ იგულისხმება ისეთი ტიპის სახელმწიფო დახმარებები, რომელთა ღირებულების დასაბუთებული განსაზღვრა შეუძლებელია, აგრეთვე სახელმწიფოსთან დადებული ისეთი გარიგებები, რომლებიც არ განსხვავდება საწარმოს ჩვეულებრივი კომერციული გარიგებებისაგან.

სახელმწიფო დახმარება არის სახელმწიფოს ქმედება, რომელიც გულისხმობს რომელიმე კონკრეტული საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევას, სათანადო კრიტერიუმების გათვალისწინებით. მოცემული სტანდარტის მიხედვით, სახელმწიფო დახმარება არ მოიცავს საწარმოთათვის სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ფორმით გაწეულ არაპირდაპირ დახმარებას, ტარიფებისა და კვოტების შემცირების, განვითარებად რეგიონებში ინფრასტრუქტურის შექმნისა და კონკურენტების სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიების სახით.

სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები არის საწარმოს მიერ ნასესხები სახსრებისათვის საკუთარ თავზე აღებული პროცენტი და სხვა დანახარჯები.

სოფლის მეურნეობის პროდუქტი არის საწარმოს ბიოლოგიური აქტივებიდან მიღებული პროდუქტი. მაგ., რძე, ყურძენი.

უცხოური ეკონომიკური სუბიექტი ისეთი უცხოური ქვეგანაყოფია, რომლის საქმიანობა ანგარიშვალდებული საწარმოს განუყოფელი ნაწილი არ არის.

უცხოურ ვალუტას უწოდებენ ყველა ვალუტას, რომელიც არ წარმოადგენს ეროვნულ ვალუტას.

უცხოური ქვეგანაყოფი არის ანგარიშვალდებული საწარმოს შვილობილი საწარმო, მეკავშირე საწარმო, ერთობლივი საწარმო ან ფილიალი, რომლის საქმიანობა დაფუძნებულია და ხორციელდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

ფინანსური ანგარიშგება არის საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი.

ფინანსური იჯარა არის მხარეთა ურთიერთშეთანხმება, რომლის თანახმად მეიჯარე, საიჯარო გადასახდელის ან გადასახდელების სერიის მიღების მიზნით, მოიჯარეს გადასცემს აქტივთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან რისკსა და ეკონომიკურ სარგებელს. საკუთრების უფლება შეიძლება გადაეცეს ან არა.

ფიქსირებულფასიანი კონტრაქტი ისეთი ტიპის სამშენებლო კონტრაქტია, რომელშიც მენარდე თანხმდება ფიქსირებულ საკონტრაქტო ფასზე ან შესრულებული სამუშაოს ერთეულის ფიქსირებულ განაკვეთზე, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ექვემდებარებოდეს კონტრაქტის მუხლებით გათვალისწინებულ ღირებულების სკალას.

ფულადი აქტივები არის ფლობილი ფული და ფიქსირებული ან განსაზღვრადი ფულადი თანხის სახით მისაღები აქტივები.

ფულადი საბალანსო მუხლები არის საწარმოს განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები და მისაღები აქტივები და გასანაღდებელი ვალდებულებები, რომლებიც ასახულია ფიქსირებული ფულადი თანხით.

ფულადი სახსრების ეკვივალენტები არის მოკლევადიანი, მაღალლიკვიდური ინვესტიციები, რომლებიც დაუბრკოლებლად გადაიცვლება ნაღდი ფულის წინასწარ ცნობილ ოდენობაზე და მათი ღირებულების შეცვლის რისკი უმნიშვნელოა.

ფულადი ნაკადები ნიშნავს ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების შემოსვლასა და გასვლას.

ფულად სახსრებში იგულისხმება ნაღდი ფული და დეპოზიტები მოთხოვნამდე.

შემოსავლებთან დაკავშირებული გრანტები არის საწარმოს მიერ მიღებული ყველა გრანტი, გარდა აქტივებთან დაკავშირებული გრანტებისა. 

