დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
ანალიზი #1
ლექსის დასაწყისში პოეტი მიმართავს ღვთისმშობელ მარიამს და გრძნობს,მისი მფარველობის გარეშეა დარჩენილი.იცის,ცხოვრება ,,სილაა'',თვითონ კი -ვარდი,რომელიც სილაში ვერ გაიხარებს. ლირიკულ გმირს რწმენის კრიზისი აქვს,მის სულში ,,ღამეა'', აქვს ,,გათენების'' იმედი.ეპითეტები: ,,ღამენათევი და ნამთვრალევი''-გვიჩვენებენ მის სულიერ მდგომარეობას. გალაკტიონს სჯერა,რომ ოდესმე დაუბრუნდება ღვთისმშობლის მადლი და ,,დაღლილ ქალივით'' მივა ხატებთან,სიონის კარს მიეყრდნობა,თეთრი ოლარების აელვარებას შეაჩერდება.
მაგრამ ეს მომავალია,აწმყოში კი მკითხველი ხედავს სასოწარკვეთილ პოეტს,რომელიც თავს ,,დაჭრილ გედს'' უწოდებს. ჯერ კიდრვ ახალგაზრდა დაღლილი და წამებულია, ოდესღაც ,,ცვრებით,იებით ანთებული თვალები'' ახლა შურისძიების გრძნობით გავსებია. რწმენაშერყეული გალაკტიონი საყვედურით სავსე რიტორიკულ შეკითხვებს უსვამს მზე მარიამს. გული წყდება,რომ პოეზიამ სანაცვლოდ ბედნიერება ვერ მოუტანა. დანტე ალიგიერისგან(იტალიელი პოეტი) განსხვავებით, მისი სული ჯოჯოხეთითაა დაფარული.
პოეტმა წინასწარ იცის,რომ ამ საყვედურებისათვის,ამ ურწმუნოებისათვის დაისჯება-სიკვდილის ჟამს ის იქნება მარტო,ღვთისმშობლის კალთის გარეშე.
ლექსის მთავარი სათქმელი,ვფიქრობ,არის ის,რომ თვით მეფის გვირგვინით შემკული პოეტებიც კი განიცდიან სულიერ გაორებას და ეძებენ ხსნას. ეს ლექსი ნათელი მაგალითია იმისა,თუ როგორი უძლურია უძლიერესი პოეტიც კი ცხოვრებისეულ დაბრკოლებებთან ჭიდილში.
ანალიზი #2
გალაკტიონი მარად ეტრფის ცათა საუფლოს ფერებს: ცისფერს, ლურჯს, ლაჟვარდსა და სილაჟვარდეს... ბარათაშვილის მსგავსად, ეს მისი რჩეული ფერია.
გავიხსენოთ სტრიქონები: "სანდომიან ცის ელვა და ფერი", "ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს", "ძეგლი ცისფერი და ნამთვრალევი", "აგვისტო თბილი, სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა".ამ უკანასკნელ შემთხვევაში (ლექსიდან "ქარი მოგონებათა") გალაკტიონს არ გაურითმავს თავად "ლაჟვარდი", თუმც სხვა დროს ამას ჩვეული ოსტატობით აკეთებს.
