არაბთა სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია, რომლის ძირითადი ნაწილი, ზღვისპირა რაიონების გარდა, უდაბნოს უკავია. უძველეს დროში უდაბნოში ბედუინთა მომთაბარე ტომები ცხოვრობდნენ. სიტყვა ბედუინი არაბულად უდაბნოს კაცს ნიშნავს. ისინი მომთაბარეობდნენ თავიანთ ჯოგთან ერთად. მომთაბარე ბედუინები წარმართები იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მთვარესა და მზეს. მათი ღმერთების პანთეონში ერთ-ერთი უმაღლესი ღვთაება იყო ალაჰი, რომელიც შემდგომ ისლამში ღმერთის სახელწოდებად იქცა.
მეწამული ანუ წითელი ზღვის გაყოლებით გადიოდა ძველი სავაჭრო გზა ბიზანტიიდან აფრიკასა და ინდოეთში. ამ გზის გასწვრივ, ზღვისპირა რეგიონებში დაარსდა ქალაქები. მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო სავაჭრო და საკულტო ცენტრი მექა და უფრო ჩრდილოეთით იასრიბი, რომელსაც მოგვიანებით მედინა დაერქვა.
მექა ისტორიულად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ქალაქი წმინდა ტერიტორიად და ხელშეუხებლად ითვლებოდა, იქ არსებული ქააბას ტაძარი კი _ საერთო არაბულ სამლოცველოს წარმოადგენდა. ქააბაში იყო შავი ქვა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ზეციდან მოევლინათ. შავი ქვის თაყვანსაცემად ჩამოსულთა სიმრავლის გამო მექა დაწინაურდა. განსაკუთრებით გამდიდრდა ყურეიშთა ტომი, რომელთა ხელშიც იყო ქააბას ტაძარი. ამ ტომს მიეკუთვნებოდა ახალი რელიგიის -ისლამის დამაარსებელი მუჰამედი, რომელიც 570 წელს დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სიყმაწვილეში იყო მწყემსი და აქლემების გამცილებელი. მუჰამედი ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე მექის მახლობლად მთებში, სადაც ჰქონდა ხილვები და ესმოდა ზებუნებრივი ხმები. მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე, ხადიჯეზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ მუჰამედს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო რელიგიურ-ეთიკური პრობლემებისათვის.
მუჰამედი თავის თავს ,,ღმერთის მოციქულს“ უწოდებდა. მალე მას მრავალრიცხოვანი მიმდევარი გაუჩნდა. ახალი მოძღვრება ისლამად იწოდა. სიტყვა ისლამი ,,ღვთისადმი მინდობას“ ნიშნავს.
მექაში მუჰამედს ძლიერი მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ და 622 წელს ის იძულებული გახდა, თავის თანამოაზრეებთან ერთად, გადასახლებულიყო ქალაქში, რომელსაც შემდგომ მედინა - მოციქულის ქალაქი ეწოდა. მედინაშივე აშენდა პირველი მეჩეთი. 622 წელი ჰიჯრის _ ,,გადასახლების“ წელია და მუსულმანური კალენდრის დასაბამად ითვლება.
მედინაში მოძლიერებულმა მუჰამედმა მიმდევართა დიდი რიცხვი შემოიკრიბა და 630 წელს აიღო ქალაქი მექა. ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა, მათ შორის ყოფილი მოწინააღმდეგეები, მის მხარეს გადავიდნენ. მუჰამედმა ქააბაში დაანგრია კერპები და მექა წმინდა ქალაქად გამოაცხადა. მექაში პილიგრიმობა-მომლოცველობა (არაბულად ჰაჯი) მუსულმანთა ერთ-ერთი მოვალეობა გახდა. ამ დროისათვის ისლამი თითქმის მთელ არაბეთში იყო გავრცელებული. მოგვიანებით შეიქმნა მუსულმანთა წმინდა წიგნი - ყურანი, რომელშიც თავმოყრილია მუჰამედის მიერ წარმოთქმული ქადაგებები. ყურანი დაწერილია არაბულ ენაზე და 114 თავის ანუ სურასაგან შედგება.
ახალმა რელიგიამ დაქსაქსული არაბული ტომების გაერთიანების საშუალება შექმნა. ამ გზით მუჰამედმა საფუძველი ჩაუყარა ისლამური სახელმწიფოს და თვითონვე გახდა ახალი თეოკრატიული ქვეყნის მეთაური. სახელმწიფოებრივი მოწყობის მუჰამედისეული თეოკრატიული მოდელი სასულიერო და საერო სფეროების სრულ განუყოფლობას ემყარება.