შეუქცევადი იჯარა ისეთი ტიპის იჯარაა, რომლის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ:

ა) გაუთვალისწინებელი მოვლენის შედეგად, რომელსაც პირდაპირი კავშირი არა აქვს იჯარასთან;

ბ) მეიჯარის ნებართვით;

გ) თუ მოიჯარე აპირებს იმავე აქტივის იჯარის განახლებას ან სხვა ანალოგიური, აქტივის იჯარით აღებას იმავე მეიჯარისაგან;

დ) მოიჯარის მიერ დამატებითი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება თავიდანვე ითვალისწინებდა აღნიშნული თანხის გადახდას.

ჩვეულებრივი იჯარა ისეთი ტიპის იჯარაა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ფინანსურ იჯარად.

ჩვეულებრივ საქმიანობას უწოდებენ ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც საწარმო ახორციელებს, როგორც თავისი ძირითადი საქმიანობის ნაწილს, აგრეთვე ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ძირითად საქმიანობასთან ან მისგან გამომდინარეობს.

ცვეთა არის აქტივის ცვეთადი ღირებულების სისტემატური განაწილება, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში.

ცვლილება სააღრიცხვო შეფასებაში არის შესწორება აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულებაში, ან აქტივის პერიოდული გამოყენების თანხაში, რომელიც გამომდინარეობს მისი მიმდინარე სტატუსის ან მოცემულ აქტივთან ან ვალდებულებასთან ასოცირებული მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან ვალდებულების შეფასებიდან. სააღრიცხვო შეფასებებში ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ახალი ინფორმაციით ან ახალი ვითარებით, შესაბამისად არ წარმოადგენს შეცდომების გასწორებას.

ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც:

ა) იმყოფება საწარმოს განკარგულებაში და გამოიყენება: წარმოებაში, საქონლის ან მომსახურების მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და

ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად.

წამგებიანი კონტრაქტი ისეთი კონტრაქტია, რომლის მიხედვით ვალდებულებების დასაფარად გათვალისწინებული აუცილებლად გასაწევი ხარჯი აღემატება კონტრაქტით გათვალისწინებულ მოსალოდნელ სარგებელს.

წინა პერიოდის შეცდომები არის საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში გამოტოვება ან არასწორად ასახვა, წარმოქმნილი ერთი ან რამდენიმე პერიოდის წინ იმის გამო, რომ ვერ იქნა ან არასწორად იქნა გამოყენებული საიმედო ინფორმაცია, რომელიც:

ა) ხელმისაწვდომი იყო, როცა შესაბამისი პერიოდის ფინანსური ანგარიშგება ნებადართული იყო საჯარო გამოქვეყნებისათვის; და

ბ) მართლზომიერად მოსალოდნელი იყო, რომ მოძიებული და გათვალისწინებული იქნებოდა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის დროს.

ეს შეცდომები მოიცავს მათემატიკური შეცდომების ეფექტს, სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებაში შეცდომებს, ფაქტების გადამეტებულ ან არასახვის შემთხვევებს და თაღლითობის შემთხვევებს.

წმინდა ინვესტიცია უცხოურ ეკონომიკურ სუბიექტში გულისხმობს ანგარიშვალდებული საწარმოს წილს უცხოური ეკონომიკური სუბიექტის წმინდა აქტივებში.

წმინდა (ნეტო) საჯარო ინვესტიციას არის მთლიანი (ბრუტო) საიჯარო ინვესტიცია დისკონტირებული საიჯარო ხელშეკრულებაში ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთით.

წყარო:https://matsne.gov.ge/ka/document/view/60058?publication=0#!

| ტეგები: სამართალი, ტერმინები, განმარტებები

მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: იურისპრუდენცია | ნანახია: 668 | დაამატა: Dvalishvili | რეიტინგი: 0.0/0
იტვირთება რეკლამის ბარი...
სულ კომენტარები: 0
avatar