ვახტანგ ჯავახაძე თავის ცნობილ წიგნში "უცნობი" აღნიშნავს, რომ გალაკტიონი "სიტყვას ალქიმიკოსივით შემადგენელ ნაწილებად შლიდა და რიტმისა და რითმის რეგისტრში ცდიდა."ასეთი ვარჯიშის დროს მრავალ სიტყვათა შორის გალაკტიონი, ეჭვგარეშეა, გამოყოფდა "ვარდს", როგორც "ლაჟვარდთან" და "სილაჟვარდესთან" გასარითმს, დაახლოებით ასე:
ლაჟვარდი - ვარდი
სილაჟვარდე - ვარდი
უნდა ვივარაუდოთ, რომ გალაკტიონი დაშლიდა ამ ორ სიტყვას მარცვლებად. ამ დროს ის უეჭველად გამოყოფდა თავად გასარითმად შერჩეულ სიტყვას, როგორც ამ სიტყვებში შემავალ ფუძეს და მათ ასე დაალაგებდა:
ლაჟ - ვარდი
სილაჟ-ვარდე
მივაპყროთ ყურადება "სილაჟვარდეს" და მოდით, გნებავთ ხმამაღლა, გნებავთ - ჩურჩულით, მრავალგზის წარმოვთქვათ ეს სიტყვა დაახლოებით ისე, როგორც ეს სიტყვაზე მიყურადებულ კაცს, პოეტს, სჩვევია. თანახმად ფონეტიკური პროცესებისა, მჟღერი "ჟ" ბგერა აუცილებლად დაყრუვდება და "შ" ბგერას დაემსგავსება. ანალოგიური ფონეტკური პროცესი შეინიშნება, მაგალითად, სიტყვაში "ვაჟკაცი". გაბმულ მეტყველებაში მჟღერი "ჟ" ბგერა აუცილებლად ყრუვდება და ჩვენ ჩაგვესმის "შ", ანუ "ვაშკაცი".
"ჟ" და "შ" ბგერების სიახლოვეზე ისიც მეტყველებს, რომ "ჟ" ბგერას მიიჩნევენ როგორც "შ" ბგერისაგან წარმოქმნილს.
გიორგი ახვლედიანის თანახმად, "უძველეს ქართულს არ უნდა ჰქონოდა ფონემა "ჟ". ალბათ, "შ"-ს გამჟღერებამ მისცა დასაბამი "ჟ"-ს არსებობას ქართულში - ჯერ კომბინატორული ბგერათცვლილების შედეგისა, ხოლო შემდეგ ფონემის სახით" (იხ. გიორგი ახვლედიანი, ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949, გვ. 189).ამდენად, სრულიად ნათელია ის, თუ როგორ ემსგავსება მეტყველებაში "სილაჟვარდე" "სილაშვარდეს" და როგორ შეიძლება პოეტმა ეს უკანასკნელი მოისმინოს როგორც "სილაშივარდი", რამეთუ სიტყვის ორ ნაწილს შორის წარმოქმნილი პაუზა ქმნის ხმოვნის ასოციაციას და ყოველივე თავისთავად უახლოვდება შემდეგს: "სილაში ვარდი".&ამდენად გალაკტიონს შეეძლო დაეწერა:"სილაჟვარდე ანუ სილაში ვარდი" ეს მისცემდა მას საშუალებას თეზა ასეც დაეწერა:
"სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში".
- რატომ?
- რათა უკეთ გაეიდუმალებინა მიგნებაცა და ჩანაფიქრიც.
გაეიდუმალებინა-მეთქი, კი არ დაემალა ან გაექრო.
ამიტომაც დაწერს "ანუ", რადგან ერთს მეორეს უტოლებს.
ვფიქრობთ, სწორედ ასე დაიბადა ხატი "ვარდი სილაში" და თავად ლექსი "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში", სადაც ზემოაღნიშნულ ტოლობას გალაკტიონი რითმათა პარალელებში პირველივე სტროფში მოაქცევს:
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე...
ვფიქრობთ, გამოცანას წარმოადგენს არა იმდენად "სილაში ვარდი", როგორც მხატვრული სახე, არამედ საკუთრივ ის, თუ რას ნიშნავს აქ "ვარდი" და რა იგულისხმება "სილაში".
დავიწყოთ ვარდით.
რა არის ვარდი?
უმშვენიერესი ყვავილი?
დიახ, არის!
კიდევ?
კიდევ სიმბოლო სიყვარულის, მშვენიერების, და ა.შ.
კიდევ?