მუჰამედი გარდაიცვალა მედინაში 632 წელს და დაკრძალულია იქვე. მისი აკლდამა მუსულმანთა მეორე წმინდა ადგილია ქააბას შემდეგ. სახელი მუჰამედი არაბულად ,,განდიდებულს“ ნიშნავს. ისლამში მუჰამედი ცნობილია როგორც ,,წინასწარმეტყველი“ და ,,მაცნე”. ყურანი მას ასევე მოიხსენებს როგორც ,,წინასწარმეტყველთა ბეჭედს“. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება გადავიდა მის მემკვიდრეებზე, რომლებიც ხალიფებად - ალაჰის მოციქულის მოადგილეებად იწოდებოდნენ. არაბთა სახელმწიფოს კი სახალიფო ეწოდა. უკვე პირველი ხალიფები, ისლამის გავრცელების საბაბით, მეზობელ ქვეყნებში დაპყრობით ლაშქრობებს იწყებენ. ხალიფების - აბუ-ბექრისა და ომარის მმართველობის დროს არაბებმა დაიპყრეს სირია, ირანი, მესოპოტამია და ეგვიპტე. არაბებმა გაანადგურეს სასანიანთა ირანის სახელმწიფო, დაიპყრეს ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები და მე-7 საუკუნის 40-იან წლებში შეიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში.
ბიზანტიამ დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა მცირე აზია. ომარმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ 639 წელს აიღო ქალაქი იერუსალიმი. მან ათი დღე დაჰყო ქალაქში და ბრძანება გასცა, სოლომონის ტაძრის ადგილზე აშენებულიყო მეჩეთი. ომარის მეჩეთი დღემდე მუსულმანთა ერთ-ერთ მთავარ სიწმინდედ ითვლება.
რიგით მესამე ხალიფას ოსმანის გარდაცვალების შემდეგ ხალიფა ხდება მუჰამედის ბიძაშვილი და სიძე _ ალი. ამ დროს იწყება შინაარეულობა და მუსულმანთა გაიყვნენ ორ ნაწილად - სუნიტებად და შიიტებად.
მუჰამედის სიკვდილის შემდეგ შეიქმნა სუნა, ყურანის დანამატი წიგნი, სადაც მუჰამედის გამონათქვამების ზეპირი გადმოცემებია გაერთიანებული. მუსულმანთა ნაწილი ამ წიგნს ყურანის სწორად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება უნდა წარიმართოს ყურანისა და სუნას მიხედვით. მათ სუნიტებს უწოდებენ. სუნიტების აზრით, მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მუსულმანური თემის პირდაპირი “კონტაქტი” ალაჰთან შეწყდა. ამიტომ პოლიტიკური და სასულიერო ძალაუფლება ეკუთვნის მუსულმანური თემის მიერ არჩეულ ადამიანს, რომელიც თავისი პირადი თვისებებითა და ცოდნით შესაფერისია ცხოვრებაში ყურანის იდეების განსახორციელებლად.
სუნიზმისაგან განსხვავებით, შიიტები ფიქრობენ, რომ პირდაპირი “კონტაქტი” ალაჰთან მუჰამედის შემდეგ არ შეწყვეტილა და ეს მისია დაეკისრათ მოციქულის შთამომავლებს _ იმამებს. შიიტური თვალსაზრისით, თემის უზენაესი ხელისუფალი უნდა იყოს მოციქულის შთამომავალი. ამიტომ ისინი პირველი ოთხი ხალიფადან აღიარებენ მხოლოდ მეოთხეს - ალის, როგორც მუჰამედის ბიძაშვილსა და კანონიერ მემკვიდრეს. ხოლო დანარჩენს უზურპატორებად თვლიან.
ხალიფა ალისა და მისი ვაჟის ალ-ჰუსაინის მკვლელობების შემდგომ, რომლებიც შიიტებს განეკუთვნებოდნენ, არაბეთში დაიწყო შინააშლილობა. სახალიფოს სათავეში მოდის სუნიტური მიმდინარეობის ომაიანების დინასტია. მათ დედაქალაქი ქალაქ დამასკოში გადაიტანეს. ომაიანები იპყრობენ ჩრდილოეთ აფრიკას, სადაც ადგილობრივ ბერბერებთან ასიმილაციის შემდეგ მათ უკვე ეწოდებათ მავრები. 711 წელს მავრებმა განვლეს გიბრალტარის სრუტე და აფრიკიდან ევროპაში გადავიდნენ (სრუტეს, რომელიც ხმელთაშუა ზღვას ატლანტიკის ოკეანესთან აერთებს, სახელი არაბი დამპყრობლის ტარიკ იბნ ზიადის სახელის გამო ეწოდა). არაბებმა თითქმის სრულად დაიპყრეს ვესტგოთების ესპანეთი, საიდანაც თავს დაესხნენ ფრანკების სამეფოს, მაგრამ 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში ფრანკებმა კარლოს მარტელის მეთაურობით, ისინი დაამარცხეს და უკუაქციეს.
