მთავარი » 2016»დეკემბერი»15 » 7 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც
12:15
7 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც
ჯერჯერობით არ გაგვაჩნია იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზე, თანამგზავრებზე ან კოსმოსურ სივრცეებშიც არსებობს. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე დამაფიქრებელი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ოდესმე უცხოპლანეტურ სიცოცხლის ფორმებს აღმოვაჩენთ, შესაძლოა მზის სისტემაშიც კი. აქვე აღსანიშნავია, რომ სიტყვა «უცხოპლანეტელი» არ გულისხმობს აუცილებლად დიდთავიან მწვანე არსებებს, სიცოცხლის პრიმიტიული ფორმებიც კი, რომლებიც დედამიწის მიღმა გაჩნდა, უცხოპლანეტურად ითვლება.
● დედამიწის ექსტრემოფილები.
ერთ-ერთი მთავარი საკითხია, შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის განვითარება და გადარჩენა დედამიწისგან რადიკალურად განსხვავებულ პირობებში. პასუხი დიდი ალბათობით დადებითია, რადგან დედამიწაზე არსებობენ ექსტრემოფილები, ანუ ორგანიზმები, რომლებიც უძლებენ ექსტრემალურ სიცხეს, სიცივეს, მომწამლავ ნივთიერებებსა და ვაკუუმსაც კი. აღმოჩენილია მიკრობები, რომლებიც არსებობენ ჟანგბადის გარეშე წყალქვეშა ვულკანების სიახლოვეს. სიცოცხლის ფორმებს წააწყდნენ ანდების მაღალ რეგიონებში მდებარე მლაშე გუბეებში, ასევე არქტიკის ყინულოვან ტბებში. არსებობს მიკროსკოპული ორგანიზმები, სახელად ნელამავალნი (Tardigrada), რომლებიც ვაკუუმშიც კი ძლებენ. შესაბამისად, გაგვაჩნია მყარი მტკიცებულება, რომ სიცოცხლე შეიძლება აღმოცენდეს დედამიწის ყველაზე არახელსაყრელ ადგილებში, რომლებიც პირობებით სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებს ჰგავს.
● სიცოცხლის ქიმიური წინამორბედები სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებზე.
დედამიწაზე სიცოცხლე სავარაუდოდ გაჩნდა იმ ქიმიური რეაქციებით, რომლის საბოლოო შედეგიც იყო უჯრედული გარსი და პროტო-დნმ. ხოლო ამ თავდაპირველ ქიმიურ რეაქციებში შესაძლოა მონაწილეობას იღებდა კომპლექსური ორგანული ნაერთები, როგორიცაა ნუკლეინის მჟავები, ცილები, ნახშირწყლები და ლიპიდები, მოქმედების ადგილი კი ატმოსფერო და ოკეანეები იყო. არსებობს მტკიცებულება, რომ ეს «სიცოცხლის წინამორბედები» სხვაგანაც არსებობს, მაგალითად ტიტანის ატმოსფეროსა და ორიონის ნისლეულის გარემოში. მართალია, არ აღმოგვიჩენია უცხოპლანეტური სიცოცხლე, მაგრამ აღმოჩენილია ის ინგრედიენტები, რომლებიც მრავალი მეცნიერის აზრით, სიცოცხლის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებდნენ. თუკი ეს ინგრედიენტები სამყაროში ფართოდაა გავრცელებული, დიდი ალბათობით დედამიწის გარდა სხვაგანაც იქნება სიცოცხლე.
● დედამიწის მსგავსი პლანეტების მზარდი რიცხვი.
გასული ათწლეულის განმავლობაში პლანეტებზე მონადირეებმა აღმოაჩინეს ასობით ეგზოპლანეტა, რომელთა უმეტესობა იუპიტერის მსგავსი აირის პლანეტა იყო. თუმცა ახალი ტიპის ტექნოლოგიების მეშვეობით პატარა, დედამიწის მსგავს კლდოვან პლანეტებსაც მიაგნეს. ზოგიერთი მათგანი მისი ვარსკვლავის დასახლებად ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორბიტისა და დაშორების მიხედვით ამ პლანეტებზეც დედამიწის მსგავსად ზომიერი ტემპერატურაა. გამომდინარე იქიდან, რომ სამყაროს მასშტაბით უამრავი ასეთი პლანეტაა, სავარაუდოდ ზოგიერთი მათგანი ცოცხალი ორგანიზმების მასპინძელიც იქნება.
● სიცოცხლის მრავალფეროვნება და გამძლეობა დედამიწაზე.
გარდა იმისა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე უკიდურესად რთულ პირობებში გაჩნდა, მან გაუძლო ისეთ ექსტრემალურ მოვლენებსაც კი, როგორიცაა მეგავულკანები, მეტეორიტების წვიმები, გამყინვარებები, მასიური გვალვები, ოკეანის ჟანგვა და ატმოსფეროს რადიკალური ცვლილებები. გარდა ამისა, გათხრები აჩვენებს, რომ გეოლოგიური მასშტაბით ხანმოკლე დროში მიიღება საოცრად მრავალფეროვანი სიცოცხლის ფორმები. სიცოცხლე საკმაოდ შეუპოვარი რამაა, შესაბამისად, რატომ უნდა გამოვრიცხოთ მისი არსებობა სატურნის თანამგზავრებზე ან სხვა სისტემებში?
● სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებული ბურუსი.
მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სიცოცხლის წარმოშობის ამხსნელი მეცნიერული თეორიები, მაინც გამოცანად რჩება, როგორ შეიკრა ის ნივთიერებები, რომლებმაც შექმნეს მყიფე მემბრანები და საბოლოოდ ცოცხალი უჯრედი. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პერიოდში დედამიწა უკიდურესად არასტუმართმოყვარე იყო – ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანი, პლანეტის ზედაპირზე კი მდუღარე ლავა. ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის მიხედვით, უჯრედი სხვაგან გაჩნდა – შესაძლოა მარსზეც – და დედამიწაზე მეტეორიტების მეშვეობით მოხვდა. ამ თეორიას პანსპერმია ეწოდება და გვთავაზობს ვერსიას, რომ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის მიზეზი სხვა პლანეტებზე მისი არსებობა იყო.
● მინიმუმ მზის სისტემაში ოკეანეები და ტბები ერთმანეთს ჰგავს.
მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, დედამიწაზე სიცოცხლე ოკეანეში გაჩნდა, ასე რომ შესაძლოა, ანალოგიური პროცესი სხვაგანაც გამეორებულიყო. დღესდღეობით არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ოდესღაც მარსზე წყალი თავისუფლად მიედინებოდა, ხოლო სატურნის თანამგზავრ ტიტანზე მეთანის ზღვები და მდინარეებია შემჩნეული. მიიჩნევა, რომ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა ერთი დიდი ოკეანეა, რომელსაც შიდა მხარეს ათბობს ევროპას ბირთვი, ხოლო ზემოდან დაფარულია სქელი დამცავი ყინულით. ნებისმიერ ამ ადგილას შეიძლება ოდესღაც სიცოცხლე ყოფილიყო, თუმცა გამორიცხული არაა, ახლაც ბინადრობდნენ ცოცხალი ორგანიზმები.
● ევოლუციის თეორია.
ადამიანების ნაწილი ხშირად იყენებს ფერმის პარადოქსს იმის ასხსნელად, თუ რატომ ვერ ვიპოვით ვერასდროს ინტელექტუალურ სიცოცხლის ფორმებს სამყაროში. მისი ძირითადი ფორმულირება ასეთია:
* მზე ახალგაზრდა ვარსკვლავია. გალაქტიკაში მასზე გაცილებით ხნიერი მილიარდობით ვარსკვლავია.
* ზოგიერთ ამ ვარსკვლავს გარს უვლის დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელზეც შესაძლებელია სიცოცხლის აღმოცენება.
* ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს მოაზროვნე არსებები განავითარებენ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის ტექნოლოგიას, როგორც ჩვენ, ადამიანები ვცდილობთ.
* გალაქტიკის კოლონიზებას რამდენიმე ათეული მილიონი წელი სჭირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის უცხოპლანეტელების მიერ კოლონიზაცია არ მომხდარა და არც მათი ვიზიტის დადასტურებული შემთხვევებია დაფიქსირებული, ასევე არამიწიერი ინტელექტის არსებობის მტკიცებულებაც არ გაგვაჩნია, ფერმის პარადოქსი სვამს კითხვას: «სად არიან ისინი?»
მეორე მხარეს არის ევოლუციის თეორია, რომელიც გვამცნობს, რომ სიცოცხლე ვითარდება გარემო პირობებთან ადაპტირებულად. მიუხედავად იმისა, რომ დარვინი და მისი თანამედროვეები ნაკლებად ფიქრობდნენ უცხოპლანეტელებზე, როცა ევოლუციის თეორიას ხვეწდნენ, ამ მოდელის მიხედვით, თუკი სადმე სიცოცხლე გაჩნდება, დიდი ალბათობით განვითარდება კიდეც. თუკი გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის მიღმა არამარტო პლანეტებია, არამედ მზის სიტემები და ვარსკვლავთშორისი სივრცეებიც, ევოლუციის თეორიის არატრადიციული ინტერპრეტაციის მიხედვით, სიცოცხლე ადაპტირებას კოსმოსის სხვა ადგილებშიც შეძლებს.
შესაძლოა, ოდესმე ისეთ ორგანიზმებს წავაწყდეთ, რომელთა არსებობა ვერც კი წარმოგვიდგენია, ან თავად ვიქცეთ ასეთებად. რაც შეეხება ინტელექტუალურ სიცოცხლის ფორმებს, შესაძლოა, ამ გალაქტიკაში არ იყვნენ, სამაგიეროდ არსებობდნენ ასეულობით მილიარდი სხვა გალაქტიკიდან ნებისმიერში. ან „ირმის ნახტომშიც” იყვნენ, უბრალოდ ისტორიული მასშტაბით ჩვენსავით ან ჩვენზე ახალგაზრდები იყვნენ.