კიდევ ბევრია ვარდზე სათქმელი, მაგრამ, მოდით, ამჯერად დავაზუსტოთ ის, თუ რას ნიშნავს "ვარდი" გალაკტიონისათვის, რაც, პირველ რიგში, თავად გალაკტიონთან უნდა ვეძიოთ. დავიწყოთ იმით, რომ ვარდი ყველასათვის მშვენიერი ყვავილია.- რას ნიშნავს ყვავილი გალაკტიონისათვის?გალაკტიონის გენიის ფენომენი გამობრწყინდა მაშინ, როდესაც მკითხველმა იხილა მისი ლექსების კრებული "არტისტული ყვავილები თავის ქალაში".რას გულისხმობს გალაკტიონი "არტისტულ ყვავილებში" და რატომ ათავსებს მათ "თავის ქალაში"?პირველ ყოვლისა ვიცით, რომ არტისტული ყვავილი ხელოვნების ( არტ-ხელოვნება) ნიმუშია.ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ დროისათვის ბოდლერს უკვე შექმნილი აქვს "ბოროტების ყვავილები". ისიც გვახსოვს, თუ რას იტყვის ლექსის წარმოშობაზე ანა ახმატოვა:"კოგდა ბ ვი ზნალი, იზ კაკოგო სორტა რასტუტ სტიხი, ნე ვედაია სტიდა, კაკ ჟოლრი ოდუვანჩიკ უ ზაბორა, კაკ ლოპუხი ი ლებედა". ასე რომ, ცხოვრებისეული ბოროტება და ჭუჭყი, სიბინძურე თუ ნაგავი, პოეტს არ ეკვრის, არ ეკარება, რადგან ასეთ გარემოცვაში არტისტული ნიჭის შემწეობით ის ქმნის ლექსს, რომელიც ისეთივე სრულქმნილი და ამაღლებულია, როგორც მიწიდან ამოსული ყვავილი. ამიტომ ხომ არ წვებოდა ღამით მთაწმინდაზე სანაგვე ყუთში ტერენტი გრანელი, რომ ყველასათვის ეთქვა, ჭუჭყი აქაც არ მომეკარებაო? დღისით კი ეტლში ჩაჯდებოდა და პოეტის იმიჯს ასე განამტკიცებდა.ლექსი ხომ მართლაც ყვავილივით იბადება. ლექსის მსგავსად ყვავილის მშვენიერებასა და სრულქმნილებასაც ხომ ვერ ახსნი ბოლომდე და ვერ გააცნობიერებ. ბაირონის ფენომენით გაოცებულ გოეთეს უთქვამს, ის ისე ბადებს ლექსებს, ქალები რომ ბადებენ მშვენიერ ბავშვებს დაუფიქრებლადო. ხოლო თავად ბაირონმა შედევრები მაშინ და მას შემდეგ შექმნა, როცა ყველაზე მეტი სიბილწე და ჭუჭყი ესროლეს. ბინძურ სკანდალს პოეტმა მხოლოდ ლექსებით უპასუხა, უმშვენიერესი და უფაქიზესი ლექსებით. ლექსები პოეტთა გონიდან ისე იბადებიან, ვითარცა მიწიდან ყვავილები. გალაკტიონმა მათ არტისტული ქმნილებები, არტისტული ყვავილები უწოდა და ისინი თავის ქალაში მოათავსა. ისევ სიმბოლო! ამჯერად უკვე "თავის ქალისა". ისევ შეხმიანება ფილოსოფიასთან, შექსპირთან, საკუთრივ ჰამლეტთან და აუცილებლად ბაირონთან. როგორც მოგეხსენებათ, ბაირონმა საკუთარ მამულში, ნიუსტედის სააბატოში, მრავალი საუკუნის წინ დაკრძალული ბერის თავის ქალა მიწიდან ამოიღო და ფიალად, სასმისად აქცია. ისევ სიმბოლო, თუნდაც გრაალის, თუნდაც ბახუსის.დავუბრუნდეთ ვარდს. გალაკტიონისათვის ვარდი, როგორც ყვავილი, აუცილებლად მშვენიერი ლექსის სიმბოლოა, ლექსის, რომელიც პოეტის არტისტული გონებიდან ამოიზრდება და სურნელს აფრქვევს, მშვენიერებას ასხივოსნებს. ამიტომაც, ვიმეორებთ, პოეტი მათ არტისტულ ყვავილებს უწოდებს და თავის ქალაში წარმოგვიდგენს.