არაბები განთქმულები იყვნენ თავიანთი შესანიშნავი ცხენებით და ბრძოლაში მათი მთავარი ძალაც კავალერია იყო, თუმცა ისინი ქვეთ ჯარსაც იყენებდნენ. არაბთა ქვეითი ჯარი ბრძოლის ველამდე აქლემებით გადაადგილდებოდა და ამიტომ ცხენოსან ჯარს არ ჩამორჩებოდა.
არაბებს ბრძოლის თავისებური სტილი ჰქონდათ. ისინი სწრაფად უტევდნენ მოწინააღმდეგეს და ასევე სწრაფად იხევდნენ უკან, ამიტომ მათთან ბრძოლები შედარებით დიდხანს გრძელდებოდა. არაბები ესპანეთში, ფრაკთა სამეფოში, სიცილიასა თუ იტალიის სამხრეთ ნაწილში დაუპირისპირდნენ დასავლურ, ევროპულ არმიებს. ამ დაპირისპირების შედეგად ორივე მხარემ ერთმანეთისგან ბევრი რამ ისწავლა. არაბები ითვისებდნენ ევროპელთა ძლიერი ქვეითი ჯარის ტაქტიკას, ასევე მძიმე კავალერიის გამოყენებას. ევროპელები კი არაბებისგან მსუბუქი კავალერიის წარმატებულად გამოყენების ხერხებს დაეუფლნენ.
არაბების მიერ დაპყრობილ ესპანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე საამირო აღმოცენდა, მათ შორის კორდოვას, მალაგის, გრანადის და სხვ.
ესპანელები ევროპელ რაინდებთან ერთად რეკონკისტას, განმანთავისუფლებელ ომს აწარმოებდნენ. ეს ბრძოლა ცვალებადი წარმატებებით მე-15 საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. უკანასკნელი არაბული სამფლობელო გრანადის საამირო მხოლოდ 1492 წელს განთავისუფლდა.
661-750 წლებში სახალიფოს ომაიანთა დინასტია განაგებდა, ხოლო 750-1258 წლებში სახალიფოს მართავდა აბასიანთა დინასტია. აბასიანებმა სატახტო ქალაქი დამასკოდან უფრო აღმოსავლეთით, ქალაქ ბაღდადში გადაიტანეს.
აბასიანების მმართველობაში არაბთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწია, თუმცა მე-9 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო სახალიფოს დაქვეითება. მიუხედავად იმისა, რომ არაბები ისლამს ზოგჯერ ძალით, ზოგჯერ კი მაჰმადიანთათვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის პოლიტიკით ავრცელებდნენ, მათ ვერ შეძლეს დაპყრობილი ხალხების ერთი რელიგიით გაერთიანება. ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები. ამას ემატებოდა შინააშლილობები. არაბთა ხალიფების მიერ დანიშნული მოხელეები, ამირები, სახალიფოსაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ. მოგვიანებით კი შუა აზიიდან მოსულმა თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს სახალიფოს უდიდესი ნაწილი და ბაღდადის ხალიფები მარიონეტ მმართველებად აქციეს. 1258 წელს მონღოლებმა ბაღდადი აიღეს და ხალიფების ნომინალურ ძალაუფლებასაც ბოლო მოუღეს.
ხალიფატის კულტურამ განსაკუთრებით მაღალ დონეს მიაღწია აბასიანთა მმართველობის დროს. ბაღდადი X საუკუნისათვის მსოფლიოს ერთ-ერთ ინტელექტუალურ ცენტრად იქცა. აქ სწავლობდნენ და იკვლევდნენ ანტიკურ მემკვიდრეობას, ვითარდებოდა ლიტერატურა და მეცნიერება. ამ პროცესში ჩართული იყვნენ სახალიფოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების წარმომადგენლები.
შეიქმნა არაბული ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელოები. ითარგმნა არისტოტელეს, ჰიპოკრატეს, პტოლემეს და სხვათა შრომები, იქმნებოდა პოეზიისა და პროზის ბრwყინვალე ნიმუშები.
ბაღდადის მახლობლად აშენდა ობსერვატორია. აქ მოღვაწე გამოჩენილი მათემატიკოსისა და ასტრონომის, ალ-ხორეზმის სახელიდან მოდის სიტყვა “ალგორითმი”. | ტეგები:661-750 წლებში, არაბები, რელიგია, 622 წელს, 750-1258 წლებში, 711 წელს, მუჰამედი, ბედუინები, საქართველო, 1492 წელს