- როგორ გავიგოთ "ყვავილები თავის ქალაში", როგორც თავის ქალაში ჩაწყობილი, მსგავსად იქ ჩასხმული სასმელისა, თუ თავის ქალიდან, ვითარც მიწიდან, ამოზრდილი?- ერთიცა და მეორეც, რადგან პოეტური ტექსტი, მითუმეტეს გენიოსისა, ღრმა და მრავალმნიშვნელოვანია. მისი წახნაგები, ალმასის წახნაგებისა არ იყოს, უხვად აფრქვევენ შუქს, სხივსა და ელვარებას.მაგრამ ლექსი არ გახლავთ ერთადერთი მშვენიერი პროდუქტი ადამიანის გონისა. მაშ ვის, თუ არა გალაკტიონს, მოეხსენება ეს ყოველივე ჩინებულად. ამის დასტურად ისევ მისი ლექსი "ვარდები" გამოგვადგება, სადაც პოეტების გვერდით (დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი; მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი, როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის; რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი - ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.), ჩვენ სხვა სახელებსაც ვხვდებით:ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი,რაფაელს იგი ფარავდა ლხინში,სადაც ჯიოტო და ვან-დეიკიდა ლეონარდო იყო და-ვინჩი.
ლექსი "ვარდები" 1927 წლითაა დათარიღებული. ხოლო "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" ზუსტად ათი წლით ადრეა შექმნილი და მისი თავდაპირველი სათაურია "დედაო ღვთისავ!" ეს ცნობა შეტანილია გალაკტიონის თორმეტტომეულში ლექსის შესაბამის კომენტარში.ამავე კომენტარში მოყვანილია ნაწყვეტი დ. კასრაძის წიგნიდან "ლიტერატურული პორტრეტები", სადაც ავტორი აღწერს მის პირველ შეხვედრას გ. ტაბიძესთან:"გალაკტიონმა სკამი გამოსწია, მაგიდას მიუჯდა და ვარდების თაიგულში ჩამალა სახე, ერთხანს ასე დარჩა. ია (იაკობ ცინცაძე), რომელიც მეტისმეტად ფიცხი და ცოტა უტაქტოც იყო, შეიშმუშნა.გალაკტიონმა ვეფხვის სიშმაგით დაყნოსა ვარდები, დაჰკოცნა და საყელო შეიხსნა:- ამაზე ლამაზი რაა ქვეყნად! რამდენიმე წუთით განვიცდი ეფემერულ ტკბობას. ჩემო დავით, გამიგონია, ძველ ბაბილონსა და არაბეთში ყოფილა საგანგებო ყავახანები, სადაც მსურველები იღებენ ოპიუმს, კონიაკს და სხვა ნარკოტიკულ სასმელს, გაბრუებულნი ივიწყებენ ყოფას და მაჰმადის მიერ აღთქმულ სამოთხეში დაფრინავენ... აი, ეს ყვავილებია ჩემთვის ყველაფერი. ქუთაისური ვარდებია ჩემი პირველი დამათრობელი, ჩემი უმაღლესი სიამოვნება, ნეტარება და პოეზია. მაგიდაზე, საწერ-კალამთან იდო გალაკტიონის ახალი ლექსი "ვარდები". ეს ლექსი უფრო ენციკლოპედიური ტერმინებით იყო დაწერილი. წაგვიკითხა. აქ იყო მოტანილი: ჰომეროსი, ჰესიოდე, ფლორა, ეროსი, ბოტიჩელი, რაფაელი, ჯიოტი, ვან-დეიკი, ლეონარდო და ვინჩი. იამ სამართლიანად უსაყვედურა გალაკტიონს - ლექსი ამ პიროვნებათა გარეშეც შესანიშნავი იქნებოდაო.გალაკტიონი დარცხვენილი უსმენდა თავის ყოფილ მასწავლებელს. ბოლოს დაიწყეს კამათი... მე შევნიშნე, რომ გალაკტიონმა ცუდად წაიკითხა ლექსი, უეფექტოდ, პათოსის გარეშე, არასწორად". ეს საუბარი შემდგარა ქ. ქუთაისში 1927 წელს, რითაც დასტურდება, რომ ლექსი "ვარდები" დაწერილია 1927 წელს". როგორც ვხედავთ, გალაკტიონისაგან განსხვავებით, დავით კასრაძე და იაკობ ცინცაძე ვარდებში ვერ ხედავენ სხვა შინაარსს გარდა ყვავილისა. ამიტომაც უსაყვედურეს ასე თამამად გალაკტიონს და ისიც თურმე "სამართლიანად", რომ ლექსი "ენციკლოპედიური ტერმინებით იყო დაწერილი" და "ამ პიროვნებათა გარეშეც შესანიშნავი იქნებოდა".არც კასრაძეს, არც ცინცაძეს და არც სხვა რომელიმე მკითხველს, როგორი დარწმუნებულიც უნდა იყოს ის გალაკტიონის სიდიადეში, არ ევალება და არც მოეთხოვება პოეტის აზროვნების სიმაღლეზე ყოფნა და სიმბოლოებში კოდირებული შინაარსის გახსნა. მაგრამ, ამავე დროს, ეჭვგარეშეა ისიც, რომ როდესაც პოეტი სიმბოლოებში ათავსებს შინაარსს, ამით ის არაერთგზის ზრდის მის მოცულობასა და ესთეტურ ტევადობას, რაც, თავის მხრივ, ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებაში აისახება. პოეტი განიცდის სიამოვნებას ამ პროცესისგან და სურს, რომ არანაკლები ესთეტური სიამოვნება თავად მკითხველსაც მიანიჭოს. მივყვეთ გალაკტიონს. გალაკტიონი ვარდებს მრავალი მნიშვნელობით ხმარობს. აქედან დავასახელებთ სულ მცირე სამს: პირველი, ეს გახლავთ ვარდი, როგორც უმშვენიერესი ყვავილი. მეორე, ეს არის ვარდი, როგორც მშვენიერების სიმბოლო. დაბოლოს, ვარდი, როგორც არტისტული შემოქმედების მშვენიერი ნაყოფი. აი სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა დომინირებს დანარჩენ ორზე ლექსში "ვარდები", რაც, რასაკვირველია, არ გამორიცხავს პირველი ორის რეალიზაციას. მაგრამ "ვარდის" სწორედ მესამე მნიშვნელობით რეალიზაცია ქმნის სრულ შესაბამისობას მისი ისეთ სახელებთან დაკავშირებისა, როგორიცაა, მაგალითად, ჰომეროსი, ჰესიოდე, ბოტიჩელი, ვან დეიკი, ლეონარდო და ვინჩი, თუ რუსთაველი. ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სწორედ ეს მნიშვნელობაა აქცენტირებული სიტყვაში "ვარდი", როდესაც გალაკტიონი სარა ბერნარის შემოქმედებასთან დაკავშირებით ლექსში "გარდაიცვალა სარა ბერნარი" იტყვის: მაგრამ... იწყება, ასწიეს ფარდა -მის წინ კარპიის არის ცხედარი;ქალის თვალებში იშლება ვარდი,გრძნობათა ცეცხლი გაუბედარი."ქალის თვალებში იშლება ვარდი" - რა არის ეს, თუ არა არტისტული შემოქმედების ნაყოფი, ანუ ის, რასაც უნიჭიერესი მსახიობი ქალი განასახიერებდა. ბოტიჩელისა და ანაკრეონის ვარდთაგან განსხვავებით, სარა ბერნარის ვარდები არც ტილოზე რჩებოდა და არც პოეტურ სტრიქონებში გაცხადდებოდა. შემოქმედების ნაყოფი ჭეშმარიტად მისი სახიდან, მისი თვალებიდან გამოსჭვიოდა. ფრიად საყურადღებოა ის, რომ ლექსის ("ვარდი") მეათე სტროფში ჩნდება თავის ქალა, რომელიც ამჯერად მორთულია არა ზოგადად ყვავილებით, არამედ საკუთრივ ვარდებით, ე.ი. გონების უმშვენიერესი ნაყოფით. მაგრამ ნუ ავჩქარდებით და მიღწეულით ნუ დავკმაყოფილდებით, ანუ ნუ დავჯერდებით მხოლოდ იმას, რომ ვარდები გონების შემოქმედებით პროდუქტს აღნიშნავს. ჩავუკვირდეთ კიდევ უფრო ღრმად ლექსის მეათე სტროფს:და ორნამენტით აკრთობდა დემონსიმ მშვენიერი წიგნების ძალა,წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემოვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა.როგორც ვრწმუნდებით, დემონს აკრთობდა მშვენიერი წიგნების ძალა, ე. ი. ისევ მშვენიერი პროდუქტი ადამიანის გონებისა და შთაგონებისა. ოღონდ ეს ყოველივე გალაკტიონს დაუმშვენებია სიმბოლოებით, ერთი მხრივ "ორნამენტით", მეორე მხრივ, "ვარდით მორთული... თავის ქალით". ლექსის მეორე ვარიანტში ვარდის მიმართება დემონთან გაცილებით გამარტივებულად შემოდის. მეცხრამეტე სტრიქონში პოეტი პირდაპირ აცხადებს: "დემონს აშინებს ვარდების ძალა". მაგრამ აქაც მოჩანს წიგნი, და ისიც უკვდავი, ხოლო თავის ქალა აქაც ვარდებითაა მორთული: დემონს აშინებს ვარდების ძალა: ერთ უკვდავ წიგნზე მოსჩანს ფიალა და ამის გვერდით არტისტიული ვარდით მორთული სდგას თავის ქალა.ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ აშინებს დემონს ვარდების ძალა?თუ დემონში იგულისხმება მხოლოდ არტისტული შთაგონება, მაშინ ის თავად შეიძლება შეკრთეს მისივე ნაყოფის მშვენიერების, სიძლიერისა და სიწმინდის წინაშე.მაგრამ თუ დემონში ჩვენ ვიგულისხმეთ სატანური საწყისი, ნუთუ მას მართლაც აშინებს ვარდი, როგორც ხელოვნების მშვენიერი ნაწარმოები?ჩვენი რწმენით, დემონს უპირველესად აშინებს ვარდი, როგორც მარიამ ღვთისმშობლის სიმბოლო. ღვთისმშობელი გახლავთ ვარდის კიდევ ის ერთი შინაარსი, რომლითაც გალაკტიონთან დატვირთულია ეს სიტყვა. როგორც ცნობილია, საუკუნეების მანძილზე ვარდი ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოა და იგი ასოცირებულია ღვთისმშობელთან. ამიტომაც ფერწერაში ხშირად შეხვდებით მადონას, რომელიც ვარდით ხელშია გამოსახული, ან მას თავზე ვარდების გვირგვინი ახურავს. ღვთისმშობლის გზით ვარდი ქრისტიანულ სიწმინდეს უკავშირდება. ალბათ, სწორედ ამიტომაც "ვარდების" მეორე რედაქციით წარმოდგენილ ტექსტში გალაკტიონი კვლავ იხსენებს სილაში ვარდებს და მათ სიწმინდესთან და სიფაქიზესთან აკავშირებს მხოლოდ:"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი - მაინც სიწმინდე და სიფაქიზე" სიწმინდესა და სიფაქიზეს უკავშირდება "ვარდების" მეცხრე სტროფიც:ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,როცა მზიანი იყავი ისე,როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი.ვფიქრობთ, ზემოაღნიშნულის შემდეგ აღარაფერია საკვირველი იმაში, თუ რატომ უწოდა გალაკტიონმა თავდაპირველად ლექსს "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" "დედაო ღვთისავ".მაგრამ ამ სტროფთან დაკავშირებით, უკვე სხვა შეკითხვაც წამოიჭრება, კერძოდ ის, თუ რა მიმართებაშია სტრიქონი "როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი" სტრიქონთან "როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი".როგორც ვხედავთ, აქ ერთი მეორეს კი არ გამორიცხავს, არამედ, პირიქით, ავსებენ და აზუსტებენ ერთმანეთს. ფაქტია, რომ ორივე შემთხვევაში ვარდი ცის შუქისა და ცის ფერის ფონზეა აღქმული. სტრიქონს "როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი" გვერდით ახლავს სტრიქონი, "როცა მზიანი იყავი ისე". რაც შეეხება სტრიქონს, "როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი", მას აზუსტებენ სტრიქონები: "ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია / და შორეული ცის სილაჟვარდე".ორივე შემთხვევაში ვარდი ცის ფონზეა დანახული და აუცილებლად ცისფერი და ლაჟვარდოვანი ცის ფონზე: მზიანი რიჟრაჟი აუცილებლად ცისფერია. ასევე ცისფერია "შორეული ცის სილაჟვარდე". საკუთარი ცხოვრების გზას პოეტი ვარდს შეადარებს, რადგან რწმენა, ღვთისმშობლის სიწმინდე და შემოქმედება ერთად განსხეულებული ცოცხლობდა მასში: "... როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიადა შორეული ცის სილაჟვარდე". მაგრამ კითხვა მარად კითხვად დარჩება, თუ არ გავაცნობიერებთ იმას, თუ რას გულისხმობს პოეტი თავად "სილაში". პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გალაკტიონი თავის ცხოვრებას ადარებს ვარდს, რომელიც სილაში წარმოუდგენია და არა, მაგალითად, თავის ქალაში. ისევ მოულოდნელობის ეფექტი, რადგან ვარდი ჩვეულებრივ მიწაში იდგამს ფესვებს. მიწა ნაყოფიერია, სილა კი -უნაყოფო. ამასთან, სილა აქ სიმბოლოა მარადიულობისა: წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.გალაკტიონის შემოქმედების ვარდი უნყოფო სილაშია ამოსული - პოეტს თავისი მიწიერი ცხოვრება უნაყოფოდ მიაჩნია, მაგრამ იცის, რომ მისი შემოქმედება ჭეშმარიტად მარადიულია."ნაწვიმარი სილა", როგორც ლიტერატურული ფაქტი, ვფიქრობთ, უკეთ განამტკიცებს აღნიშნულ სიმბოლიკას, რის შედეგადაც იქმნება საკმაოდ შთამბეჭდავი, მაგრამ, ამავე დროს, უჩვეულო და ეფემერული ხატი "ვარდისა ნაწვიმარ სილაში". მეორე მხრივ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "სილა" შემადგენელი ნაწილია "სილაჟვარდისა", რაც ზრდის მის დამატებით კონოტაციას და სილურჯე აქ უკვე ნაწვიმარ სილასაც დაჰკრავს. მაგრამ ნაწვიმარი სილა სიმბოლო ხდება არა მარტო მარადიულობისა, არამედ ასევე წყალობისა, რაც ამავდროულად გამოხატულებაა სულის ცრემლებისა, სულის ტირილისა (""სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს"").გალაკტიონის ლექსის შინაარსი ვერასოდეს დაიყვანება ერთმნიშვნელიან გაგებამდე. მისი პოეზია ინტეგრალურია: ერთ სურათს მეორე მოჰყვება, ერთ სიმბოლოს ან ხატს მეორე ერთვის, ერთ შინაარსს მეორე ცვლის, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე და ა.შ. ასე იქმნება ინტეგრალი პოეზიისა, როგორც ამას თავად პოეტი აცხადებს: უმაღლესი გზა წინ მეშლება:ინტეგრალები.
მისი პოეზიის ინტეგრალურობიდან გამომდინარე ვარდებთან გაბაასება მხოლოდ ზემოთ წარმოდგენილი რამოდენიმე ლექსით არ შემოიფარგლება. ვარდის მოტივები გაისმის 1925 წლით დათარიღებულ ლექსში "შემოდგომის ყვავილები", 1927 წლით დათარიღებულ ლექსებში "მაისის ისრით", "შადრევნების ვედრება", 1941 წელს სოხუმში შექმნილ ლექსში""ვარდებით გამარჯვება" და ა.შ.გალაკტიონის პოეზიის ზემოაღნიშნულ მოტივებს ეხმიანება ცნობილი ლექსიც "გულო, რა გემართება?", რომელიც 1927 წლითაა დათარიღებული, ე. ი. როდესაც პოეტი 36 წლისაა:შემოდგომის ყვავილებსდიდებასთან მივიტან,ერთი შორი ოცნებამახსოვს ძველ მოტივიდან.ვარდები არ არიან,მაგრამ რა მევარდება?სულო, რა გემართება?გულო, რა მოგივიდა? სიმწიფის ასაკში მყოფი პოეტი ცხოვრების ამ ხანას შემოდგომად მიიჩნევს. შემოქმედებით დიდებას ის შემოდგომის ყვავილებით, ანუ სიმწიფის ასაკში შექმნილი ნაწარმოებებით ეგებება. თუმც აქვე იმასაც ნაღვლობს, რომ ამ ყვავილებს შორის არ არიან ვარდები, ე. ი. აღარ არიან შედევრები _ უმშვენიერესი პოეტური ნაწარმოებები, რომლებიც მან გაცილებით ადრე შექმნა. ასეთად გვესახება ლექსის მომენტური განწყობა.ლექსით "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში""პოეტი საკუთარი ცხოვრების გზას ვარდს შეადარებს. ცხოვრების გზა ისეთივე მოუხელთებელი და შორეულია, ისეთივე იდუმალი, უძირო და ირეალური, როგორც სიზმარი, როგორც შორეული ცის სილაჟვარდე. ღამენათევი და ნამთვრალევი პოეტი ცივი სამარისთვის ემზადება. სიკვდილიც, როგორც ცხოვრების დასასრული, მისთვის ისევ ვარდის დარი და ვარდის ფერია: სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა.სიკვდილი მისთვის ცხოვრების ბოლო აკორდია და პოეტს სურს, რომ ისიც ხელოვნება და შემოქმედება იყოს. ამიტომაც ხდება გალაკტიონი ავტორი საკუთარი სიკვდილისა, ამიტომაც დაასწრებს ბუნებას და კიდევ ერთ შედევრს შექმნის. გალაკტიონის გარდაცვალებიდან ორიოდე წლის შემდეგ, ინგლისელი პოეტი ქალი სილვია პლატი, ვიდრე სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა, დაწერს: "სიკვდილი ისეთივე ხელოვნებაა, როგორც დანარჩენი სხვა ყველაფერი. მე ამას გამორჩეულად კარგად გავაკეთებ." აი, ასეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი გალაკტიონთან, კაცთან, რომელიც თვად იქცა ახალი სამყაროს შემომქმედად, და ეს სამყარო ჩვენ მისი პოეზიით მოგვევლინა. თუმც, ხელოვნებაზე მაღალ შემოქმედებად აი რა მიაჩნდა:
სადღაც რეკავს დაირა და სიცილის წვეთება,საქართველო! - აი რაარის შემოქმედება!